საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | პოლიტიკის დოკუმენტები 20 ოქტომბერი 2024

ავტორი: ნინო კაპანაძე

 

რეზიუმე

 

თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიებში მოქალაქეები სულ უფრო თამამად და ღიად აკრიტიკებენ მმართველ ხელისუფლებას, სააშკარაოზე გამოაქვთ მათი შეცდომები, უკმაყოფილების შემთხვევაში მიმართავენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს, იქნება ეს გასაჩივრება სასამართლოებში თუ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და კომუნიკაციის სხვადასხვა მექანიზმები.[1] მოსახლეობის ჩართულობა, განსაკუთრებით, წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში, ხელს უწყობს დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, საზოგადოების ინტერესების უკეთ წარმოდგენას. მოქალაქეთა მონაწილეობა უზრუნველყოფს, რომ პარლამენტი უკეთესად იყოს ინფორმირებული ხალხის საჭიროებების, შეხედულებებისა და პრიორიტეტების შესახებ. ეს უწყობს ხელს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც პასუხობს საზოგადოების რეალურ მოთხოვნებს.

 

პარლამენტის კომპეტენციების წარმატება იმდენად არ იზომება საბოლოო პოლიტიკის მიღებით, რამდენადაც დებატების ან საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობით.[2] პარლამენტების უპირველესი მანდატი წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულებაა, რასაც ისინი კანონშემოქმედებითი და აღმასრულებელი შტოს საქმიანობის ზედამხედველობის გზით ასრულებენ. ლოგიკურია დასკვნა, რომ თუკი დასახელებული ორი ტიპის საქმიანობას ისინი სათანადოდ ვერ განახორციელებენ, წარმომადგენლობითი მანდატის შესრულების ხარისხიც დაბალი იქნება.

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მიზანია, ერთი მხრივ, მიმოიხილოს პრობლემები და ბარიერები, რომლებსაც აწყდებიან მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან კომუნიკაციის პროცესში, მეორე მხრივ კი, წარმოადგინოს ამ კომუნიკაციის გაუმჯობესების პერსპექტივები, შესთავაზოს პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას უმაღლეს წარმომადგენლობით საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეთა კავშირის გაძლიერების მექანიზმები რეკომენდაციების სახით.

 

შესავალი

 

წარმომადგენლობითი მანდატის შესასრულებლად პარლამენტს საკანონმდებლო და საზედამხედველო უფლებამოსილებების გარდა, პირდაპირი ინსტრუმენტებიც გააჩნია: ესენია მოქალაქეთა[3] ჩართულობის და მონაწილეობის მექანიზმები პარლამენტის საქმიანობაში. ეს მექანიზმები უკავშირდება როგორც უშუალოდ საკანონმდებლო პროცესს (კანონპროექტების წარდგენის კუთხით), ისე სხვა საზოგადო თუ პერსონალურ საკითხებზე უშუალოდ საპარლამენტო სუბიექტებისთვის მიმართვის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, წარმომადგენლობითობის ელემენტებს საზედამხედველო საქმიანობაც შეიცავს.

 

იმისათვის, რომ არჩევნების დღის შემდეგ კვლავ დააკავშირონ და ჩართონ მოქალაქეები თავიანთ მმართველ ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში, ბევრმა მოწინავე თანამედროვე დემოკრატიამ შემოიღო ინოვაციური რეფორმები იმისათვის, რათა ახალ მოდელზე გადაეყვანა მოქალაქეთა ურთიერთობის გზა საჯარო ინსტიტუტებთან.[4] აქედან გამომდინარე, უბრალოდ რეფორმების მიღება, რომლებიც „სამოქალაქო ჩართულობის“ საშუალებას იძლევა, საკმარისად აღარ მიიჩნევა პოლიტიკური სისტემისადმი საზოგადოების მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად.[5] ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი მმართველი სისტემებისადმი საზოგადოების ნდობის შესამჩნევი შემცირება გახდა, რამაც, თავის მხრივ, საფუძველი დაუდო ტრანსფორმაციული რეფორმების საფუძვლების ჩაყრას, რათა გაეფართოებინათ მოქალაქეებისთვის თავიანთ ხელისუფლებებთან დაკავშირების შესაძლებლობები[6] და გაეზარდათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი.[7] შედეგად, ქვეყნებმა გადაწყვიტეს, მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთოთ პოლიტიკის შემუშავებასა და ფორმულირებაში.[8]

