“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წინადადებები ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულებასთან დაკავშირებით

სიახლეები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | აქტუალური თემები 23 სექტემბერი 2022

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) წარმოდგენილია ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ ოთხ სამუშაო ჯგუფში. ამჟამად, ISFED-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრამდე, ჩვენ შევაჩერეთ  ყველა სამუშაო ჯგუფის წევრობა. წინამდებარე დოკუმენტში ჩამოთვლილია ის წინადადებები, რომლებიც წარვადგინეთ, ვაპირებდით რომ წარგვედგინა ან/და მხარი დაგვეჭირა შესაბამის სამუშაო ჯგუფებში. ქვემოთ მოცემული წინადადებები არ ასახავს IDFI-ის ყველა რეკომენდაციას ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, წინადადებები შეეხება მხოლოდ იმ სამუშაო ჯგუფებს, რომელთა წევრიც არის IDFI და ითვალისწინებს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მანდატს. 

 

  1. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - (სამუშაო ჯგუფის კომპეტენცია: პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებების გაძლიერება პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით). 

 

ა) საქართველოს პარლამენტისთვის ზედამხედველობის ფუნქციებისა და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების განხორციელებაში ხელის შეშლისთვის საჯარო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება; 

 

განმარტება: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ფიქსრიდება არაერთი შემთხვევა, როდესაც საჯარო დაწესებულებები უპასუხოდ ტოვებენ, აგრეთვე არასრულყოფილად ან/და რეგლამენტის დარღვევით პასუხობენ სადეპუტატო კითხვის ავტორებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება და განისაზღვრო საჯარო სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომა დაწესებულებისთვის/თანამდებობის პირისთვის, რომელიც დაარღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ხელს შეუშლის დეპუტატს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაში. (მსგავსად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173⁴  მუხლისა, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის).

 

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვის ადრესატთა წრის  გაფართოება  (მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელება); 

 

განმარტება: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას. აღნიშნული ჩანაწერი უნდა დაზუსტდეს იმგვარად, რომ დაფაროს მართლმსაჯულების/კონსტიტუციური კონტროლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები (საკითხები რომლებიც არ მიეკუთვნება მართლმსაჯულების/კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას). 

 

გ)  საჯარო დაწესებულებების მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენი ანგარიშების სისტემატიზაციის უზრუნველყოფა 

 

განმარტება: საქართველოს პარლამენტში ანგარიშებს წარადგენს არაერთი სახელმწიფო ორგანო. უნდა განისაზღვროს წარდგენილ ანგარიშთა მინიმალური მოთხოვნები ან/და ამგვარი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (სანიმუშოდ, სტატისტიკური ინფორმაცია ან/და შინაარსობრივი საკითხი, რასაც აუცილებლად უნდა ფარავდეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ანგარიში). ეს მოთხოვნები უნდა ითვალისწინებდეს სექტორულ (სახელმწიფო დაწესებულების და წარსადგენი ანგარიშის შინაარსობრივ) სპეციფიკას. ამდენად, რელევანტურია ამ მოთხოვნების განსაზღვრა რეგლამენტით დაევალოს შესაბამის კომიტეტებს. 

 

შენიშვნა: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ბაზაზე აღნიშნული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მე-2 პრიორიტეტის (პირველი წინადადების) ფარგლებში. ამ სამუშაო ჯგუფის კომპეტენცია ნამდვილად ემსახურება აღნიშნული პრიორიტეტის შესრულებას, თუმცა, არ ამოწურავს მას. სახელდობრ, IDFI მიიჩნევს, რომ მხოლოდ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, ისიც, მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით, ვერ უზრუნველყოფს “სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებისა და მათზე დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით” ღირებულ ცვლილებებს. 

 

  1. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - (სამუშაო ჯგუფის კომპეტენცია: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული ვითარების შეფასების, ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე წინადადებების შემუშავება).

 

ა) ბენეფიციარი (ნამდვილი) მესაკუთრეების საჯარო რეესტრი შექმნა და საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ნამდვილი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

 

განმარტება: საქართველოში რეგისტრირებულია არაერთი კომერციული იურიდიული პირი, რომელთა წილები/აქციები უცხო ქვეყნაში ან ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს ეკუთვნის. საზოგადოებისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები, რაც ართულებს როგორც კორუფციასთან, ისე ფულის გათეთრებასთან ბრძოლას და ამ პროცესზე ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელებას. ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არის MONEYVAL-ის ერთ-ერთი აღუსრულებელი რეკომენდაცია.  ევროკომისიის დასკვნა (რომლითაც 12 პრიორიტეტი განისაზღვრა) პირდაპირ მიუთითებს MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე.

 

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 

 

ევროკომისიის დასკვნა ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით მიუთითებს MONEYVAL-ის რეკომენდაციებზე, რომლებიც, ძირითადად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას მიემართება. საქართველოს დამტკიცებული აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგია, მაგრამ არა ფულის გათეთრებასთან. სახელმწიფომ MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა დაამტკიცოს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 

 

  1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - (სამუშაო ჯგუფის კომპეტენცია: ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციის/საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით).

 

ა) დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და მის ქვეშ სახელმწიფო ანტიკორფციული ძალისხმევის კონსოლიდაცია;

 

განმარტება: საქართველოში უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორფუციული სააგენტო, რომელიც გამოიძიებს კორუფციასთან (განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციასთან) დაკავშირებულ დანაშაულებს. ამავე ორგანოს უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის, ასევე მამხილებელთა დაცვის უფლებამოსილება. სააგენტოს უზრუნველყოფას სათანადო კომპეტენციებითა და დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის შესაბამისი ხარისხით, ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით, არსებითი მნიშვნელობა ექნება სახელმწიფი ინსტიტუტისადმი ნდობის ჩამოსაყალიბებლად. 

