მმართველობის ხარისხის გამოკითხვა - საქართველოს ბიუროკრატიის შეფასება 2014 წელს

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები 31 მარტი 2016

გოტენბურგის უნივერსიტეტის მმართველობის ხარისხის ინსტიტუტმა 2015 წელს გამოაქვეყნა მმართველობის ხარისხის ექსპერტების გამოკითხვის საბოლოო ანგარიში. ანგარიშში შეფასებულია ბიუროკრატიის დიზაინი და მართვა მსოფლიოს 159 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში 2014 წელს არსებული მდგომარეობით. საქართველოდან კითხვარი გაეგზავნა 7 ექსპერტს, რომელთა შორისაც იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გამგეობის თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი.

 

მმართველობის ხარისხის ინსტიტუტი (The Quality of Government Institute – QoG) არის გოტენბურგის უნივერსიტეტის მიერ 2004 წელს დაწყებული კვლევითი პროგრამა, რომელიც სწავლობს კარგი და ხარისხიანი მმართველობის მახასიათებლებს, მის საფუძვლებს და გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ინსტიტუტის მთავარი მიზანია დაადგინოს პოლიტიკური მეცნიერების როლი მოქალაქეების კეთილდღეობის საკითხში. ამისათვის, მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის პროგრამა იკვლევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ პოლიტიკის ხარისხიანად განხორციელებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის კავშირს. კვლევითი პროგრამის საშუალებით გოტენბურგის უნივერსიტეტის მკვლევარები ასევე ცდილობენ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში სხვადასხვა დარგის იმ სპეციალისტებთან (მაგალითად, ეკონომისტებთან), რომლებიც დაინტერესებულნი არიან კარგი მმართველობის საკითხებით.

 

მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის მიერ, თავდაპირველად 2008-2012 წლებში, ხოლო ხელახლა 2014 წელს, ჩატარდა მმართველობის ხარისხის ექსპერტების გამოკითხვა. გამოკითხვის მიზანი დროის სხვადასხვა მონაკვეთში მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სამსახურების დიზაინისა და მართვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნება იყო.

 

პირველ კვლევაში ჩართული იყო საჯარო მართვის 1000-მდე ექსპერტი მსოფლიოს 135 ქვეყნიდან, რომლებმაც პროექტში მონაწილე ქვეყნების საჯარო სამსახურის სისტემა შეაფასეს 2008-2012 წლებში. მეორე კვლევაში მონაწილეობა მიიღო 159 ქვეყნის 1294-მა ექსპერტმა. კვლევა 2014 წელს ჩატარდა და მისი შედეგები 2015 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

 

მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის 2014 წლის კვლევის ანგარიში მოიცავს 7096 კითხვარის შედეგს, სადაც შეჯამებულია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დანიშვნის, ჩანაცვლების, საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებების, პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების, ქალების საჯარო სამსახურში დასაქმების, მიუკერძოებლობის, კორუფციის, ქონების უკანონოდ მითვისების, გამჭვირვალობისა და კონტროლის პრაქტიკა. პირველი ანგარიშისგან განსხვავებით, 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევა ასევე მოიცავს სამსახურში აყვანის და თანამდებობიდან გათავისუფლების, საჯარო სამსახურის ჩაკეტილობის, ხელფასებისა და პენსიების გაცემის, პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საჯარო მოხელეების ჩართულობის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის შეფასებას. 

 

მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიზანია რაოდენობრივად შეფასდეს საჯარო სექტორის დიზაინი და მისი მართვა. კითხვარი ასახავს ექსპერტების ხედვას ქვეყნების ბიუროკრატიული წყობისა და ფუნქციონირების შესახებ. კვლევაში კითხვების უმეტესობა ფორმულირებულია როგორც განცხადება. განსაზღვრული შკალის (1 - თითქმის არასდროს, 7 - თითქმის ყოველთვის) მიხედვით კი, ექსპერტები მიუთითებენ რამდენად შეესაბამება თითოეული განცხადება რეალობას. 

 

გამოკითხვის შედეგად, საქართველოში ყველაზე პრობლემურ მიმართულებად საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის პრაქტიკა იკვეთება. ამ კატეგორიაში საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თანამდებობაზე დანიშვნისას აპლიკანტის უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინების ნაწილში აქვს. პრობლემები არის საჯარო სამსახურების დაკომპლექტებისას მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობის სიხშირის მხრივაც. საქართველოში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობეზე დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების პრაქტიკა ყველაზე ხშირი მოვლენაა უკრაინის შემდეგ, რაც საჯარო სამსახურის პროფესიონალებით დაკომპლექტების პროცესში არსებულ ხარვეზებს უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმის დონის განსაზღვრისას სწორედ საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის პრაქტიკის შეფასება გამოიყენება. შესაბამისად, საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმის დონეც საგრძნობლად ჩამორჩება ისეთი ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორიცაა ესტონეთი, ლიტვა, შვედეთი და გერმანია. 

