საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურები გამჭვირვალე არ არის

სიახლეები | კვლევები | სამოქალაქო კონტროლი | კვლევითი საქმიანობა | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 12 იანვარი 2018

საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკიდან გამოდინარე, სახელმწიფოს შეუძლია თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრას იმ საფუძვლით, რომ იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს, ისე, რომ თავშესაფრის მაძიებელს არ აქვს არანაირი ინფორმაცია, კონკრეტულად რაზე დაყრდნობით ხდება მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა.

 


შესაბამისად, ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში მითითებული არ არის უარის კონკრეტული დეტალები, დასახელებული არ არის თავშესაფრის მაძიებლებისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ზოგადი საფუძვლებიც კი, მათ შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი ან სხვ.

 

კვლევის შედეგად იკვეთება ორი ძირითადი პრობლემა:


- იმის გამო, რომ თავშესაფრის მაძიებლებს და არც მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს არ აქვთ დასახელებული ინფორმაცია, ისინი ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.


- იმის გამო, რომ დასახელებული ინფორმაცია მოცემული არ არის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს.

 

IDFI მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემები განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ხარვეზებით.

 

IDFI-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით დაადგინა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე იმ არგუმენტით, რომ არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ განმცხადებელი საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობას ან საზოგადოებრივ წესრიგს.


„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო იღებს. შესაბამისად, IDFI-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან გამოითხოვა იმ გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ასლები, სადაც მოპასუხეს წარმოადგენდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხოლო დავის საგანს კი სამინისტროს მიერ აპელანტთათვის სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლით თავშესაფრის მინიჭებაზე უარი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მოთხოვნა წარმოადგენდა.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის სახით მიაწოდა ყველა იმ გადაწყვეტილებისა და განჩინების ასლი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში იქნა გამოტანილი.


IDFI ასევე გაეცნო სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსებულ სტატისტიკურ მონაცემებს.

 

თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკა

 

IDFI-მ გაანალიზა ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკა და სამინისტროს ვებგვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. განხილული სტატისტიკური მაჩვენებლები ეჭვს ბადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სამინისტრო შესაძლოა საკანონმდებლო ხარვეზს თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფარზე უარის თქმისათვის იყენებდნენ. კერძოდ, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2017 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში 95 თავშესაფრის მაძიებელს თავშესაფარზე უარი სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ეთქვა, რაც ერთი წლის კვალობაზე ძალიან დიდი რიცხვია. აღნიშნულს ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ, სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული თავშესაფრის მაძიებლების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს.

 

  

 

 

ასევე საგულისხმოა თავშესაფრის მინიჭების სტატისტიკა ახლოსაზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლების მიმართ. IDFI-ის მიერ განხორციელებული სტატისტიკურმა ანალიზმა უჩვენა, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და განსაკუთრებით თურქეთის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლები ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან თითქმის არცერთ შემთხვევაში არ იღებენ ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს. 2012-2017(VI) წლების სტატისტიკის თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქე ჯამში 5 თავშესაფრის მაძიებელს მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

 

  

 

 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე


თავშესაფრის მაძიებელთან მიმართებით ბოლოდროინდელი ყველაზე გახმაურებული საქმე მუსტაფა ემრე ჩაბუქისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ეხება.


მნიშვნელოვანია სამინისტროს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ფაქტობრივი გარემოებები. თურქეთის სახელმწიფომ საქართველოს მოსთხოვა მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება და თურქეთში ექსტრადირება, რის შემდეგაც მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. მას შეეფარდა წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომში დამატებით სამი თვით გახანგრძლივდა. თურქეთის სახელმწიფო ჩაბუქის ექსტრადაციას მისი ფეთულა გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირის გამო ითხოვდა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.


