2023 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა 25 მარტი 2024

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბოლო წლებია აქტიურად აკვირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკას. სამინისტრომ, ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ყოველთვიური პროაქტიული გამოქვეყნება 2018 წელს დაიწყო. ამავე წლიდან, სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემაც, რასაც უნდა გამოეწვია   წინა წლებში ე.წ. “შელამაზებული” სტატისტიკის წარმოების და ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნების დასრულება.  მსგავს მოლოდინებს მნიშვნელოვნად ამყარებდა სტატისტიკის აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად გამოქვეყნებული მონაცემების შინაარსიც, რომელიც რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრ მატებას და გახსნის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებას ასახავდა.   

 

2020 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მენეჯმენტის დანიშვნის შემდეგ,  საკითხის კომპლექსური შესწავლით და დაკვირვებით გამოვლენილი გარემოებები (მოკლევადიან პერიოდში დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებები და სხვა)  კვლავ    აჩენდა საფუძვლიან ეჭვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტატისტიკის სანდოობაზე.   

 

2023 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნების სიხშირეც. სტატისტიკის ყოველთვიური გამოქვეყნება შეწყდა  და ის ქვეყნდება კვარტალში ერთხელ. თუმცა, გამოქვეყნებული სტატისტიკა უფრო მეტად არის ჩაშლილი ცალკეული დანაშაულების  მიხედვით. 

 

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინოგენური სურათის განსაზღვრაზე, არა მხოლოდ რეალური რიცხვები, არამედ საზოგადოებაში გავრცელებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორიცაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობა და მიმართვიანობა, ვიქტიმოლოგიის (1) ან სხვა სოცილოგიური კვლევის შედეგები, პოლიტიკური გარემო და ა.შ. მაგალითისთვის, IDFI-ის მიერ გასულ წლებში მომზადებული ანგარიშებიდანაც ნათლად იკვეთებოდა, რომ დანაშაულის ზრდა/შემცირება ხშირად უკავშირდებოდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს. 2020 წელს, IDFI-მ რეგისტრირებულ დანაშაულზე პანდემიის გავლენაც შეაფასა. წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია 2023 წლის სტატისტიკური მონაცემები და ცალკეული დანაშაულების მიხედვით ბოლო წლების ტენდენციები. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იქნა 54.177 დანაშაული, რაც 0.47%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

- 2023 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 64.87%, რაც ბოლო 18 წლის მანძილზე უპრეცედენტოდ მაღალ შედეგს წარმოადგენს.

 

- 2023 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირდა 6.67%-ით, რაც  უმეტესწილად განპირობებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის (-54 შემთხვევა), სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (-30 შემთხვევა) და მკვლელობის მცდელობის (-16 შემთხვევა) შემთხვევების შემცირებით.

 

- 2023 წელს განზრახ მკვლელობის 5-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა 3 შემთხვევით გაიზარდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების რიცხვი;

 

- საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები  შემცირდა 3.96%-ით (-792 შემთხვევა) რაც  უმეტესწილად განაპირობა ქურდობის შემთხვევების შემცირებამ (-944 შემთხვევა).  თუმცა, წინა წელთან შედარებით 10.38%-ით გაიზარდა ყაჩაღობის  (+11 შემთვევა), 10.54%-ით  თაღლითობის (+175 შემთხვევა), 2.24%-ით ძარცვის  (+7 შემთხვევა) მაჩვენებლები ;

 

- 2023 წელს მნიშნელოვნად იკლებს გამოვლენილი სამოხელეო დანაშაულების რიცხვი. მაგალითად,  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება  49.41%-ით, უფლებამოსილების გადამეტება 22,08%-ით, ქრთამის აღება 18,75%-ით, ქრთამის მიცემა 46,15%-ით, სამსახურეობრივი სიყალბე 56,9%-ით, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის შემთხვევები 37.39%-ით შემცირდა.

 

- 2022-2023 წლებში გამოვლინდა  საჯარო მოხელის  სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მხოლოდ ორი შემთხვევა, ხოლო მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის  მიღების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

 

- 2023 წელს, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ასევე შემდეგი სახის დანაშაულებებში: ქორწინების იძულება (+226.7%), პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა (+50.38%), გაუპატიურება (+15.91%), ნარკოტიკული დანაშაული (+20.53%), სატრანსპორტო დანაშაული (+8.48%),  უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (+52.27%), საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა (+48.99%).

 

 

- 2019 წლიდან საეჭვოდ უმჯობესდება ისეთი დანაშაულის სტატისტიკა, რომელთა აღრიცხვიანობის არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა წინა წლებში. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით 26%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 36%-ით გაიზარდა.



რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს, უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 54.177 დანაშაული, რაც 0.47%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, აღსანიშნავია რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 64.87%, რაც 2.77%-ით მაღალია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მეტიც, ეს უკანასკნელი ბოლო თვრამეტი წლის მანძილზე ყველაზე  მაღალ შედეგს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ხელმისაწდვომია 2006-2023 წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები. 

 

გრაფიკი N1

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო



რეგისტრირებულ დანაშაულთა 2023 წლის სტატისტიკაში აღსანიშნავია დანაშაულთა ზოგიერთ მსხვილ კატეგორიაში დაფიქსირებული კლება. მაგალითად,  სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები შემცირდა 6.67%-ით (-98 შემთხვევა), ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 5.36%-ით (-458 შემთხვევა), საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 3.96%-ით (-792 შემთხვევა),  საფინანსო სფეროში ჩადენილი დანაშაულები 27.97%-ით (-447 შემთხვევა), ხოლო  სამოხელეო დანაშაულები შემცირდა 30.68%-ით (-177 შემთხვევა).  

