2022 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 12 აპრილი 2023

სამართალდამცავი სისტემის ღიაობა დანაშაულთან ბრძოლასა და სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ყოველთვიური პროაქტიული გამოქვეყნება 2018 წელს დაიწყო. ამავე წლიდან, სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემაც. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზზე ბოლო წლებია აქტიურად მუშაობს.

 

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინოგენური სურათის განსაზღვრაზე, არა მხოლოდ რეალური რიცხვები, არამედ საზოგადოებაში გავრცელებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები ახდენენ გავლენას, როგორიცაა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობა და მიმართვიანობა, ვიქტიმოლოგიის[1] ან სხვა სოცილოგიური კვლევის შედეგები, პოლიტიკური გარემო და ა.შ. მაგალითისთვის, IDFI-ის მიერ გასულ წლებში მომზადებული ანგარიშებიდანაც ნათლად იკვეთებოდა, რომ დანაშაულის ზრდა/შემცირება ხშირად უკავშირდებოდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს. 2020 წელს, IDFI-მ რეგისტრირებულ დანაშაულზე პანდემიის გავლენაც შეაფასა. წინამდებარე დოკუმენტში გაანალიზებულია 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები და ცალკეული დანაშაულების მიხედვით ბოლო წლების ტენდენციები. გასული წლის მსგავსად, მინიმალურად, თუმცა მაინც მიმოხილულია რეგისტრირებულ დანაშაულებზე პანდემიის გავლენა.

 

2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას, ხოლო 2019 წლიდან, უწყების განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემა/მეთოდოლოგია, რაც აღნიშნული პერიოდიდან რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა იმდროინდელი მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ 2019 წლამდე, შსს-ს სტატისტიკას მისი წინამორბედები „ალამაზებდნენ”, რაც არ იძლეოდა დანაშაულის საერთო სურათის აღქმის შესაძლებლობას. 2020 წლიდან, რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკაში სახეზეა მნიშვნელოვანი კლება, რაც შესაძლოა ახალ მენეჯმენტსა და კვლავ შეცვლილ მეთოდოლოგიას უკავშირდებოდეს.

 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის სტატისტიკის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამიერიდან, ნაცვლად ყოველი თვისა, სტატისტიკა კვარტალში ერთხელ, უფრო ჩაშლილი/დეტალური სახით გამოქვეყნდება, დაინტერესებულ პირს კი მიეცემა შესაძლებლობა, რეგისტრირებული დანაშაული შესაბამისი მუხლის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შეადაროს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2022 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ იქნა 54,435 დანაშაული, რაც 3.39%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

- 2022 წელს რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 62.1%, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე უპრეცედენტოდ მაღალ შედეგს წარმოადგენს.

 

- 2022 წელს, დანაშაულთა საერთო რაოდენობის კლება  უმეტესწილად დაკავშირებულია ქვეყანაში კარანტინის წესების გაუქმებასთან.  მაგალითად, 2021 წელს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის 1,637 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 4.

 

- 2022 წელს გარკვეულწილად შემცირებულია ისეთი მძიმე დანაშაულები როგორიცაა: განზრახ მკვლელობა (-8.7%), მკვლელობის მცდელობა (-15.91%), ყაჩაღობა (-31.17%), ქურდობა (-5.9%).

 

- 2022 წელს, მიუხედავად რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის შემცირებისა, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება შემდეგი სახის დანაშაულებებში: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (+26,3%), ძარცვა (+22,4%), ნარკოტიკული დანაშაული (+41.26%), დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (+9.06%), ფულადსაკრედიტო სისტემაში მომხდარი დანაშაული (+33.97%), დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში (+83.68%).

 

- 2022 წელს, ნარკოტიკულ დანაშაულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ განაპირობა კონტროლის გამკაცრებამ, რაც შესუსტებული იყო საარჩევნო 2020 (საპარლამენტო არჩევნები) და 2021 (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) წლებში.

 

- 2020 წლიდან, შსს-ს ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ, საეჭვოდ უმჯობესდება ისეთი დანაშაულის სტატისტიკა, რომელთა აღრიცხვიანობის არაერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობდა წინა წლებში. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 21%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა.

 

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს, უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 54,435 დანაშაული, რაც 3.39%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, აღსანიშნავია რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 62.1%, რაც 12%-ით მაღალია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მეტიც, ეს უკანასკნელი ბოლო ჩვიდმეტი წლის მანძილზე ყველაზე  მაღალ შედეგს წარმოადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ხელმისაწდვომია 2006-2022 წლებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები.

 

 

გრაფიკი N1

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დანაშაულის სახეების მიხედვით მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ  2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დანაშაულთა საერთო რაოდენობის კლება  უმეტესწილად დაკავშირებულია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან და  კარანტინის წესების გაუქმებასთან.  მაგალითად, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევის 1,637 შემთხვევა დაარეგისტრირა, რაც 2022 წელს 4-მდე (-99.76%) შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ კი მხედველობაში არ მივიღებთ კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებულ დანაშაულთა კლებას, აღრიცხულ დანაშაულთა საერთო რაოდენობა გასული წლის ნიშნულს თითქმის გაუტოლდება.