 

ამ კონტექსტში პეტიციის უფლება ნათლად იქნა მიჩნეული „ადვოკატირებითი დემოკრატიის“ (advocacy democracy) ფორმად.[9] ეს უკანასკნელი ხასიათდება როგორც ნახევრად პირდაპირი დემოკრატია, რომელი მიზნად ისახავს პოლიტიკური მონაწილეობის საშუალებების გაფართოებას ადვოკატირებითი დემოკრატიის ახალი სტილის მეშვეობით, რომელშიც მოქალაქეები მონაწილეობენ პოლიტიკის განხილვასა და ფორმირებაში - პირდაპირ ან წარმომადგენლების მეშვეობით, როგორიცაა საზოგადოებრივი ინტერესების ჯგუფები - თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებებს მაინც ხელისუფლების ორგანოები იღებენ.[10] მართლაც, მიიჩნევენ, რომ პეტიციის უფლება უფრო ახლოსაა დემოკრატიის წარმომადგენლობით ფორმასთან, ვიდრე წმინდა პირდაპირ დემოკრატიასთან,[11] თუმცა, „წარმომადგენლობითი დემოკრატია მოქალაქეთა მონაწილეობას კი არ გამორიცხავს, არამედ მისი წინაპირობაა“.[12]

 

პეტიციები, ერთი მხრივ, მონაწილეობის ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი, ისინი აძლევს პარლამენტს საშუალებას, პეტიციებში გადმოცემული პრობლემების შესწავლის შედეგად ზედამხედველობის ფუნქციაც მოიყვანოს მოქმედებაში. ამ ორი არსებითი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საინტერესოა, როგორი დანიშნულება და გამოყენება გააჩნია ამ ინსტიტუტს საქართველოში და რამდენად ასრულებს ის მოქალაქეთა ხმის ფუნქციას უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში.

 

საქართველოს პარლამენტში ნორმატიულ დონეზე, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის საკმაოდ მრავალფეროვანი პაკეტი არსებობს, თუმცა სხვა საკითხია, როგორია პრაქტიკა მათი გამოყენების მხრივ, რამდენად ეფექტიანია მათი მეშვეობით მოქალაქეთა და მათ წარმომადგენელთა შორის კომუნიკაცია, რა ბარიერებს აწყდებიან ისინი პარლამენტთან ურთიერთობისას და საბოლოოდ, რამდენად ასახავს საპარლამენტო საქმიანობა - კანონმდებლობა თუ კონტროლის პროცესში წარმოებული დებატები - მოქალაქეთა წუხილებსა და პრობლემებს. წინამდებარე დოკუმენტი ამ საკითხებს შეისწავლის პოლიტიკის დოკუმენტის ფორმატით: სიტუაციის ანალიზის და პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად შემუშავდება პრობლემების დაძლევის ალტერნატივები, შეირჩევა ყველაზე ოპტიმალური ალტერნატივა და წარმოდგენილი იქნება შესაბამისი რეკომენდაციები.

 

პრობლემის ხის ანალიზი

 

მოქალაქეთა ჩართულობის/მონაწილეობის მექანიზმების რაოდენობის გაზრდა საკანონმდებლო ანდა ლოჯისტიკურ დონეზე, თვითმიზანი და მისი ეფექტიანობის ერთადერთი ინდიკატორი არ არის. ამ პროცესში მთავარია ჩანდეს, მოქალაქეთა ხმა სად/ვისთან და როგორი გზით მიდის.

 

