რატომ გამკაცრდა სავიზო რეჟიმი საქართველოში?

სიახლეები | კვლევები | ანალიზი | სტატია 7 ოქტომბერი 2014

 

 

დღემდე საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საიმიგრაციო კანონმდებლობა არსებობდა (საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადა, ვიზის აღების საშუალება სასაზღვრო პუნქტზე და ა.შ.), თუმცა სიახლეს არ წამოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეტაპობრივად დაიწყო საიმიგრაციო პოლიტიკას გამკაცრება. აღნიშნული მიდგომის საფუძველზე მიღებულ იქნა რიგი სამართლებრივი აქტებისა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 2014 წლის მარტში ძალაში შესული უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული ისეთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია როგორიცაა საქართველოს მთავრობის დადგენილება იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განახლებული დადგენილება. უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები, მრავალი ექსპერტის მიერ აღქმული იქნა საკმაოდ კრიტიკულად. ერთ–ერთი ფაქტორი რომელზეც ისინი მიუთითებდნენ იყო ის, რომ განსხვავებით ყოფილი ლიბერალური მიდგომისგან როდესაც 118 ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, რეფორმის შედეგად აღნიშნული აღარ იქნებოდა შესაძლებელი, კრიტიკის ობიექტი გახდა აგრეთვე საქართველოში უვიზოდ ყოფნის 360-დღიანი ვადის 180-დღიან პერიოდში 90 დღით ცვლილება.

 


IDFI დაინტერესდა იმით, თუ რომელ საერთაშორისო აქტებს ან/და ჩატარებულ კვლევებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ემყარებოდა საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრება. შესაბამისად ა.წ. 12 სექტემბერს საჯარო ინფორმაციის მიღების განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავრობას. გვინდა მიღებული ოფიციალური დოკუმენტებიდან გამოდინარე წარმოგიდგინოთ მოკლე შეჯამება იმ არგუმენტებისა, რომლებიც საფუძვლად დაედო საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში და მოგაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი საკანონდებლო აქტების მომზადების პროცესის შესახებ.

 


უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად საქათველოს მთავრობას დაეკისრა/დაეკისრება ვალდებულება კონკრეტული სფეროების რეფორმირებისა მათ შორის მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ავალდებულებს საქართველოს მთავრობას გაამკაცროს სავიზო რეჟიმი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სახელმწიფოს სუვერენულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა ბუნებრივია, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან ერთად დღის წესრიგში დგება შესაბამისი ზომების მიღება, საქართველოში არალეგალური მიგრაციის აღკვეთა და ზოგადად საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება. შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების პრეამბულაში ხაზგასმულია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, ხოლო მე-16 მუხლი კი ახსენებს საქართველოს მთავრობას მის ვალდებულებას უზრუნველყოს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია.

 


აღნიშნული შეთანხმების თანახმად საქართველოს მთავრობას ეკისრება არა მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი საკუთარი მოქალაქეების რეადმისიის, არამედ ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას ან თუ დადგინდება, რომ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვდნენ ტრანზიტულად, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

 


ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაინტერესება საქართველოთი. შედეგად იმატა, როგორც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებათა რაოდენობამ ისე საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების შემთხვევებმა (აღნიშნულ საკითხზე იხილეთ ჩვენი სტატია).

 

 

         

 

შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მზარდი ინტერესი საქართველოს მიმართ ისევე როგორც ევროკავშირთან გაღრმავებული ურთიერთობები წარმოშობს აუცილებლობას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები რათა თვიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში დიდი რაოდენობით უკანონო მიგრანტთა შემოდინება. თუმცა, ბუნებრივია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს a-priori სავიზო რეჟიმის გამკაცრებას, რადგან თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება, არ მოითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას და მითითებას მხოლოდ მის მოწესრიგებაზე აკეთებს.

 


ზემოთქმულიდან გამომდინარე, დადებითად უნდა შეფასდეს კანონმდებლის მიზანი ეროვნული სამართლებრივი აქტები მოიყვანოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჩვენთვის გადმოგზავნილი საექსპერტო დასკვნაში (მომზადებული მიზნობრივი ინიციატივა – საქართველოს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2013 წლის ივლისში) ხაზგასმულია, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის შესახებ“ კანონში მოცემული წესები ქვეყანაში ხანმოკლე/ხანგრძლივი ყოფნის შესახებ იმეორებს იმ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც ევროკავშირის საკანონდებლო რეგულაციებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული შეეხება, როგორც ქვეყანაში ხანმოკლე ყოფნისთვის გათვალისწინებული ვადის შემცირებას 360–დან 90/180 დღიანი პერიოდამდე ისე საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის რეგულაციებს.

