IDFI აგრძელებს სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას. ამჯერად, წარმოდგენილი იქნება სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან, IDFI-ის 2015 წლის 12 აგვისტოს მიმართვის პასუხად მოწოდებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
აღნიშნულმა უწყებამ უარი განაცხადა დირექტორის მრჩევლების თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანებების და სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე. სხვა მოთხოვნების შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2014 წლის იანვრიდან გამოეყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებლ მხარჯავ დაწესებულებად, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 7 450 000 ლარით, საიდანაც 1 810 000 ლარი გათვალისწინებულია აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული 106 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურებისათვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტი, ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული იყო 3 528 400 ლარით, თუმცა აღნიშნული თანხიდან სამსახურის მიერ ათვისებული იქნა მხოლოდ 1 889 099 ლარი (53,5%). აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წელს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული 1 407 900 ლარიდან ათვისებული იქნა მხოლოდ 823 426 ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურებისათვის გათვალისწინებული 1 452 900 ლარიდან მხოლოდ 1 003 602 ლარი.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2014 წლის „ვეტერანთა მხარდაჭერის“პროგრამის ანგარიშის მიხედვით ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 300 ვეტერანს. აქედან 1700 ჩაუტარდა სტაციონალური მკურნალობა, ხოლო 10 600-ს ამბულატორიული მკურნალობა. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 800 000 ლარი. აღნიშნული პროგრამის შედეგებს წარმოადგენს აგრეთვე:
ანგარიშის მიხედვით, ვეტერანთა მხარდაჭერის 2014 წლის პროგრამის დასახული და მიღწეული საბოლოო შედეგები, აგრეთვე აღნიშნული შედეგების შეფასების ინდიკატორები გამოიყურება შემდეგნაირად:
2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში პრემიებიგაცემულია საქართველოს პრემიერ მინისტრის ბრძანებების საფუძველზე. აღნიშნული ბრძანებების მიხედვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს ირაკლი შიხიაშვილს 2015 წელს ახალი წლის და აღდგომის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მიღებული აქვს სულ 5 800 ლარის ოდენობის პრემია.
2015 წლის 24 ივლისის საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს ირაკლი შიხიაშვილს დაუწესდა ყოველთვიური სახელფასო დანამატი 1800 ლარის ოდენობით (დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2900 ლარს) და მიეცა მას უფლება სამსახურის თანამშრომლებზე გაეცა დანამატები. 2015 წლის 27 ივლისს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის სამი დღის წინანდელი განკარგულებით სამსახურის უფროსისათვის სახელფასო დანამატი განისაზღვრა 1800 ლარის ოდენობით, ირაკლი შიხიაშვილმა თავის თავზე გასცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (2 900 ლარი) სახელფასო დანამატი. (აღნიშნული ჩანაწერის პასუხად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ინსტიტუტს განემარტა, რომ მათ მიერ მოწოდებულ მონაცემებში დაშვებული იყო უზუსტობა. იხილეთ ბმულზე IDFI-ის განცხადება აღნიშნულ უზუსტობასთან დაკავშირებით).
2015 წელს 6840 ლარის ოდენობის პრემია გაცემულია შტატგარეშე მოსამსახურეებზეც. დღეის მდგომარეობით სამსახურში დასაქმებულია 14 შტატგარეშე თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წელსსულ შეადგინა 48 960 ლარი.
სამივლინებო ხარჯები
2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 23 204 ლარი, საიდანაც დირექტორის მივლინებებზე დახარჯულია 16 143 ლარი. აღნიშნულ პერიოდში დირექტორი მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (დღიური ნორმა - 1700,72 ლარი, მგზავრობის ხარჯი 2300,1 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 4677ლარი, დაზღვევის ხარჯი 15 ლარი), გერმანიაში (დღიური ნორმა - 278,04 ლარი, მგზავრობის ხარჯი 875,3 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 746,33ლარი), ნიდერლანდებში (დღიური ნორმა - 499,99 ლარი, მგზავრობის ხარჯი 409,4 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 1219,5 ლარი), ისრაელში (დღიური ნორმა - 897,87 ლარი, მგზავრობის ხარჯი 915,3 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 1 607,93 ლარი).
2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან სულ განთავისუფლდა 18 თანამშრომელი, მათ შორის 16 თანამშრომელი პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო 2 თანამშრომელი დისციპლინური გადაცდომისთვის.
2015 წელს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურში თანამდებობაზე აღდგენილი იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან განთავისუფლებული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ავთანდილ ჩიხლაძე. როგორც მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა ავთანდილ ჩიხლაძე თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განთავისუფლდა 2013 წლის 28 მარტს. აღნიშნული ბრძანება ავთანდილ ჩიხლაძის მიერ გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა სასამართლოს მიერ აღნიშნული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ავთანდილ ჩიხლაძის მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის სამინისტროს დაავალა ავთანდილ ჩიხლაძის მიმართ ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ავთანდილ ჩიხლაძის მოთხოვნის შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლედ აღნიშნულ საქმეში ცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ავთანდილ ჩიხლაძის თავდაცვის სამინისტროდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მისი სამინისტროდან განთავისუფლება ცნობილ იქნა უკანონოდ. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ავთანდილ ჩიხლაძე დაინიშნა სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებლად და მიეცა იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო 5 904 ლარის ოდენობით (3 თვის თანამდებობრივი სარგო).
ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაციის გარდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ IDFI-სთვის მოწოდებულია აგრეთვე 2015 წელს მათ მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების (15 515 ლარი) შესახებ ინფორმაცია. აგრეთვე, 2015 წლის ბიუჯეტში განხორცილებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებული მიმოწერის ასლები, რაც დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ბმულებზე.