 

სიცოცხლის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულების კლება უმეტესწილად განპირობებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის (-54 შემთხვევა), სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (-30 შემთხვევა) და მკვლელობის მცდელობის (-16 შემთხვევა) შემთხვევების შემცირებით. 2023 წელს განზრახ მკვლელობის 5-ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა 3 შემთხვევით გაიზარდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების რიცხვი.     

 

ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემცირება უმეტესწილად განპირობებულია ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაულების კლებით (-360 შემთხვევა).  დაახლოებით იგივე ნიშნულზეა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი. კერძოდ, 2023 წელს დარეგისტრირდა ოჯახში ძალადობის  4101 შემთხვევა, რაც 5 შემთხვევით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 

 

საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლება უმეტესწილად განაპირობა ქურდობის შემთხვევების შემცირებამ (-944 შემთხვევა).  თუმცა, წინა წელთან შედარებით 10.38%-ით გაიზარდა ყაჩაღობის შემთხვევები (+11 შემთვევა), 10.54%-ით გაიზარდა თაღლითობის (+175 შემთხვევა), ხოლო 2.24%-ით ძარცვის მაჩვნებელი (+7 შემთხვევა).    ფინანსურ დანაშაულებში ყველაზე მეტად შემცირდა გადასახადისთვის თავის არიდების შემთხვევები (-521 შემთხვევა).

 

2023 წელს წინა წელთან შედარებით, გამოვლენილი სამოხელეო დანაშაულების რიცხვი  მნიშვნელოვნად იკლებს. მაგალითად,  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შემცირდა 49.41%-ით, უფლებამოსილების გადამეტება 22,08%-ით, ქრთამის აღება 18,75%-ით, ქრთამის მიცემა 46,15%-ით, სამსახურეობრივი სიყალბე 56,9%-ით, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის შემთხვევები 37.39%-ით.  სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულის მიმართებით გამოვლენილი დანაშაულების რიცხვის მკვეთრი შემცირება ან/და გამოვლენილი შემთხვევების სიმწირე აჩენს კითხვებს კორუფციულ დანაშაულებთან  ბრძოლის  ეფექტიანობაზე. მაგალითად, 2022-2023 წლებში გამოვლინდა  საჯარო მოხელის  სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მხოლოდ ორი შემთხვევა, ხოლო მოხელის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის  მიღების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნული სტატისტიკა მიღებულია იმ ფონზე, როდესაც IDFI-ს მიერ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად  იდენტიფიცირებულია თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების ან/და სამეწარმეო საქმიანობის კანონთან შესაბამისობის არაერთი საეჭვო შემთხვევა.  

 

მიუხედავად რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის (მათ შორის მძიმე დანაშაულთა) შემცირებისა, მთელი რიგი დანაშაულების მიმართებით შეინიშნება მნიშვნელოვანი ზრდა.  მაგალითად, გაუპატიურების შემთხვევები გაიზარდა 15.91%-ით (+28 შემთხვევა), თაღლითობა 10.54%-ით (+175 შემთხვევა), ნარკოტიკული დანაშაული 20.53%-ით (+1,123 შემთხვევა), სატრანსპორტო დანაშაული 8.48%-ით (+205 შემთხვევა), კიბერდანაშაული 7.3%-ით (+68 შემთხვევა), ყალბი დოკუმენტების დამზადება 15.76%-ით (+284 შემთხვევა), საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა 48.99%-ით (+73 შემთხვევა), უკანონო სამეწარმეო საქმიანობა გაიზარდა 52.27%-ით (+46 შემთხვევა) . 

 

ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები გაიზარდა 10.55%-ით (+483 შემთხვევა). მათ შორის, ქორწინების იძულების შემთხვევები 226.7%-ით (+34 შემთხვევა), პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა 50.38%-ით (+66 შემთხვევა) , ხოლო მუქარის შემთხვევები 8.71%-ით (+322 შემთხვევა).   

 

 

გრაფიკი N2

 

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, 2023 წელს  დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კვლავ განაგრძო ზრდა და უპრეცენდენტოდ მაღალ შედეგს (64.87%) მიაღწია.  რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის და გახსნის მაჩვენებლების შესამჩნევი დადებითი ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილებას ემთხვევა, რაც დეტალურად მიმოხილულია IDFI-ს მიერ 2022 წელს გამოქვეყნებულ ანალიზში. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა მანიპულაციური აღრიცხვის პრაქტიკაც არსებობდა სამინისტროში 2018 წლამდე. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, 25.7%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 36%-ით გაიზარდა. ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 28%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 31%-ით გაიზარდა. 

 

 

წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღრიცხული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასა, თუ მის შინაარსზე.         

 

დანაშაულის დეტალურად აღრიცხვა პირველ რიგში დანაშაულთა ტენდენციებზე გვაწვდის ინფორმაციას, ამავდროულად თვალნათელს ხდის იმ საყურადღებო სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური ინფორმაცია შესაძლოა მანიპულაციის საგანიც გახდეს, ზრდის ან კლების მშრალმა რიცხვებმა კი არასწორი მიმართულება მისცეს საზოგადოებრივ დისკუსიებს. 

 

----------------

 

              

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

 


_________


(1) შერჩევითი ერთობლიობის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენული მდგომარეობის უფრო სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას იძლევა


სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024