ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შეფერხების მიზეზები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 15 ივნისი 2016

ავტორი: გიორგი ლომთაძე

 

10 ივნისს, ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი განიხილა. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მინისტრებმა ვერ მიიღეს, ევროკავშირის რიგი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგობის გამო. 20 ივნისს, აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს. იმ შემთხვევაში თუ ამ შეხვედრაზე საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულება შეიძლება რამდენიმე თვით გადაიდოს.


წინამდებარე სტატიის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის პროცედურული მიმოხილვა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შესაძლო შეფერხების მიზეზების ანალიზი.


სტატიაში განხილულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში ჩართული ევროკავშირის ინსტიტუტების თავისებურებები, მათი როლი და გავლენა პროცესის წარმატებით დასრულებაზე. სტატიაში ასევე გაანალიზებულია ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემაფერხებელი ოფიციალური და სავარაუდო არაოფიციალური მიზეზები.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო 2012 წლის ივნისში. 2013 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP). ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) შენგენის ზონაში (რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას და ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას), მას შემდეგ რაც საქართველო დააკმაყოფილებს VLAP-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.


საქართველოს მიერ VLAP-ის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიშში, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ საქართველომ შეასრულა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეების გულისწყრომა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა.

 

პროცესის უკეთ გასაგებად, აუცილებელია გავითვალისწინოთ ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობა და მსგავს საკანონმდებლო ცვლილებებზე პასუხისმგებელი ძირითადი ინსტიტუტების თავისებურებები, ისევე როგორც საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცედურები.

 

ევროკავშირის ინსტიტუტები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია

 

ევროკავშირი არის მსხვილი ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ევროპის 28 ქვეყანას აერთიანებს. თავისი არსით, ინსტიტუტებით (საკანონმდებლო და აღმასრულებელი) და შიდა მოწყობით, ევროკავშირი ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფოს. ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტია ლისაბონის ხელშეკრულება, რომელიც ფაქტობრივად ამ გაერთიანების კონსტიტუციას წარმოადგენს. სხვა საკითებთან ერთად, ამ ხელშეკრულების მიხედვით არის გამიჯნული ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციის სფეროები. კომპეტენციის სფეროში იგულისხმება კანონშემოქმედებითი უფლებამოსილება, შესაბამისად რიგ სფეროებში ევროკავშირს აქვს უფლებამოსილება შექმნას კანონები და შეცვალოს ისინი, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში, წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოები ახორციელებენ ამ უფლებამოსილებას.

 

ევროკავშირის ძირითადი საკანონმდებლო ორგანოებია ევროკავშირის საბჭო (არაფორმალურად მინისტრთა საბჭო) და ევროპის პარლამენტი (ევროპარლამენტი). მინისტრთა საბჭო არის ორგანო, სადაც წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო. საბჭოში ყოველი წევრი სახელმწიფო აგზავნის თავის სრულუფლებიან წარმომადგენელს, რომლებიც, შეირჩევიან იმ სამინისტროებიდან და უწყებებიდან, რომელთა კომპეტენციის სფეროში არსებული საკითხიც არის საბჭოში განხილვის საგანი. ევროპარლამენტი წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ინსტიტუტს, რომლის წევრებიც პირდაპირი საყოველთაო არჩევნების წესით არიან არჩეულნი, 5 წლის ვადით.


ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა ევროკომისია. ევროკომისია გამოხატავს გაერთიანების ინტერესებს და არ იღებს ინსტრუქციებს ცალკეული წევრი სახელმწიფოებისაგან. ევროკომისია მეთვალყურეობას უწევს ხელშეკრულებათა შესრულებას და უზრუნველყოფს მინისტრთა საბჭოს/ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციებისა და დირექტივების სათანადო შესრულებას. ამასთანავე, ევროკომისიას აქვს კანონპროექტების ინიცირების ექსკლუზიური უფლებამოსილება.

 

სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში (ერთ-ერთი ნორმატიული აქტი) ცვლილებას, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში (უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) გადატანას ითვალისწინებს.

 

სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურა


როგორც აღინიშნა, ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად (კერძოდ კი მისი ერთ-ერთი ნაწილის - „ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ“) ევროკომისიას აქვს საკანონმდებლო წინადადებების ინიცირების ექსკლუზიური უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული). 83 სფეროში არსებულ კანონმდებლობაზე ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას, რასაც ეწოდება - „ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურა“ (Ordinary Legislative Procedure). ევროკომისიამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა 2016 წლის 9 მარტს.


ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა უნდა განიხილონ და მას კენჭი უყარონ, რათა საკანონმდებლო ცვლილება დამტკიცდეს. საბოლოოდ, განახლებული რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებას ხელს მოაწერენ ევროპარლამენტის პრეზიდენტი (მარტინ შულცი) და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (ამჟამად ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბერტ კონდერსი). რეგულაცია მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 20 დღეში შევა ძალაში.


პროცედურულად, ინიციატივის განხილვა შეიძლება მოხდეს მაქსიმუმ სამი მოსმენის შედეგად, როდესაც ინიციატივაში შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ ევროპარლამენტსა და საბჭოს. თუმცა, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივას, როგორც წესი პირველი მოსმენით ამტკიცებენ, რადგან შინაარსობრივად ინიციატივას არ ცვლიან.

 

ინიციატივის განხილვა ევროპარლამენტში


როდესაც ევროპარლამენტს წარედგინება ევროკომისიის წინადადება, პარლამენტი ემზადება ინიციატივის შეფასებისთვის და შემდგომ კენჭისყრისთვის. საკანონმდებლო წინადადების შეფასება ევალება ინიციატივაში განხილულ საკითხში კომპეტენტურ კომიტეტს - ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაში ეს კომიტეტია ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი - LIBE (მომხსენებელი (Rapporteur) მარია გაბრიელი - ევროპის სახალხო პარტიის წევრი, ქრისტიან-დემოკრატები, ბულგარეთი). მოსაზრებას ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ ასევე გამოთქვამს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი - AFET.


მას შემდეგ რაც მომხსენებლის ანგარიში იქნება განხილული და დამტკიცებული კომიტეტში, საკითხი გადის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო ცვლილებას უნდა ეყაროს კენჭი. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივების დამტკიცება ხდება ხმათა უბრალო უმრავლესობით.


2016 წლის 26 აპრილს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი ყველა გამომსვლელმა დაუჭირა.


ევროპარლამენტში, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ მხარს, რაც საქართველოსთვის პლენარულ სხდომაზე დადებითი გადაწყვეტილების გარანტიაა. ამას ცხადყოფს ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადება, რომ საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის დასაწესებლად აუცილებელი ყველა კრიტერიუმი შეასრულა და ამ საკითხის განხილვა არ უნდა დაყოვნდეს. ასევე მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს. სკეპტიკოსი ევროპარლამენტარების (იარომირ შტეტინა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი) აზრითაც კი, საქართველომ დაიმსახურა ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა პროცესი უნდა დასრულდეს ოქტომბრის არჩევნების შემდგომ.


ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პლენარულ სხდომაზე საკითხის გატანამდე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი ელოდება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ არ იქნა მიღებული. მომდევნო პლენარული სხდომა ჩანიშნულია 4-7 ივლისს, რის შემდეგაც პლენარული სხდომები მხოლოდ 12 სექტემბრიდან განახლდება. შესაბამისად, თუ საქართველოს სურს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი დასრულდეს ზაფხულში, ევროპარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს ივლისის პლენარული სხდომის დროს. სამწუხაროდ, მსგავსი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის საბჭოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

გადაწყვეტილების მიღების პროცედურა ევროკავშირის საბჭოში


სანამ ინიციატივას კენჭს უყრიან შესაბამისი სფეროს წევრი სახელმწიფოების მინისტრები, ევროკავშირის საბჭოს პოზიცია წინასწარ მზადდება სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც შემდგომ საკითხს გადასცემენ მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს (Coreper). მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები შესაბამის სფეროში - ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები.


კენჭისყრა ხდება კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს რომ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55 %-მა, რომლებიც ამასთანავე უნდა წარმოადგენდნენ ევროკავშირის მოსახლეობის არანაკლებ 65 %-ს.


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა საქართვლოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სამი შეხვედრა გამართა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაკვირი არ იყო, რომ 10 ივნისს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო საქართველოსთან მიმართებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები იკრიბებიან სამ თვეში ერთხელ, რაც გულისხმობს რომ მომავალი შეხვედრა ამ კონფიგურაციით ჩატარდება ოქტომბერში.


