რეკომენდაციები 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის გამოხატვის თავისუფლების თავზე

სიახლეები | პუბლიკაციები 15 მარტი 2016

 

ზოგადი შენიშვნები

სამოქმედო გეგმის აღნიშნული თავით გათვალისწინებული მიზანია საქართველოში მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. IDFI თვლის, რომ სამოქმედო გეგმის მიზნის ამგვარი ფორმულირება საკმარისად არ ასახავს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების კუთხით სიტუაციის გაუმჯობესებისთვის გადასადგმელ საკმარის ნაბიჯებს. უპირველეს ყოვლისა, სასურველია მიზანი „გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით - “გამოხატვის თავისუფლების კუთხით ვითარების გაუმჯობესება”. მიზნის აღნიშნული ფორმულირება უზრუნველყოფს მის შიგნით შემავალი კომპონენტების პროაქტიულობას.


ამასთანავე, აღნიშნულ თავში შესული სამი ამოცანიდან ორს აქვს მიმდინარე ამოცანის/აქტივობის სახე. მაგალითად, ამოცანა 9.1 „ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია“ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის კომპეტენციაში შემავალი ვალდებულება, რომელიც, სამოქმედო გეგმისგან დამოუკიდებლად, ისედაც წარმოადგენს აღნიშნული უწყებების საქმიანობას. შესაბამისად, IDFI მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მსგავსი სახის ამოცანების რეფორმულირება და იმგვარად ჩამოყალიბება, რომ აქცენტი კეთდებოდეს არა მიმდინარე ტიპის ამოცანებზე/აქტივობებზე, არამედ ისეთ ღონისძიებებზე რომელთა საბოლოო შედეგიც ვითარების გაუმჯობესება ან რაიმე ახალი მიდგომის შემუშავება იქნება.


დამატებით, IDFI-ს რეკომენდაციაა სამოქმედო გეგმის აქტივობების შესრულების ვადა ჩამოყალიბდეს უფრო კონკრეტული ფორმით. მაგალითად, თუ დოკუმენტის მოცემულ ვერსიაში შესრულების ვადა მოცემული გვაქვს 2016-2017 წწ, აუცილებელია მსგავსი ვადების დაკონკრეტება თვეების მითითებით- მაგალითად, დეკემბერი 2016 ან ივლისი 2017.


სამოქმედო გეგმაში მეტი სიცხადის შესატანად, ასევე აუცილებელია, პასუხისმგებელი უწყების სვეტში კონკრეტულად მიეთითოს სამინისტროს/უწყების იმ სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის სახელი, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი აქტივობის შესრულებაზე.


როგორც სამოქმედო გეგმის შემუშავების ექსპერტის, საბრინა ბუხლერის რეკომენდაციაში არის მითითებული, აუცილებელია ასევე გადაიხედოს აქტივობების შესრულების ინდიკატორები. გამოხატვის თავისუფლების თავში მოცემულია ჯამში 7 ინდიკატორი. აღნიშნული ინდიკატორებით შეუძლებელია როგორც ინდივიდუალური აქტივობების და ამოცანების, ასევე ზოგადი მიზნის შესრულების წარმატების გაზომვა. IDFI მიიჩნევს, რომ სასურველია დაემატოს მიზნის შეფასების ცალკე ინდიკატორი, რომელიც იქნება ზოგადი ხასიათის და რომელიც დაფუძნებული იქნება ზოგად მაჩვენებლებზე (ინდექსებზე, საერთაშორისო რეიტინგებზე ა.შ). ასეთ ზოგად ინდიკატორად შეიძლება ჩაითვალოს პრესის თავისუფლების ინდექსი, Freedom House-ის პრესისთავისუფლების რეიტინგიდა Global Right to Information Rating.