 

 

რეგისტრირებულ დანაშაულთა 2022 წლის სტატისტიკაში აღსანიშნავია დანაშაულთა ზოგიერთ მსხვილ კატეგორიაში დაფიქსირებული კლება. მაგალითად, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა მნიშვნელოვნად შემცირება (საერთო ჯამში 30%-მდე შემცირდა). უფრო კონკრეტულად, შემცირებულია განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა. კლება შეინიშნება ქურდობისა (-5,9%) და ყაჩაღობის (-31,17%) მიმართულებით. გარდა ამისა, IDFI-მ გასულ წელსაც შეაფასა კომენდანტის საათის მოქმედების პირობებში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. 2021 წლის ივნისიდან - კომენდანტის საათის მოხსნიდან - 2022 წლის ბოლომდე, აღნიშნული მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.

 

 

 

გრაფიკი N2

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მიუხედავად რეგისტრირებულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის (მათ შორის მძიმე დანაშაულთა) შემცირებისა, 26%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება. გარდა ამისა, საყურადღებოა გრაფიკზე წარმოდგენილი ზრდის მაჩვენებლები ძარცვის (+22,4%), მუქარისა (+11,1%) და გაუპატიურების (+3,5%) კატეგორიათა მიმართულებით. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნარკოტიკულ დანაშაულთა საერთო რეგისტრირებული რაოდენობა (+41.26%). მოცემულ კატეგორიაში აღსანიშნავია ნარკოტიკულ საშუალებათა დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვისა და გასაღების მაჩვენებელი, რაც 43.69%-ით ზრდას გულისხმობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის სტატისტიკის თანახმად, ამავე კატეგორიაში გახსნილ დანაშაულთა მაჩვენებელიც მაღალ ნიშნულზეა და 95%-ს შეადგენს.  2022 წელს, ნარკოტიკული დანაშაულის მაჩვნებლის ზრდა, სავარაუდოდ, არასაარჩევნო წელს კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. წინა წლების სტატისტიკა აჩვენებდა, რომ საარჩევნო წლებში მსგავსი დანაშაულის რიცხვი იკლებდა. აღნიშნული კლება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო წინასაარჩევნო პერიოდში.   მაგალითად, ნარკოტიკული დანაშაული 2020 წლის ოქტომბერში (საპარლამენტო არჩევნები გაიმართა 31 ოქტომბერს)  80%-ით, ხოლო 2021 წლის სექტემბრის თვეში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა 2 ოქტომბერს) 70%-ით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით.

 

 

გრაფიკი N3

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

გარდა ზემოჩამოთვლილისა, ზრდის ტენდენცია ფიქსირდება შემდეგი სახის დანაშაულებებში: დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (+9.06%), ფულადსაკრედიტო სისტემაში მომხდარი დანაშაული (+33.97%), ასევე დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში (+83.68%).

 

 

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

2022 წელს, დანაშაულთა მნიშვნელოვან ნაწილში გახსნის მაჩვენებელთა ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, ქურდობის დანაშაულს, რომელსაც რეგისტრირებულ საერთო დანაშაულთა რიცხვში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს, გახსნის მაჩვენებელმა 2022 წელს 53,44% შეადგინა, მაშინ როდესაც 2018-2020 წლებში ანალოგიური მაჩვენებელი 23%-ს არ სცდებოდა. თითქმის 10%-ით გაიზარდა თაღლითობის, ხოლო 12%-ს გადააჭარბა ხულიგნობის მუხლით ჩადენილ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელმა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 11%-ით გაიზარდა ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებულ დანაშაულთა გახსნის რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს ყაჩაღობის გახსნის მაჩვენებელიც, რომელიც 2017-2022 წლებში 64%-დან 81%-მდე გაიზარდა.

 

 

 

გრაფიკი N5

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

შსს-ს მენეჯმენტის ცვლილების გავლენა დანაშაულის სტატისტიკაზე

 

წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღრიცხული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ სამინისტროს მენეჯმენტის ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასა, თუ მის შინაარსზე.         

 

2017 წლის მიწურულს, ახალმა დანიშნულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკა სამინისტროს ჩავარდნათ შეაფასა და დადო პირობა მისი ღიაობის და სანდოობის უზრუნველყოფაზე. 2018 წლიდან სამინისტროს განმარტებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დანაშაულის აღრიცხვიანობის სისტემაც, რაც დასახელდა აღნიშნული პერიოდიდან რეგისტრირებული დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.მაგალითად, შსს-ის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ხაზს უსვამდა, რომ 2018 წლიდან  რიცხვების ცვლილება აღრიცხვიანობის გაუმჯობესებამაც განაპირობა, გამომდინარე იქედან, რომ რეგისტრირდებოდა ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთებოდა, ან პოლიციას გააჩნდა დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც.[2]  ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავდა, რომ სტატისტიკური ზრდის 75% მოდიოდა ისეთ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. მაგალითად საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სხვა.