 

  1. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - (სამუშაო ჯგუფის კომპეტენცია: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება).

 

ა) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის გავრცელება შინაგან საქმეთა მინისტრზე, გენერალურ პროკურორზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე; 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვერ იძიებს საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს. ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) 2022 წლის დასკვნის მიხედვით, მნიშვნელოვანია, გაფართოვდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია და მას შეეძლოს აღნიშნულ თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტურად გამოიძიება. 

 

ბ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ad hoc პროკურორის დანიშნვის უფლებამოსილების მინიჭება; 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური წარმოადგენს მხოლოდ საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს. პროკურატურა წარმართავს არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ დევნას, არამედ ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. სხვაგვარად, პროკურატურას გააჩნია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენის არაერთი ბერკეტი. მათ შორის, იგი უფლებამოსილია არ აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ზოგადი მოდელი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს უნდა გააჩნდეს ad hoc პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება იმ შემთხვევებში, თუ გამოიკვეთება, რომ საქართველოს პროკურატურა ხელს უშლის გამოძიებას ან/და მიზანმიმართულად აფერხებს სისხლისამართლებრივ დევნას.  

 

გ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გადაყენების კვორუმის გაზრდა (პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ⅗-ის უმრავლესობამდე); 

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე აირჩევა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამ ინსტიტუტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აუცილებელია კანდიდატის გარშემო არსებობდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსი. ამდენად, თანამდებობაზე არჩევისთვის საჭირო კვორუმის გაზრდა ⅗ -ის უმრავლესობამდე მნიშვნელოვნად აამაღლებს სამსახურისადმი ნდობას როგორც პარლამენტში, ისე საზოგადოებაში. 

 

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს დაუგეგმავი ინსპექტირების შესაძლებლობის მინიჭება;

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ “საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო” (შემდგომ სააგენტო) ფლობს და მართავს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურას. აღნიშნული ინფრასტრუქტურის უკანონო გამოყენების თაობაზე საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს. ეჭვებს ამყარებს, მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში გამჟღავნებული არაერთი ჩანაწერი, ინფორმაცია თუ დოკუმენტი, რომლებიც, სავარაუდოდ, ფარული ელექტრონული თვალთვალის შედეგად იქნა მოპოვებული. თვალშისაცემია სამართალდამცავ ორგანოთა რეაგირების ნაკლებობა.

 

ამ ინფრასტრუქტურის მართლზომიერად გამოყენების შემოწმების ადეკვატურთან მიახლოებული უფლებამოსილება მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) გააჩნია, ინსპექტირების საშუალებით. აღნიშნული ფიზიკურად სააგენტოში მისვლას, ინფრასტრუქტურის ადგილზე შემოწმებას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დაგეგმილად, წინასწარი შეტყობინებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო (მათ შორის, საგამოძიებო ორგანო), შეამოწმოს წინასწარი გაფრთხილებისა და ინფორმირების გარეშე, დაუგეგმავად. მსგავსი შესაძლებლობა გაზრდიდა კონტროლის ეფექტურობას..”. აქედან გამომდინარე, სააგენტოს ინსპექტირების ბუნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიენიჭოს სააგენტოს დაუგეგმავი შემოწმების შესაძლებლობა. 

 

ე) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების კონტროლის ეფექტურობის გაძლიერება (ex parte სპეციალური ადვოკატის ინსტიტუტის/სისტემის დამკვიდრება ფარული ელექტრონული თვალთვალისა და მიყურადების ღონისძიებებზე).

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, სასამართლოს ხელისუფლების მიღმა, ფარული ელექტრონული თვალთვალისა და მიყურადებისას ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენს. 

 

2022 წლის 6 სექტემბერს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად:  1) გაფართოვდა იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებზეც დაიშვება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, 2) გაიზარდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მაქსიმალური ვადები (ზოგიერთ დანაშაულზე ფარული საგამოძიებო მოქმედება შესაძლოა გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე) და 3) ფარული საგამოძიებო მოქმედების სუბიექტს შეტყობინება, შესაძლოა, არ გაეგზავნოს დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე. მთლიანობაში, საგრძნობლად გაიზარდა  ადამიანის უფლებებში, განსაკუთრებით კი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევის ინტენსივობა. 

 

აღნიშნული ცვლილებები ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა. სახელდობრ, 2022 წლის 26 აგვისტოს მოსაზრებით, კომისიამ მიუთითა, რომ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების საერთო ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატური ჩანს - არსებობს ეჭვები სასამართლო და საპარლამენტო კონტროლის ეფექტურობის მიმართ, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილება ლიმიტირებულია. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესება. 

 

ვინაიდან, მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფარული საგამოძიებო ღონისძიების განხორციელების, ისე სუბიექტისთვის შეტყობინების ვადები, აუცილებელია ადამიანის პირადი ცხოვრების საპროცესო გარანტიების გაზრდა. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს დაცვის უფლების ex parte განხორციელების შესაძლებლობის დანერგვა. სახელდობრ, უნდა შეიქმნას სპეციალურ ადვოკატთა სერვისი, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის ინტერესებს დაიცავენ სასამართლოში პროკურორის შესაბამისი შუამდგომლობების განხილვისას (ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ცოდნის გარეშე). 

 

ამგვარი ფუნქციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მინიჭება მნიშვნელოვნად გაზრდის მის შესაძლებლობას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ეფექტური ზედამხედველობის თვალსაზრისით. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023