მუსტაფა ემრე ჩაბუქმა 2017 წლის 31 მაისს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართა, რაზეც მას უარი ეთქვა. სამინისტროს არ შეუფასებია დეტალები, თუ როგორ პირობებში მოუწევდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ყოფნა, თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში. სამინისტროს არ გაუთვალისწინებია თურქეთის ციხეში არსებული ვითარება, რომელზეც არაერთი წყარო მიუთითებს, მათ შორის ევროპული კომისია, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და სხვ., რომ თურქეთის ციხეებში, იქ არსებული ზოგადი ვითარებისა და კონკრეტული ფაქტების გათვალისწინებით, ადამიანები შესაძლოა წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას დაექვემდებარონ. ასევე აღსანიშნავია ევროპის ქვეყნების პრაქტიკა, რომლებმაც, გიულენის ორგანიზაციის წევრების გადაცემის მოთხოვნის მიუხედავად, ეს პირები თურქეთისათვის არ გადაუციათ.


აღნიშნული საქმისა და ახლოსაზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლებისათვის თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი უჩვენებს, რომ თავშესაფრის მინიჭების პროცედურების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად გამოყენების რეალური რისკი არსებობს.

 

რეკომენდაციები

 

IDFI-ის პოზიციით,აუცილებელიაშეიცვალოს კანონმდებლობა და აღმოიფხვრას ხარვეზები შემდეგი მიმართულებით:

 

- თავშესაფრის მაძიებლებსა და მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებად მოაზრებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებლების მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებს უდევს საფუძვლად.


მართალია, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაცია ყველა შემთხვევაში საზოგადოებისათვის სრულად ხელმისაწვდომი შესაძლოა არ იყოს, თუმცა აუცილებელია დაბალანსდეს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის ინტერესები.


სასურველია, საქართველოს კანონმდებლობაში აისახოს გაერთიანებული სამეფოსა და კანადის მსგავსი მოდელი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ადვოკატს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას. ეს დააბალანსებს თავშესაფრის მაძიებლის უფლებას, ჰქონდეს წვდომა სამართლიან სასამართლოზე და სახელმწიფო უსაფრთხოების საჯარო ინტერესს.


გარდა ამისა, კიდევ ერთ ალტერნატივას წარმოადგენს, სასამართლოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მხარის შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, გადასცემს თუ არა და რა მოცულობით გადასცემს სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელსა და მისი დაცვის განმახორციელებელ პირებს. ამგვარი მოდელის ჩამოყალიბების პირობებში კი, ცხადია, კანონმდებლობაში ზედმიწევნით გაიწეროს პროცედურული ნორმები.


IDFI-ის პოზიციით, დამატებით ალტერნატიულ გზას წარმოადგენს, თუ კანონმდებლობით სახალხო დამცველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოსთავშესაფრის მაძიებლისათვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის უარის თქმის შესახებ კონკრეტულ საფუძვლებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფუძვლების სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს. აქაც, ამგვარი მოდელის ჩამოყალიბების პირობებში კანონმდებლობაში სრული სიზუსტით უნდა გაიწეროს პროცედურული ნორმები, მათ შორის სახალხო დამცველისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოქმედების არეალი - რა შემთხვევებში და რა ტიპის რეაგირების შესაძლებლობა აქვთ თავშესაფრის მინიჭებასთან დაკავშირებული სასამართლო დავების დროს.


- უნდა დაბალანსდეს ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები.


IDFI-ის პოზიციით, ინფორმაციის საჯაროობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს დააბალანსებს, თუ სასამართლო გადაწყვეტილებებში სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლად მითითებული იქნება ზოგადი დეტალები მაინც, მათ შორის სავარაუდო კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და სხვ. თუმცა, ცხადია, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კანონმდებლობა უშუალოდ თავშესაფრის მაძიებლის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს.

 

არსებული კანონდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის სრული მიმოხილვა იხილეთ კვლევაში. 

 

ანალიზი მომზადებული პროექტის - საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

                          

 

/public/upload/IDFI_Photos_2017/vizualization/Article_IDFI_Refugees _geo.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024