 

ამასთან,2018 წლის სტატისტიკაში, დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა უწყების იმდროინდელმა წარმომადგენლებმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, პოლიციისადმი გაზრდილ ნდობასა და შესაბამისად, გაზრდილ მიმართვიანობასაც დაუკავშირეს.


რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობის და გახსნის მაჩვენებლების შესამჩნევი დადებითი ცვლილებები  შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ვახტანგ გომელაურის დანიშვნას ემთხვევა. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მკვეთრი გაუმჯობესება ფიქსირდება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთა მანიპულაციური აღრიცხვის პრაქტიკაც არსებობდა სამინისტროში 2018 წლამდე. მაგალითად, რეგისტრირებული ქურდობის მაჩვენებელი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, 21%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა. ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები 24%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა.

 

არაერთგვაროვანი აღრიცხვის შესაძლებლობას იძლევა ასევე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიებების შესახებ მონაცემები, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით გამოძიების დაკვალიფიცირებასთან.   სსკ 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიება ფარავს როგორც სუიციდის ფაქტების, ისე ადამიანის ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალების, უბედური შემთხვევის დადგენის და ა.შ. შემთხვევებს.  2022 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიებების მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 42%-ით შემცირდა, ხოლო მისი გახსნის მაჩვენებელი 0.44%-დან 1.96%-მდე გაიზარდა.

 

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ უწყების ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, 2022 წლის სტატისტიკაში შსს-ის გახსნის მაჩვენებლების გაუმჯობესებულ შედეგებსაც საჯაროდ გამოეხმაურა და გამოთქვა ვარაუდი, რომ საქმე ე.წ. ძველი პრაქტიკის დაბრუნებასთან გვაქვს და სამინისტრო “დანაშაულის დამალვისა და სტატისტიკის გაყალბების პრაქტიკას” აბრუნებს: „როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული 3.39%-ით შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ 62%-ს შეადგენს და კვარტალური გამოქვეყნების პრაქტიკაზე გადადიან, ეს ნიშნავს, რომ დანაშაული იმალება, სტატისტიკა ყალბდება ან ხდება სტატისტიკით მანიპულირება და ამას გვიმალავენ” - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სტატისტიკის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამიერიდან, ნაცვლად ყოველი თვისა, სტატისტიკა კვარტალში ერთხელ, უფრო ჩაშლილი/დეტალური სახით გამოქვეყნდება, დაინტერესებულ პირს კი მიეცემა შესაძლებლობა, რეგისტრირებული დანაშაული შესაბამისი მუხლის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შეადაროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერაქტიული სტატისტიკის და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის მომზადება დაანონსა. უწყების განცხადებით, შემუშავდა ვებ-პორტალიც (static.pol.ge), რომელიც არსებული ინფორმაციის ფარგლებში, რეალურ დროში, ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნაბას ისახავდა მიზნად, თუმცა, ვებ-პორტალი ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი.

 

დასკვნა

 

დანაშაულის დეტალურად აღრიცხვა პირველ რიგში დანაშაულთა ტენდენციებზე გვაწვდის ინფორმაციას, ამავდროულად თვალნათელს ხდის იმ საყურადღებო სტრუქტურულ ფაქტორებს, რომლებიც საბოლოო ჯამში მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, სტატისტიკური ინფორმაცია შესაძლოა მანიპულაციის საგანიც გახდეს, ზრდის ან კლების მშრალმა რიცხვებმა კი არასწორი მიმართულება მისცეს საზოგადოებრივ დისკუსიებს.

 

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, აღრიცხულ დანაშაულთა საერთო რაოდენობის კლება უმეტესწილად განპირობებულია, ერთი მხრივ,  კარანტინის წესების მოხსნით, ხოლო მეორე მხრივ, იმ დანაშაულების კლებით რომელთა აღრიცხვიანობის სიზუსტესთან   დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები არსებობდა  წინა წლებში.   ასევე, საკითხის კომპლექსური შესწავლით და დაკვირვებით გამოვლენილი გარემოებები (მოკლევადიან პერიოდში დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებები და სხვა)     აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს  სტატისტიკის სანდოობაზე.   აღნიშნული, ასევე შესაძლებელია უკავშირდებოდეს გარკვეულ მეთოდოლოგიურ ცვლილებებს, რომლის შესახებ საჯარო განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არ გაკეთებულა.

 

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგიური ცვლილებები თუ სტატისტიკის არასრულყოფილი აღრიცხვის პროცესი, წარმოშობს რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასების მანიპულაციურ შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს  სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს.

 

___________

 

[1] შერჩევითი ერთობლიობის გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, რომელიც ქვეყნის კრიმინოგენული მდგომარეობის უფრო სიღრმისეულად შესწავლის საშუალებას იძლევა

[2]ნათია მეზვრიშვილი: დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზით მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი უცვლელია ან შემცირებულია. ხელმისაწვდომია: https://ghn.ge/news/220393

 

 

 

ანალიზი  მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, Luminate-ის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024