ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული საჯარო ინფორმაცია უკვე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე. სააგენტომ უპასუხოდ დატოვა მოთხოვნა დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ. არასრულყოფილად არის მოწოდებული ინფორმაცია პრემიების შესახებ, რადგან თანამდებობის პირების პრემიები მოწოდებულია ჯამური სახით, და არ არის დაკონკრეტება თვეების მიხედვით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.
როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ პრემიებზე დაიხარჯა 5 158 025 ლარი. აქედან 4 930 960 ლარი განაწილდა თანამშრომლებზე, ხოლო 227 065 ლარი გაიცა სააგენტოს ხელმძღვანელობაზე. კერძოდ, სააგენტოს დირექტორმა რამაზ სულამანიძემ 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლამდე დროის პერიოდში პრემიის სახით მიიღო 33 665 ლარი. საინტერესოა, რომ მის ოთხივე მოადგილეს სააგენტოს ხელმძღვანელზე დიდი ოდენობის პრემიები დაერიცხათ: მამუკა გელოვანი - 46 620 ლარი; მამუკა მაჭავარიანი - 49 610 ლარი; დავით დვალიძე - 51 685 ლარი, კახა ხელაძე - 45 485 ლარი.
2013 წლის 1 იანვრიდან დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 600 ლარს, რაც წლიურად 31 200 ლარს უტოლდება. შესაბამისად, სააგენტოს დირექტორმა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია აიღო. დირექტორის მოადგილეების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 400 ლარს, რაც წელიწადში 28 800 ლარს აღწევს. როგორც ზემოთ მოცემული ინფორმაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მოადგილეები ხელფასზე გაცილებით მეტ პრემიებს იღებდნენ. კერძოდ, მამუკა გელოვანი და კახა ხელაძე - ხელფასზე 1.4-ჯერ მეტს, მამუკა მაჭავარიანი - 1.5-ჯერ მეტს, ხოლო დავით დვალიძე - 1.85-ჯერ მეტ თანხას.
საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სულ დასაქმებულია 1 773 ადამიანი, და სააგენტოს წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 16 243 000 ლარს.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმულები:
პასუხი მიღებული იქნა 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურული ნორმის დაცვით.
წერილის გაგზავნის თარიღი: 18/02/2013
პასუხის მიღების თარიღი: 01/03/2013