როგორც სიტუაციის ანალიზის დროს შეგროვებულმა მონაცემებმა წარმოაჩინა, მოქალაქეთა დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობაში მათი ჩართულობის საშუალებების შესახებ, არ იციან როგორ დაუკავშირდნენ დეპუტატს, მათში არსებობს მიმართვის უპერსპექტივობის, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების უიმედობის და უწყების მიმართ უნდობლობის მაღალი დონე. ეს მიზეზები გამოიკვეთა პარლამენტის ერთ-ერთი ისეთი საზედამხედველო მექანიზმის, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კონტროლს ითვალისწინებს (თემატური მოკვლევა), შესახებ დასმულმა შეკითხვამაც. ხოლო საპარლამენტო დებატებში, რომელიც უმეტესად საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების დროს იმართება, გამოკითხულთა თითქმის 40%-ის მიერ მითითება, რომ ეს დებატები საერთოდ არ ასახავს მოქალაქეთა საჭიროებებს, აჩენს იმის საფუძველს, რომ ეს პრობლემა პოლიტიკის დონეზე დადგეს დღის წესრიგში, შესწავლილ იქნეს მისი გამომწვევი მიზეზები, ასევე გამოიკვეთოს ის უარყოფითი პროგნოზები (გავლენები), რაც ამ პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის შემდეგ დაისახოს პრობლემის გადაჭრის გზები.

 

წინა ქვეთავიდან გამომდინარე, ფაქტობრივი სიტუაციის და კანონმდებლობის ანალიზის შედეგად, პრობლემური ფაქტორების ორი ტიპის მიმართულება შეიძლება გამოიყოს:

 

1)      პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ნაკლებობა;

2)      საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანობა.

 

მოქალაქეთა ჩართულობის ნაკლებობას, თავის მხრივ, იწვევს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჩართულობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეებში ინფორმაციის ნაკლებობა, პეტიციების დასაშვებობის მკაცრი წინაპირობები და დარგობრივი კომიტეტების გადატვირთულობა პარლამენტში.[13] ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ფაქტორია იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვით დაკავებული კომიტეტები დროულად და ეფექტიანად ვეღარ ახერხებენ მოქალაქეთა საკანონმდებლო წინადადებებისა თუ პეტიციების განხილვას, რაც მოქალაქეთა ინტერესის ნაკლებობას (აგრეთვე დასახელებულ უიმედობას და უნდობლობას) განაპირობებს.

 

რაც შეეხება მეორე ფაქტორს - საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანობას, როგორც აღინიშნა, საპარლამენტო კონტროლი და საზედამხედველო მექანიზმები არაპირდაპირი გზით უზრუნველყოფს მოქალაქეთა საჭიროებების ასახვას პოლიტიკაში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა მათ უფრო პირდაპირი და უშუალო ეფექტი იქონიონ ამ პრობლემების პოლიტიკურ დღის წესრიგში ასახვაზე. აქ იგულისხმება ცალკეული საზედამხედველო მექანიზმების პროცედურების ფარგლებში პარლამენტის სუბიექტთა მიერ მოქალაქეთა საჭიროებების გაჟღერება, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით პრობლემებზე აპელირება და მათგან პასუხების მოთხოვნა. შედეგად აღმოჩნდა, რომ პარლამენტს დღესაც არ გააჩნია ისეთი საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც აქტუალურ პრობლემებზე მთავრობის წარმომადგენლებთან საპარლამენტო დისკუსიის საშუალებას მისცემდა. ამგვარი ფორმატის არარსებობა საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანობის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შეიძლება დასახელდეს. საზედამხედველო ფუნქციის არაეფექტიანობას იწვევს აგრეთვე ის ფაქტორიც, რომ იკვეთება დეპუტატების მიერ მოქალაქეთა საჭიროებების შესწავლის არაეფექტიანი პრაქტიკა. როგორც გამოკითხვიდან ვლინდება, არც ერთ გამოკითხულ რესპონდენტს არ მოუნიშნავს პასუხი „გააჟღერა პარლამენტის სხდომაზე“ კითხვაზე, რომელიც დეპუტატის მიმართ მათ წერილზე რეაგირების შედეგთან მიმართებით იყო დასმული. გარდა ამისა, ბოლო წელს გამართული „მინისტრის საათის“ 12 პროცედურის ჩანაწერის კონტენტანალიზიდან გამოვლინდა, რომ დეპუტატების ინტერესი მინისტრების საქმიანობის მიმართ არის მცირე და ისინი ნაკლებად ეხება მოქალაქეთა საჭიროებებს, არამედ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების გაჟღერებას ემსახურება. არც ინტერპელაციის შეკითხვები და მათზე პასუხები ასახავს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს.[14]

 

საბოლოოდ, დასახელებულ ორ ფაქტორს - მოქალაქეთა პარლამენტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ნაკლებობას და საპარლამენტო კონტროლის არაეფექტიანობას მივყავართ ერთ ძირითად პრობლემამდე - საპარლამენტო პროცესები (დისკუსიები) სათანადოდ არ ასახავს მოქალაქეთა საჭიროებებს („პრობლემის ხე“ იხ. დანართის სახით).

