საჯარო დაწესებულებებთან სატელეფონო კომუნიკაციის რეიტინგი
IDFI-მ პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში საჯარო დაწესებულებების სატელეფონო მონიტორინგი განახორციელა. კვლევის მიზანს მოქალაქეებსა და საჯარო დაწესებულებებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის შეფასება წარმოადგენდა. კვლევა ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი ადგენს საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირების სისწრაფესა დახარისხს, ხოლო მეორე სასურველი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. მონიტორინგმა მოიცვა პროექტის სამიზნე 25 საჯარო დაწესებულება: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, ქალაქ თბილისის მერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ყველა სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრების აპარატები.
ყველაზე რთული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება აღმოჩნდა. დევნილთა სამინისტროს ცხელ ხაზზე 12-დან მხოლოდ 4 ჯერ გვიპასუხეს, დაბალია დაკავშირების ხარისხიც 4 დან 2 შემთხვევაში სამინისტროში დასარეკად საკმაოდ დიდი დრო - 45 წამი და წუთი და 20 წამი დაგვჭირდა. მხოლოდ 5-ჯერ შევძელით იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ ორივე საჯარო დაწესებულებაში მოქმედებს ცხელი ხაზი ამ საჯარო დაწესებულებებმა დაიკავეს ბოლო ადგილები სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხის რეიტინგში. აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა მაისის თვეში გაუმჯობესდა და შედარებით გაადვილდა სატელეფონო კომუნიკაცია ორივე საჯარო დაწესებულებასთან.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა,სახელმწიფო უწყებებთან ტელეფონით დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს, აღსანიშნავია, ასევე, რომ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ყველა საჯარო დაწესებულებიდან მივიღეთ, საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლები ცდილობენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ამომწურავი პასუხი გასცენ მოქალაქეებს ან გადაამისამართონ შესაბამის დეპარტამენტში. თუმცა, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლებიც აღმოფხვრას საჭიროებს.
კვლევა მომზადდა პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ - ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი“ (IDFI), „პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრთან“ (CPSS) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) - ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. კვლევა არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.