 

 

პრობლემები იკვეთება კორუფციის, სახელმწიფო რესურსების მიტაცებისა და გაფლანგვის პრაქტიკის შეფასებაშიც. აღნიშნულ კატეგორიაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან უკანონო გარიგებებში მონაწილეობის სიხშირის მაჩვენებელთან დაკავშირებით. მსგავსი პრობლემები აღინიშნება საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მხრიდან სახელმწიფო რესურსების უკანონოდ მითვისების ნაწილშიც. ამ კატეგორიაში საქართველოს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ უსწრებს გერმანიისა და შვედეთის მაჩვენებლებს, რაც საქართველოში უკანონო გარიგებებისა და სახელმწიფო რესურსის მითვისების ფაქტების სიხშირის პრობლემატურობაზე მეტყველებს. 

 

 

საჯარო სამსახურში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის შეფასებისას პრობლემები იკვეთება როგორც საჯარო მოხელეების მიერ მმართველი პარტიის/პარტიების იდეოლოგიის და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებების განხორციელების კუთხით, ისე საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მხრიდან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ არასამართლიანად მოპყრობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკის შეფასებისას გამოყენებული კრიტერიუმების საშუალებით კვლევაში განსაზღვრულია ცალკეული ქვეყნების საჯარო სექტორის მიუკერძოებლობის ინდიკატორიც. შესაბამისად, არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები საქართველოში საჯარო სექტორის მიუკერძოებლობის კუთხით, რაც ამ სფეროს პოლიტიზირებულობასა და არაეფექტიანობას უსვამს ხაზს. 

 

 

 

მმართველობის ხარისხის კვლევაში დადებითადაა შეფასებული საქართველოს მაჩვენებლები საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და კონტროლის კატეგორიაში. ამ კუთხით საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ძალაუფლების გადამეტების ფაქტების მედია გაშუქების ნაწილში აქვს. დადებითადაა შეფასებული ოფიციალური დოკუმენტებისა და ანგარიშების ხელმისაწვდომობის და სახელმწიფოს შემოსავლებისა და ხარჯების ღიაობის პრაქტიკაც, რაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე მეტყველებს. 

 

 

 

გოტენბურგის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს საჯარო სამსახურის მართვის პრაქტიკაში გარკვეული ხარვეზებია, რაც სისტემურ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მოიცავს საჯარო ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვის და პოლიტიკის დაგეგმვის სფეროებს. 

 

პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით აღნიშნული რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული მართვის, ანგარიშგების, მონიტორინგისა და შეფასების სისტემების ჩამოყალიბება მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის გასაუმჯობესებლად. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიზანს წარმოადგენს ფინანსური სტაბილურობისა და საჯარო ფინანსების ეფექტური განაწილების უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად. ადამიანური რესურსების მართვის კუთხით კი რეფორმა ითვალისწინებს ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას, რომელიც დამსახურების პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უზრუნველყოფს პროფესიონალიზმის წახალისებას, ხელშეწყობასა და დაფასებას.

 

პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნას ასევე ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. ახალი კანონი ნაწილობრივ პასუხობს ზოგიერთ იმ გამოწვევასა და ხარვეზს, რომელიც მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად საქართველოს შემთხვევაში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის მთავარი მიზანი პროფესიული საჯარო სამსახურის შექმნაა, ახალ კანონპროექტში მაინც არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი, რომელიც საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნისას კონკურენციის პრინციპს მნიშვნელოვნად ზღუდავს. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, გაზრდილია მთავრობის როლი საჯარო სამსახურის ფუნქციონირებაში. აღნიშნულ ხარვეზზე IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ არაერთ კვლევაშია ყურადღება გამახვილებული. საჯარო სამსახურის მიმოხილვისას გამოიკვეთა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კანონის მიხედვით, საჯარო სექტორის „რეგულირების დიდი ნაწილი გადატანილია მთავრობის დადგენილებებში“, რაც მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცვლილების საფრთხეს აჩენს. შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალ კანონით მთავრობისთვის მინიჭებული უფლებები მაინც ქმნის კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების საფრთხეებს. როგორც მმართველობის ხარისხის ინსტიტუტის გამოკითხვის კვლევამ აჩვენა, ამ მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს და, სამწუხაროდ, საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დღემდე გატარებული რეფორმებით არც ამჯერად არსებობს საკმარისი ბერკეტი მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. 

 

ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გოტენბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილ ხარვეზებს. კვლევაში იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების მოგვარება მთავრობის მიერ შემუშავებული ერთიანი რეფორმის თანმიმდევრულად განხორციელების და ასოცირების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულებას შეუწყობს ხელს. 

 

/public/upload/Tamar/QOG-Report-Final.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024

მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ქართველ ხალხს აუხსნან, ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას

07.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023