 


ამავე დროს, კანონის დღეს არსებულ რედაქციაში არსებობს რიგი ხარვეზებისა, რომლებიც არ იქნა გამოსწორებული მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექპერტების მიერ გამოთქმული წუხილისა. კერძოდ გათვალისწინებულ არ იქნა ექსპერტთა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის არგუმენტები იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში უკანონოდ მყოფ უცხოელთა დაჯარიმებას ეხება. კერძოდ ექსპერტების მიერ უარყოფითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების უფლება ჯარიმის გადახდის ვალდებულება დააკისროს იმ უცხოელებს, რომლებიც ნებაყოფლობით დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას.

 


უარყოფიდან იქნა შეფასებული ასევე კანონის ის ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმის გადაუხდელობის გამო უცხოელისთვის ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის შესაძლებლობას. 

 


პრობლემურად იქნა მიჩნეული უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხი კონკრეტულ უწყებათა შორის. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ვიზის გაცემა და საზღვარზე დოკუმენტების შემოწმება ერთდროულად ან/და ერთი და იმავე უწყების მიერ არ ხორციელდება (შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო და დიპლომატიური დაწესებულებები, სახელმწიფო სერვისების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო), მოცემული საკითხები ერთ მუხლშია გაერთიანებული და არ არის მკაფიოდ გამიჯნული შესაბამის უწყებებს შორის უფლებამოსილებები.

 


უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა საქართველოს მთავრობამ არ მოგვეწოდა რაიმე სახის ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია, რომელიც განმარტავდა იმ საფუძვლებს, რომლებზე დაყრდნობითაც კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება. გაურკევველია ისიც თუ, რატომ დარჩა ბევრი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, მათ შორის ისინიც ვისაც საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმამდე შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლა, აღნიშნული უფლების გარეშე.

 


დამატებით ჩვენთვის მოწოდებული საექსპერტო დასკვნიდან დგინდება რომ ხარვეზები, შეინიშნებოდა ასევე კანონპროექტის შემუშავების პროცესში. კერძოდ, საექსპერტო დასკვნიდან დგინდება, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩართვა მოხდა გვიანდელ ეტაპზე. გაიმართა მხოლოდ ორი სამუშაო შეხვედრა. დროის სიმცირის გამო ექსპერტებმა კანონპროექტის შესახებ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ზოგადი შენიშვნები დააფიქსირეს და ხაზი გაუსვეს კანონპრექტის ზოგიერთ სპეციფიურ დებულებას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა. ვფიქრობთ, რომ სწორედ იმის გამო, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ნაკლებად იყო გათვალისწინებული ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მისმა მიღებამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა.

 

 


დასკვნა


საქართველოს მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებისა და შესაბამისი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მცდელობა დადებით ნაბიჯად უნდა შეფასდეს. მიუხედავად ამისა ხარვეზები აღინიშნება აღნიშნული პროცესის მიმდინარეობაში, როდესაც არ ხდება საზოგადოების სრული ინფორმირება მიმდინარე რეფორმის შესახებ. აუცილებელია საქართველოს მთავრობის მიერ აშკარა და არაორაზროვანი გზავნილების მიწოდება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, იმის ხაზგასმით რომ ქვეყნაში მიმდინარეობს არ სავიზო რეჟიმის გამკაცრება არამედ საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგება. 

 


საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წელს მიღებული მიგრაციის სტრატეგია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა მიგრაციის დადებითი ეფექტების გამოყენებას ქვეყნის განვითარებისთვის. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული სტრატეგიისა და მის საფუძველზე მიღებული კანონმდებლობის, იმ სახით იმპლემენტაცია როდესაც თავიდან იქნება აცილებული ქვეყანაში შემოსვლისა თუ ბინადრობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმა ისეთი პირებისთვის, რომლებიც სახელმწიფოში საკუთარი ყოფნით ხელს უწყობენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული კი შეეხება არამარტო ინვესტორებს არამედ ყველა რიგით უცხოელს, იქნება ეს სტუდენტი, დასაქმებული თუ უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქე, რომელიც საქართველოში ყოფნით არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს თუ სახელმწიფო ინტერესებს. მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ მოაწესრიგოს საიმიგრაციო პოლიტიკა მისი გამკაცრების გარეშე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024