20 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრა უკანასკნელი შესაძლებლობაა რათა საქართველომ მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ისეთი ქვეყნები როგორიცაა გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ბელგია ეწინააღმდეგებიან პროცესის დასრულებას ევროკაშირის საბჭოში. ამ ქვეყნებს შეუძლიათ შეკრან ეგრეთწოდებული „Blocking Minority“ (მინიმუმ 4 ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს ევროკავშირის მოსახლეობის 35%) საბჭოში, რომელიც საბჭოს პარალიზებას გამოიწვევს. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება ოქტომბრამდე შეიძლება ვერ მოხერხდეს. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რომელმაც მრავალჯერ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.


შესაბამისად, ევროკავშირის ორი ინსტიტუტის - ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია შეიძლება გადაიდოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვინაიდან ევროკავშირის საბჭოში საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა.

 

 

შეფერხების მიზეზები

 


სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დროული და წარმატებული დასრულების შეფერხების ოფიციალური მიზეზი არის ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, იტალია) სკეპტიციზმი, რაც გამოწვეულია ამ ქვეყნებში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულებებით. ამ საკითხზე განსაკუთრებით მწვავე პოზიცია აქვს გერმანიას, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანულ მედიასივრცეში (BILD, DIE WELT, N-TV, SPIEGEL ONLINE) გავრცელდა ცნობები/სტატიები გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების შესახებ. მედიასაშუალებებში აღნიშნული იყო, რომ გერმანიაში ბინის ძარცვის შემთხვევების უმეტესობა ქართველი კრიმინალების მიერაა ჩადენილი.


აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და გერმანიაში საქართველოს საელჩომ მოითხოვეს ინფორმაცია თუ რა მონაცემებს ემყარებოდა სტატიაში მოცემული მოსაზრება, SPIEGEL ONLINE-ს რედაქციამ სტატიაში შესწორება შეიტანა და სიტყვა „უმეტესობა“ შეცვალა „ბევრით“.


გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის სტატისტიკით ირკვევა, რომ გერმანიაში 2015 წელს საერთო ჯამში ბინის ძარცვის 167 136 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ შემთხვეებთან დაკავშირებით დააკავეს 17 670 პირი, რომელთაგან უცხოელი მხოლოდ 7096 (40,2%) იყო. ქართველი ეჭვმიტანილების რაოდენობა კი შეადგენდა 455 ადამიანს, ანუ უცხოელი ეჭვმიტანილების 6,4%.

 



წყარო: „Die Kriminalität in der Bundesrepublik Deutschland - Polizeiliche Kriminalstatistik für das Jahr 2015“, გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახური, 2015წ, გვ. 79.

 


შესაბამისად, საეჭვოა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ქართული კრიმინალური დაჯგუფების თემის წინ წამოწევა, იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულებში ქართველების წილი მცირეა. ამასთანავე ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები 2015 წლიდან ცნობილია და გერმანიის მთავრობას შეეძლო წინასწარ გაეჟღერებინა ეს პრობლემა, რათა დროულად მომხდარიყო საქართველოს მთავრობის მხრიდან რეაგირება.


ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაჭიანურების სხვა, არაოფიციალური მიზეზები არსებობს.


სავარაუდო მიზეზებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ:

 

• ევროპის საიმიგრაციო/ლტოლვილთა კრიზისი
• რუსეთის მხრიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე სავარაუდო ზეწოლა
• საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესების თანადროული განხილვა და ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გადახედვა

 

ჩამოთვლილი მიზეზები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

 

1. მიმდინარე პროცესებში საიმიგრაციო/ლტოლვილთა კრიზისის როლი მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი პროცესები უარყოფით გავლენას ახდენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების დამოკიდებულებაზე მესამე ქვეყნის მოქალაქეების უკონტროლო შემოშვებასთან მიმართებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის მიხედვით, 2015 წლისთვის მილიონზე მეტმა ლტოლვილმა გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. ლტოლვილთა დიდმა ტალღამ გაამწვავა ანტი-საიმიგრაციო შეხედულებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რაც ულტრა მემარჯვენე პარტიების აღმასვლას უწყობს ხელს. ამის ნათელი მაგალითია ისეთი პარტიები როგორიცაა - ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD), იობიკი (უნგრეთი), თავისუფლებს პარტია (ავსტრია), ოქროს განთიადი (საბერძნეთი), ეროვნული ფრონტი (საფრანგეთი) რომლებიც ამჟამად მეტი პოპულარობით სარგებლობენ ვიდრე კრიზისამდე. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მმართველ ძალებს მოსახლეობის განწყობის გათვალისწინება უწევთ. შესაბამისად, საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგს გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ართულებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც მმართველ გუნდში განხეთქილებაა. არსებულმა კრიზისმა ბზარი გააჩინა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის გაერთიანებაში, შესაბამისად ანგელა მერკელსა და ჰორსტ ზიჰოფერს შორის. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი 2016 წლის თებერვალში მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შეხვდა ვლადიმერ პუტინს.