IDFI ასევე თვლის, რომ საჭიროა ინდივიდუალური აქტივობების ინდიკატორების შეცვლა და ე.წbaselineმონაცემების დამატება. Baseline მონაცემების დამატება აუცილებელია იმისათვის, რომ გავზომოთ როგორია სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში არსებული მაჩვენებელი და როგორი გვინდა იყოს ინდიკატორი. ბუნებრივია, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ექვსივე აქტივობის გაზომვა შეუძლებელი იქნება ზუსტი მონაცემებით, თუმცა აუცილებელია უფრო კონკრეტული ინდიკატორის დამატება იქ სადაც ეს შესაძლებელია.

 

კონკრეტული რეკომენდაციები

 

როგორც ზემოთ მოცემულ ნაწილში არის აღნიშნული, აუცილებელია თავიდან ავირიდოთ „მიმდინარე“ ტიპის აქტივობების შეტანა სამოქმედო გეგმაში. „მიმდინარე“ ტიპის აქტივობა არის ისეთი ღონისძიება, რომელსაც უწყება ისედაც ახორციელებს კანონით მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, IDFI მიიჩნევს რომ საჭიროა 9.1.1 საქმიანობა ამოღებული იქნეს სამოქმედო გეგმიდან, რადგან საგამოძიებო ორგანო ისედაც არის კანონით ვალდებული სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. ვინაიდან ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს, სასურველია აღნიშნულ საკითხებზე რეაგირება განსხვავებული და განსაკუთრებული მექანიზმებით მოხდეს. შესაბამისად IDFI მიიჩნევს, რომ 9.1.1 საქმიანობა უნდა შეიცვალოს შემდეგი ტიპის აქტივობით- ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე რეაგირების სპეციალური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შსს-ს, პროკურატურის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა ასევე გამოწვეულია იმით, რომ 2016-2017 წლები არის საარჩევნო პერიოდი, რაც ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების უზრუნველყოფის და დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


მიგვაჩნია, რომ 9.1.2 და 9.1.3 საქმიანობა ამოღებულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმიდან. აღნიშნული ასევე განპირობებულია იმით, რომ ეს აქტივობები ისედაც შედის მითითებული უწყებების ვალდებულებებში. კერძოდ, „გამოძიების დაწყება მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე“ და „პროკურატურის ორგანოების მიერ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში დანაშაულის შესაბამისი კვალიფიკაცია“, ისედაც წარმოადგენს უწყებების ვალდებულებას დასრულდება/უნდა სრულდებოდეს აღნიშნული სამოქმედო გეგმისგან დამოუკიდებლად. IDFI თვლის, რომ აღნიშნული აქტივობების ნაცვლად, უფრო სასარგებლო იქნებოდა ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის საკითხზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ტრეინინგი. აღნიშნული ტრეინინგი დაეხმარებოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაიგონ, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ჟურნალისტისათვის ხელის შეშლა და რა სახის რეაგირება უნდა მოახდინონ მსგავს ფაქტებზე.


IDFI ასევე თვლის, რომ სასურველია 9.1.4 საქმიანობის ფორმულირებაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სპეციალური სტატისტიკის წარმოება, რომელიც ასახავს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის თაობაზე რეგისტრირებულ დანაშაულთა, ასევე მისი გახსნის მაჩვენებელსდა აღნიშნული სტატისტიკის პროაქტიული გამოქვეყნება ვებგვერდზე“(რომელიც ასევე უნდა იყოს საქართველოს შსს-ის და მთავარი პროკურატურის ვალდებულება). ამ სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნება აუცილებელია ერთის მხრივ გამჭვირვალობის გასაზრდელად და მეორეს მხრივ საზოგადოების ეფექტური ინფორმირებისათვის აღნიშნულ საკითხზე.