 

დასახელებულ ძირითად პრობლემას, თავის მხრივ, შეუძლია გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებაზე. კვლევის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ 3 მათგანი. პირველ რიგში, მან შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკის მიმართ მოქალაქეთა ინტერესის შემცირება. ეს გამოიხატა კიდეც გამოკითხვის შედეგებში და სტატისტიკებში, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის პროცენტულობას ასახავს. როდესაც მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში, ეს ზრდის პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობას, ისინი უკეთესად არიან ინფორმირებულნი მიღებული გადაწყვეტილებების, კანონების და პოლიტიკის შესახებ. ეს გამჭვირვალობა, თავის მხრივ, ზრდის ნდობას, რადგან მოქალაქეები ხედავენ, როგორ და რატომ მიიღება გადაწყვეტილებები. დასახელებული პრობლემა იწვევს ასევე საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიმართ მოქალაქეთა ნდობის შემცირებას - რაც უფრო ნაკლები შესაძლებლობებია მოქალაქეთა კავშირისთვის მათ წარმომადგენლებთან, მით ნაკლებია ნდობა მათ მიმართ.[15] პრობლემა პირდაპირ კავშირშია დემოკრატიის ხარისხის შემცირებასთან, ვინაიდან, ხელისუფლება, რომლის ერთადერთი წყარო ხალხია, კავშირს მხოლოდ არჩევნების დღეს ინარჩუნებს, რაც დემოკრატიის საკმარისი პირობა არაა, არამედ მათი კავშირი მუდმივად, არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდშიც უნდა მყარდებოდეს, სხვა შემთხვევაში ლეგიტიმაციის დონე მოიკლებს.[16]

 

დაინტერესებული მხარეები წარმოდგენილი პრობლემის კონტექსტში

 

დაინტერესებულ მხარეთა კონკრეტული სეგმენტი წარმოდგენილი პრობლემის კონტექსტში ვერ გამოიკვეთება. ეს პრობლემა და მათი გავლენები თანაბრად ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ინტერესებსაც პარლამენტში დეპუტატები როგორც ინდივიდუალურად, ისე პოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით უნდა წარმოადგენდნენ. შესაბამისად, დაინტერესებული მხარე ნებისმიერი პირია, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლების ორგანოების საქმიანობა შეეხოს. გარდა ამ ზოგადი სეგმენტისა, დასახელებული პრობლემები გავლენას ახდენს ინსტიტუციურ კონტექსტშიც: პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატიც (თანამშრომლები) უშუალო შემხებლობაში არიან პრობლემასთან, ვინაიდან ისინი არიან ის აქტორები, რომლებმაც უნდა (1) მიიღონ გამართული კანონმდებლობა, (2) განახორციელონ ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი, (3) განიხილონ მოქალაქეთა წერილები თუ სხვა კორესპონდენცია, (4) უზრუნველყონ მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშემწყობი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება (მათ შორის, ლოჯისტიკურ დონეზეც). დაინტერესებულ პირთა ამ უკანასკნელ სეგმენტზე პრობლემის გადაჭრის გზების ქვემოთ განხილული ალტერნატივების გავლენა შესაძლოა გამოიხატოს იმით, რომ გაიზარდოს დეპუტატთა დატვირთვა მოქალაქეთა საჭიროებებზე მომართული დამატებითი მექანიზმების ინსტიტუციური გაძლიერების საფუძველზე, აგრეთვე გამოიწვიოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა. საპარლამენტო კონტროლის ნაწილში დაინტერესებული პირები მთავრობის წევრებიც არიან: პირველი ალტერნატივის შემთხვევაში მათ მოუწევთ პარლამენტის სხდომებზე უფრო ხშირად დასწრება, აგრეთვე პასუხების მომზადება დეპუტატების კითხვებზე.

