მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანალიზი 9 თებერვალი 2017

 

ავტორი: გოგა თუშურაშვილი

 

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 86,283 დევნილი ოჯახი (259,247 პირი).   

 

საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და დევნილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანა დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. საქართველოს ხელისუფლებისაგან განსაკუთრებულ ძალისხმევას დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვს. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე მუდმივად არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი.  

 

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარებას ელის დაახლოებით 37,000 ოჯახი, რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი.

  

IDFI-იმ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართაინფორმაციის მოთხოვნით, თუ როგორი იყო წლების განმავლობაში დევნილთა ოჯახებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში გაწეული დახმარებები. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაცია ასახავს 2008-2016 წლების მონაცემებს.

 

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამები

 

სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია 35,475 დევნილი ოჯახი, რომელთაგან საცხოვრებელი ფართი უკვე საკუთრებაში აქვთ გადაცემული 24,475 ოჯახს, ხოლო საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხით  უზრუნველყოფილია 5,387 ოჯახი.  

 

საცხოვრებელი  ფართის სანაცვლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების მიმღები 5,387 ოჯახიდან, სახელმწიფომ 2009-2010 წლებში 32,431,768 ლარის კომპენსაცია გასცა 1,932  ოჯახზე, ხოლო დანარჩენმა ოჯახებმა ფულადი დახმარება მიიღეს სხვადასხვა ინვესტორების მეშვეობით.

 

დღეის მდგომარეობით, სამინისტროში ხორციელდება  დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგი პროგრამები:

 

 

რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლება

 

ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული მონაცემების მიხედვით, 2013 წლამდე რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ შენობებში დევნილთა განსახლების პროგრამას სრულად ახორციელებდა სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდი“, ხოლო 2013 წლიდან პროგრამა ფინანსდება, როგორც ფონდის, ისე სამინისტროს სახსრებით.

 

სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 – 2016 წლებში დევნილთა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მშენებლობა-რეაბილიტაციაზე სულ დახარჯულია 365,925,594 ლარი, საიდანაც 244,611,984 ლარის ხარჯი გაწია მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ხოლო 121,313,609.6 ლარი - სამინისტრომ. 

 

 

სამინისტროდან ინფორმაციის მიღების შემდეგ,  IDFI-მ მუნიციპალური განვითარების ფონდს მიმართა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მათ მიერ მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხების და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. 

 

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისგან. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, 2008-2016 წლებში უწყების მიერ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში სულ დახარჯულია 472,732,420 ლარი, ნაცვლად 244,611,984 ლარისა, რაც სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული. 

 

 

2008 წლის შემდეგ სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, საცხოვრებელი ფართი მიიღო 18,654 დევნილმა ოჯახმა.

 

 

ინდივიდუალური სახლების/ბინების შეძენა და დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვა

  

2013 წლიდან დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის გარდა,  სამინისტრომ დაიწყო  სოფლად ინდივიდუალური სახლების შეძენის და კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვის პროგრამების განხორციელება.

 

2013-2016 წლებში სოფლად ინდივიდუალური სახლების შეძენის პროგრამის ფარგლებში სულ გაწეულია 26,904,309 ლარის ხარჯი, რომლის ფარგლებშიც შესყიდულ იქნა 1,370 საცხოვრებელი სახლი. კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა ჩასახლების ობიექტების გამოსყიდვის თვალსაზრისით დახარჯულია 18,470,109 ლარი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდა 1,108 დევნილი ოჯახი.

 

გარდა ამისა, სამინისტროს განმარტებით, 92 ოჯახს დაეფარა 1,738,396 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი.  

 

 

 

შეჯამება

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2008-2016 წლებში  სულ დაიხარჯა დაახლოებით 670 მილიონი ლარი, საიდანაც უდიდესი ნაწილი - 470 მლნ. ლარი საერთაშორისო დაფინანსება იყო.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2013 წლიდან სამინისტრომ დამატებით, სახელმწიფო სახსრებით დაიწყო სხვადასხვა პროგრამების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს დევნილთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას. თუმცა, დევნილთა ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ტენდენციები ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევის აუცილებლობას.

 

2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია მხოლოდ 35,475 დევნილი ოჯახი. სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით იმავე რაოდენობის ოჯახს, რომელსაც დღემდე არ მიუღია სახელმწიფოსგან მსგავსი დახმარება, შევსებული აქვს განაცხადი შესაბამისი დახმარების მიღების მოთხოვნით. კერძოდ, საცხოვრებელი ფართის მიღებაზე სამინისტროში წარდგენილია 28,901 განაცხადი, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე - 7,999 განაცხადი, ხოლო იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე - 531 განაცხადი.  

 

სამინისტროს მიახლოებითი გათვლებით დევნილი ოჯახების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც არ მიუღიათ სახელმწიფოსგან შესაბამისი დახმარება, საჭიროა 1,5 მილიარდი ლარი. თუმცა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის შენარჩუნების შემთხვევაში, სახელმწიფოს დასჭირდება დაახლოებით 20 წელი ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებისთვის.

 

ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო  სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად  განესაზღვრათ  დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა  და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად,   სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი.

 

IDFI მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებების მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების ეკონომიის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების მოძიება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით გაცემულია გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე მიახლოებითი გათვლებით (1,5 მილიარდი ლარი) საჭიროა სახელმწიფოსგან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინის მქონე ოჯახების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის შესრულების შესახებ მოხსენებების მიხედვით, 2011 წლიდან 2016 წლის პირველი 8 თვის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ საშტატო თანამშრომლებზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემულია 1,735,331,710 ლარი. სამწუხაროდ, 2011 წლამდე მსგავსი მონაცემები ინსტიტუტისათვის უცნობია, თუმცა არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, 2008 წლიდან მხოლოდ პრემია/დანამატებზე 50%-იანი  ეკონომიის და დაზოგილი თანხების დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის მიმართვის პირობებში, დღეის მდგომარეობით ყველა დევნილი ოჯახი საქართველოში უკვე უზრუნველყოფილი იქნებოდა მუდმივი საცხოვრებლით. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023