9.3.1 საქმიანობაში მითითებულია „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება.“ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფორმულირება არის საკმაოდ ზოგადი და საჭიროა, რომ ის ითვალისწინებდეს როგორც კონკრეტულ ქმედებების, ისე იმ საკანონმდებლო აქტების მითითებას, რომლებმაც უნდა განიცადონ ცვლილება/დამატება.შესაბამისად, აუცილებელია 9.3.1. საქმიანობის ამოღება სამოქმედო გეგმიდან და მისი შეცვლა რიგი უფრო კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, უპირველესყოვლისა,მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმაში მიეთითოს ხელისუფლების ვალდებულება პარლამენტში წარადგინოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონი (9.3.1, ქმედება). აღნიშნულ ვალდებულება უკვე ასახულია, როგორც საქართველოს ანტიკორუფციულ სტრატეგიაში 2015-2016, ისე ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში 2014-2015 წლებისთვის. მოცემულ ეტაპზე, შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტის ტექსტის პირველადი ვარიანტი, რომელიც დამატებით მუშავდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. პროცესის შემდგომი გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით კონკრეტულად გაიწეროს კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების, მიღებისა და ძალაში შესვლის პერიოდი.


2013 წლის აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ იქნა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესები და შესაბამისი სია, თუმცა აღნიშნული შესასრულებლად სავალდებულო ხასიათსატარებს მხოლოდ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისთვის. მნიშვნელოვანია შემუშავებულ იქნას საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტი საკანონმდებლო დონეზე, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება არამარტო სამინისტროებისა თუ სამინისტროთა დაქვემდებარებაში მყოფი უწყებებისთვის, არამედასევე ადგილობრივი თვითმმართველობების, ისევე როგორც პარლამენტის აპარატისა და სასამართლო სისტემისთვის(საქმიანობა 9.3.2).


მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის არსებული გზების დახვეწა და უფლების დაცვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავება. ამ მიზნით, ვთვლითაუცილებია კონკრეტული სანქცირების მექანიზმის შემუშავება, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადების უპასუხოდ დატოვების ან დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშნველოვანია კონკრეტული საზედამხედველო ორგანო (საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს ინფორმაციის თავისუფლების ინსპექტორის აპარატის შექმნა), რომელსაც ექნება მანდატი სწრაფად, ხანგრძლივი პროცედურების გვერდის ავლით, როგორიც საქმის სასამართლოში წარმოებაა, განიხილოს საჩივრები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, მათ შორის დააკისროს სანქციები იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებიც დაარღვევენ განმცხადებელთა უფლებას მიიღონ ღია საჯარო ინფორმაცია (საქმიანობა 9.3.3).


2013 წლის სექტემბრიდან პორტალზე www.my.gov.ge ინტეგრირებულ იქნა მოქალაქეთა საჯარო ორგანიზაციებთან ელექტრონული კომუნიკაციის სერვისი, თუმცა მოცემული პორტალის საშუალებით შესაძლებელია უწყებათა მხოლოდ შეზღუდულ ჩამონათვალთან დაკავშირება. აუცილებელია ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით დადგინდეს რომ მაგალითად 2016 წლის დეკემბრამდე მოხდება ყველა ცენტრალური უწყების (სამინისტროების და სამინისტროთა დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები) ჩართვა აღნიშნულ სერვისში (საქმიანობა 9.3.4).


ამასთანავე, დღეს არსებული პრაქტიკა ცხადყოფს საერთო სასამართლოების სისტემაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემებს. კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილება ზღუდავს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს სასამართლო პროცესის ღიაობის ვალდებულებას. IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი ასახული უნდა იყოს სამოქმედო გეგმის 9.3 ამოცანის ერთ-ერთ საქმიანობად.კერძოდ აუცილებელია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალ კანონში ცალკე თავის დამატება, რომელიც უშუალოდ დაარეგულირებს სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს.ამასთან აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ფორმულირების შეცვლა იმგვარად, რომ ის უშვებდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ხალი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების კარგად გაცნობა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. ამისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინსიტრომ (კარგი იქნება თუ აღნიშნული მიმართულებით იქნება დონორთა მხრიდან დახმარების მზაობა) უზრუნველყოს ტრენინგები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის და მოსამართლეებისთვის (საქმიანობა 9.3.5).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ჩართულობის შეფასება

25.07.2024

საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის - წინააღმდეგობრივი მეხსიერება

22.07.2024

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების “გამჭვირვალობის” კვლევით დაკავებული ხელისუფლების გამჭვირვალობა

18.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზის საკითხებზე

15.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024