 

პრობლემის გადაჭრის გზა და ალტერნატივების ანალიზი

 

წინამდებარე დოკუმენტში დასახელებული ძირითადი პრობლემა - “საპარლამენტო დისკუსიები სათანადოდ არ ასახავს მოქალაქეთა საჭიროებებს“ - შესაძლოა რამდენიმე გზით გადაიჭრას. ამ თავში შემოთავაზებული იქნება 3 ალტერნატივა:

 

v  ალტერნატივა 1 - ა) პეტიციების კომიტეტის შექმნა პარლამენტში; ბ) განცხადებების პროცედურის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმად  მოდიფიცირება

 

v  ალტერნატივა 2 - პეტიციებზე ხელმოწერების რაოდენობის მოთხოვნის შემცირება

 

v  ალტერნატივა 3 - სტატუს ქვოს შენარჩუნება

 

მათ უშუალო განხილვამდე „ლიტერატურის მიმოხილვის“ ფორმატით წარმოდგენილი იქნება კარგი პრაქტიკები თითოეულ ალტერნატივასთან მიმართებით, შემდეგ კი მულტიფაქტორული ანალიზის მეშვეობით გამოვლენილი იქნება პრობლემის გადასაჭრელად ოპტიმალური ალტერნატივა.

 

 

ალტერნატივების მიმოხილვა

 

პეტიციების სპეციალიზებულ კომიტეტებს არსებითი უპირატესობა აქვთ დარგობრივ კომიტეტებთან შედარებით. მთავარი დადებითი მახასიათებელი არის ის, რომ ამ კომიტეტების წევრები და თანამშრომლები ორიენტირდებიან მოქალაქეთა მიერ წარდგენილ კორესპონდენციაზე. საქართველოს პარლამენტში ამ მოდელის გაზიარების შემთხვევაში, იგი, თავის მხრივ, გამოათავისუფლებდა სხვა დარგობრივ კომიტეტებს პეტიციების და სხვა მსგავსი კორესპონდენციის განხილვისგან, როგორიცაა: მოქალაქეთა საჩივრები და წერილები, საკანონმდებლო წინადადებები. მოქალაქეთა ინდივიდუალური წერილები დეპუტატების და კომიტეტების მიმართ კი ჩაითვლება პერსონალური პეტიციების ანალოგად და მისი განხილვაც შევა პეტიციების კომიტეტის კომპეტენციაში. შესაბამისად, პირველი ალტერნატივის სახით შემოთავაზებულია პეტიციების კომიტეტის შექმნა პარლამენტში.

 

რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის კუთხით, ამ შემთხვევაში, პეტიციების კომიტეტებთან ერთ კუმულაციურად წარმოდგენილია შემდეგი ალტერნატივა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში ნაწილობრივ არსებობს აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების დაფიქსირების პროცედურა - დეპუტატთა განცხადებები, რომელიც იმართება ყოველი პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს (ფაქტობრივად, თვეში ორჯერ), წარმოდგენილი დოკუმენტის შემოთავაზებაა, განცხადებების პროცედურა გადაკეთდეს მთავრობის გამოკითხვის, აქტუალური საათის და კითხვების საათის კომბინირებულ ვარიანტად. უფრო კონკრეტულად, სამშაბათის სხდომების დასაწყისში სხდომას დაესწრონ მთავრობის წევრები (ან მათი მოადგილეები), გაიწეროს კითხვა-პასუხის პროცედურა (გამოსვლის დროები) და ის მოიცავდეს არა მხოლოდ წინასწარ გაგზავნილ კითხვებს, რომელზეც მთავრობის წევრები წარმოადგენენ დამუშავებულ პასუხებს, არამედ სპონტანურ კითხვებსაც. პროცედურის დასასრულს კი როგორც პარლამენტის წევრებს, ისე მთავრობის წარმომადგენლებსაც ექნებათ გამოსვლის შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ განცხადებების პროცედურა დღევანდელი პრაქტიკით 2-დან 3 საათამდე ხანგრძლივობისაა, შეცვლილი პროცედურა პარლამენტს არ წაართმევს დამატებით დროს; შედეგად კი გაძლიერდება როგორც საპარლამენტო კონტროლი, ისე მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენის პრაქტიკა საპარლამენტო დებატებში.

