26 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებიდან პოლიტიკური გაერთიანებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეები წარმოადგენდნენ უკრაინის, სომხეთის, მოლდოვისა და ბელარუსის ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს როგორიცაა „ბატკივშინა“ (Batkivshchyna), „ევროპული სოლიდარობა“ (European Solidarity), „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ (Party of Action and Solidarity), „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (Movement for Freedom) და „გაერთიანებული სამოქალაქო პარტია“ (United Civil Party).
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესებულები იყვნენ მიეღოთ ინფორმაცია ორგანიზაციის გამოცდილებისა და საქმიანობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისა და ეთნიკური უმცირესობების, ასევე, მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ.
შეხვედრისას, IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. IDFI-ს ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ, წარადგინა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობის ვალდებულებები. კერძოდ, ღია პარლამენტის 2015-2016, 2017 და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმების თანახმად, განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და თბილისის პარლამენტის სასახლის ადაპტაცია. ამავდროულად, დავით მაისურაძემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს 2020-2021 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული - აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობისა და ვებგვერდის ადაპტაციის - ვალდებულებები. აღსანიშნავია, რომ ორივე დასახელებული ვალდებულების კონცეფციაზე უკვე დასრულდა მუშაობა.
თეონა ტურაშვილმა, IDFI-ს ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ადგილობრივ დონეზე ინსტიტუტის პროექტები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის წახალისებას ემსახურება. კერძოდ, მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსს, რომელიც 2017 წლიდან აფასებს მუნიციპალიტეტების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას. თეონამ, პრეზენტაციის მსვლელობისას, აქცენტი გააკეთა ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების დანერგვასა და ინკლუზიური პოლიტიკის წარმოების შესახებ. ასევე, პრეზენტაცია ეხებოდა IDFI-ს პროექტებში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის კომპონენტებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შექმნის დროს, ფართო საზოგადოების პოზიციების გასათვალისწინებლად მოწყობილ საჯარო კონსულტაციებს, მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებისთვის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და მედიისთვის დაგეგმილ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და სხვა საკითხებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მზად არის მომავალშიც უმასპინძლოს დაინტერესებულ პირებს და გაუზიაროს მათ გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა პროექტის „კანონის უზენაესობის აკადემია აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში“ (Rule of Law Academy for Eastern Partnership Countries). პროექტს ახორციელებს რობერტ შუმანის ბუდაპეშტის ინსტიტუტი (Robert Schuman Institute Budapest) ევროპული სწავლების ვილფრიდ მარტენსის ცენტრთან (Wilfried Martens Center for European Studies (WMCES)), რობერტ შუმანის ლუქსემბურგის ფონდთან (Robert Schuman Foundation Luxemburg (RSF)) და კონრად ადენაუერის ფონდთან (Konrad-Adenauer-Stiftung) თანამშრომლობით.