2. ამასთანავე, გამორიცხული არაა, რომ რუსეთი სხვადასხვა გზებით ახდენდეს ზეწოლას ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. ზოგიერთ ულტრა მემარჯვენე პოპულისტ პარტიას კრემლი აფინანსებს, რითაც უწყობს ხელს ამ ჯგუფების გაძლიერებას. ერთ-ერთი მაგალითია საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე ეროვნული ფრონტი, რომელმაც 2014 წელს 9 მილიონი ევრო ისესხა ჩეხურ-რუსული ბანკიდან და 2017 წლის საარჩევნო კამპანიისთვის დამატებით 27 მილიონი ევროს სესხებას აპირებს. შუამავალი პირი, რომელმაც სესხის აღება შესაძლებელი გახადა არის ჟან-ლუკ შოფჰაუზერი, რომელიც ამჟამად ევროპარლამენტის წევრია. ასევე, როგორც აღინიშნა, გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი პარტიის ლიდერი მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტით ამ წლის თებერვალში, მაშინ როდესაც ანგელა მერკელი ამ ვიზიტს ეწინააღმდეგებოდა. ასევე, აღსანიშნავია კრემლის საინფორმაციო ომი და მსგავსი მეთოდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები.


3. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ საქართველოს გარდა, ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან. იმის მიუხედავად, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ინდივიდუალურად იღებს ყოველი პარტნიორის შემთხვევაში, ეს პროცესები თანადროულად მიმდინარეობს და ერთმანეთზე გავლენას ახდენს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე განიხილავენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის, რაც გულისხმობს იმ პირობათა ნუსხის გაფართოებას, რომელთა გათვალისწინებით ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაა შესაძლებელი. ამ მექანიზმის მთავარი სამიზნე თურქეთია. 2016 წლის 18 მარტს ევროკავშირსა და თურქეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად თურქეთი, მისი ტერიტორიიდან საბერძნეთის კუნძულებზე გადასულ ლტოლვილებს უკან დაიბრუნებს, მათი უკან დაბრუნების ხარჯებს კი ევროკავშირი გაიღებს. ამ შეთანხმების სანაცვლოდ, ევროკავშირი თურქეთს უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას დაპირდა. თუმცა, გარკვეული მოთხოვნების (მთლიანობაში 72) დაკმაყოფილება თურქეთსაც უწევს, მათ შორის ანტი-ტერორისტული კანონმდებლობის გადახედვა (რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანახმად ფართოა და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინაარმდეგ), რაზეც ანკარა უარს ამბობს. ზუსტად ამ პირობების გათვალისწინებით სურს ევროკავშირს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ამუშავებას დაელოდოს სანამ დაასრულებს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან. უკრაინამ, ისევე როგორც საქართველომ, შეასრულა VLAP-ით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუმცა საქართველოს მსგავსად კითხვის ნიშნები უკრაინის შემთხვევაშიცაა. სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ „უპირატესობა“ მიანიჭონ რომელიმე ქვეყანას და სხვებზე ადრე დაასრულონ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიერ VLAP-ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი შესაძლებელია შეფერხდეს. 20 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრისას საბოლოოდ გადაწყდება მიიღებს თუ არა საქართველო ვიზა ლიბერალიზაციას ოქტომბრის თვის საპარლამენტო არჩევნებამდე. საქართველოსთან ერთად, ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან, რაც საქართველოსთან მიმართებაში დადებითი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ამასთანავე, ევროპის მიგრაციული კრიზისის და ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანასთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის პოლიტიკური სენსიტიურობის გათვალისწინებით, დიდია იმის ალბათობა, რომ ვიზა ლიბერალზიაციის შეჩერების მექანიზმის გადახედვამდე ვერცერთმა ზემოთ ხსენებულმა ქვეყანამ ვერ მიიღოს გამარტივებული უვიზო რეჟიმი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024