 

მეორე ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში პეტიციების წარდგენისათვის ამჟამად დადგენილი ხელმოწერების რაოდენობის შემცირება. როგორც წინა ქვეთავებში იქნა განხილული, რაოდენობის შემცირება ააქტიურებს მოქალაქეთა ჩართულობას/დაინტერესებას და ზრდის პეტიციების რაოდენობას პარლამენტებში. ეს ალტერნატივა არ მოიაზრებს სპეციალური კომიტეტის შექმნას, თუმცა, პირველის მსგავსად, მიზნად პეტიციების მიმართ მოქალაქეთა ინტერესის გაზრდას ისახავს.

 

მესამე ალტერნატივა არსებული რეგულირების და მიდგომების შენარჩუნებაა. ამ უკანასკნელის ხარვეზები წინა ქვეთავებში იქნა წარმოდგენილი და აქ აღარ განმეორდება.

 

აღნიშნული ალტერნატივები ერთმანეთთან შედარდა მულტიფაქტორული ანალიზის მეთოდით. განისაზღვრა კრიტერიუმები და შესაბამისი ქულები.

 

ალტერნატივა 1 - ა) პეტიციების კომიტეტის შექმნა პარლამენტში;

                                    ბ) განცხადებების პროცედურის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმად მოდიფიცირება

ალტერნატივა 2 - პეტიციებზე ხელმოწერების რაოდენობის მოთხოვნის შემცირება

ალტერნატივა 3 - სტატუს ქვოს შენარჩუნება

 

 

შედეგის ეფექტიანობა ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორია დოკუმენტში წარმოდგენილი პრობლემის დასაძლევად - რეალურად უნდა გაძლიერდეს მოქალაქეთა კავშირი ხელისუფლების ორგანოსთან. პირველ და მეორე ალტერნატივებს საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, პირველი დამატებით მნიშვნელოვან ფინანსური რესურსის გამოყოფასაც მოითხოვს, განსხვავებით მეორე და მესამე ალტერნატივებისგან. ვინაიდან დასახული მიზანია ის, რომ საპარლამენტო მიმდინარე პროცესები მოქალაქეთა საჭიროებებს ასახავდეს, ხარჯების საჭიროება ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად იქნა მიჩნეული პირველ ალტერნატივასთან მიმართებით. შედეგად, ეს ალტერნატივა ყველაზე ეფექტიანად დაძლევს დოკუმენტში იდენტიფიცირებულ ძირითად პრობლემას. 

 

რეკომენდაციები

 

წინა ქვეთავებში განხილული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირების შემდეგ, შემუშავებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები პარლამენტის მიმართ:

 - შევიდეს ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც გაითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

 - კომიტეტების ჩამონათვალში დაემატება პეტიციების კომიტეტი;

 - გადაიხედოს პეტიციების მარეგულირებელი ნორმა (პეტიციების საგნის ნაწილში) და მან გაითვალისწინოს პერსონალურ პრობლემებზე საჩივრის მსგავსი პეტიციის წარდგენაც;

 - პოლიტიკური განცხადებების პროცედურა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან გაითვალისწინოს მთავრობის წევრების სხდომაზე დასწრება და კითხვებზე პასუხების გაცემა;

 - შეიქმნას დეპუტატთან კონტაქტისთვის აპლიკაცია, რომელშიც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკრეტული დეპუტატის სახელზე ონლაინ ფორმატში გააგზავნოს წერილი;

 - შემოღებულ იქნეს ცალკეული დეპუტატების ანგარიშვალდებულების მექანიზმები (მაგალითად, წლიური ანგარიში), რომელშიც აისახება მათ შორის, მოქალაქეებთან ურთიერთობის, აგრეთვე პეტიციების კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის პრაქტიკა.

 

 

 --------------

 

 

[1] Pippa Norris, Democratic Phoenix, New York, Cambridge University Press, 2002, Pippa Norris, Democratic deficit: critical citizens revisited, Cambridge University Press, 2011; Anchon Fung and Erik Onil Wright, Deepening democracy: institutional innovations in empowered participatory governance, London: Verso Press, 2003; Graham Smith, Democratic innovations: Designing institutions for citizen participation, Cambridge University Press, 2009.

[2] შდრ. Catherine Bochel, "Petitions Systems: Contributing to Representative Democracy?", Parliamentary Affairs, 2012, 66(4):798-815.

[3] დოკუმენტში ტექსტის მარტივი აღქმადობის მიზნით აღნიშნულ კონტექსტში გამოყენებული იქნება ტერმინი „მოქალაქე“, რომელშიც მოიაზრება ყველა ის პირი, რომელიც შესაბამის სამართლებრივ სისტემებში ჩართულობის მექანიზმების სუბიექტი შეიძლება იყოს (მათ შორის, მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე).

[4] Christopher J. Carman, “The process is the reality: perceptions of procedural fairness and participatory democracy”, Political Studies, 58 (4), 2010, pp. 731-751. P. 731.

[5] Ibid.

[6] Bruce E.Cain, Russell J. Dalton, Susan E. Scarrow (eds) Democracy Transformed? Expanding Political Opportunities in Advanced Industrial Democracies. Oxford: Oxford University Press, 2003; Russell J. Dalton,  Democratic Challenges, Democratic Choices. Oxford: Oxford University Press, 2004.

[7] Christopher J. Carman, “The process is the reality: perceptions of procedural fairness and participatory democracy”, Political Studies, 58 (4), 2010, pp. 731-751. P. 731.

[8] Russell J. Dalton, Susan E. Scarrow and Bruce E.Cain, “New Forms of Democracy? Reform and Transformation of Democratic Institutions’, in B. E. Cain,R. J. Dalton and S. E. Scarrow (eds), Democracy Transformed? Expanding Political Opportunities in Advanced Industrial Democracies. Oxford: Oxford University Press, 2003, pp. 1–22, p. 2; Deutscher Bundestag, Wissenschaftlicher Dienst, “Wie hat die öffentliche Petition die Demokratie verändert?”, WD 1 – 3000-170/10, 2010, S. 4, https://tinyurl.com/ejczxr8k

[9] Russell J. Dalton, Susan E. Scarrow and Bruce E.Cain,  "Advanced Democracies and the New Politics", Journal of Democracy, Vol. 15 (Number 1), 2004, pp. 124-138.

[10] Tiago TIBURCIO, The Right to Petition, Directorate General for internal Policies, Policy Department c: Citizens’ Right and Constitutional Affairs Petitions, European Parliament, European Union, Brussels, 2015, p. 13.

[11] Ibid.

[12]Deutscher Bundestag, Wissenschaftlicher Dienst, “Wie hat die öffentliche Petition die Demokratie verändert?”, WD 1 – 3000-170/10, 2010, S. 7, https://tinyurl.com/ejczxr8k

[13] ეს ტენდენცია გამოიკვეთა საკანონმდებლო ინიციატივების კომიტეტებზე გადანაწილების პრაქტიკაზე დაკვირვებამ, აგრეთვე კომიტეტების წლიურ ანგარიშებში მოცემულმა სტატისტიკამ.

[14] შდრ. საიას ზემოთ მითითებული ანგარიში, აგრეთვე: ვახუშტი მენაბდე და სხვები, საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციისა და რეგლამენტის რეფორმის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020, https://tinyurl.com/bddwkn63

[15] იხ. მაგალითად, John Gastil and Peter Levine (eds.) "The Deliberative Democracy Handbook: Strategies for Effective Civic Engagement in the Twenty-First Century", July 2005, Jossey-Bass; Graham K., “From Public Participation to Citizens Engagement,” with Susan D. Phillips in Katherine A. Graham and Susan D. Phillips (eds.) Citizens Engagement: Lessons in participation From Local Government (Toronto: Institute of Public Administration of Canada and Intergovernmental Committee on Urban and Regional Research, ) Pp. 30. (Equal Co-author), 1998; Valerie Braithwaite and Margaret Levi (eds.) "Trust and Governance", New York, 1998; Robert D. Putnam, "Making Democracy Work: Civic Traditions in Modern Italy", Princeton University Press, 1993; Carole Pateman Participation and Democratic Theory", Cambridge University Press, 2014.

[16] Marina Caparini, Controlling and Overseeing Intelligence Services in Democratic States, in: Marina, Caparini, Hans Born, Democratic Control of Intelligence Services, Routledge, 2007, 25-46, 3; Tobias Kumpf, Die Kontrolle der Nachrichtendienste des Bundes. Zur Reform der Kontrolle der Nachrichtendienste und zur Kontrolle der nachrichtendienstlichen Beobachtung von Abgeordneten des Bundestages, Hamburg, 2014, 113.

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.

 

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/Nino Kapanadze - Policy Document.pdf

 

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/one pager-Kapanadze.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024