საქართველოს ექსპორტის პრობლემები და ექსპორტის წამახალისებელი პროგრამები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 28 ივლისი 2016

ავტორი: ლაშა არევაძე

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020."

 

ბოლო ორი წელია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა მცირდება. განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტს. თუ კარგად დავაკვირდებით, ეს შემცირება მიმდინარეობს ექსპორტში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების ფონზე და არა მხოლოდ რაოდენობრივი შემცირება და მისი გამომწვევი მიზეზები არის საინტერესო.


როდესაც ექსპორტზე არის საუბარი, რატომღაც უმეტესად საქონლის ექსპორტი ექცევა ყურადღების ქვეშ, ხოლო მომსახურების ექსპორტი არც ისე ხშირად არის განხილვის თემა. მომსახურების ექსპორტზე ნაკლები აქცენტი უცნაურია, როდესაც, მაგალითად, საქონლის ექსპორტი (merchandise) მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით 2014 წელს იყო 16%, ხოლო მთლიანმა ექსპორტმა (საქონელი და მომსახურება) მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 42%, ანუ საქართველოს ექსპორტში მომსახურების ექსპორტი დომინირებს. თუმცა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ მომსახურების ექსპორტის კლების დინამიკა ძირითადად იგივეა რაც საქონლის ექსპორტის (დაახლოებით, 25%-ით შემცირდა).


მთლიანი ექსპორტის მშპ-სთან მიმართებით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით 2014 წელს 76-ე ადგილზე იყო, რაც 2010 წლიდან მოყოლებული საუკეთესო მაჩვენებელია. თუმცა, 2015 წელს საქართველოს ექსპორტის კლება იმდენად მკვეთრი იყო, რომ ამ კომპონენტში მკვეთრი უკან დახევაა მოსალოდნელი, როდესაც 2015 წელს ყველა ქვეყნის საბოლოო მონაცემები გამოქვეყნდება და შედარებაც შესაძლებელი იქნება. მთავარი ფაქტი არის ის, რომ მიუხედავად ექსპორტში შარშანდელი მკვეთრი შემცირებისა, ეს ტენდენცია გაგრძელდა წელსაც და შემცირება ხდება შარშანდელთან შედარებითაც კი. მაგალითად, 2016 წლის თებერვალში მთლიანად 2014 წლის თებერვალთან შედარებით სულ ექსპორტი შემცირდა 27%-ით, მეტიც, იანვარში ექსპორტის შემცირება 2014 წელთან შედარებით იყო 45%.


მთავარი კითხვა არის ის, თუ რა დგას ამ დონის შემცირების უკან, რატომ მცირდება საქართველოს ექსპორტი ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორ შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა მთელი ამ ხნის განმავლობაში და რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს მთავრობის მიერ ექსპორტის სტიმულირების ღონისძიებები.


პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებთ ექსპორტის მაჩვენებლების, ასევე, ბოლო წლების დინამიკის და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ. ანალიზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები განიხილება პრაქტიკაში ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში და რა ინსტრუმენტებს მიმართავს საქართველო დღესდღეობით.

 

საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები


2014 წლიდან საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები მოხდა. საქართველოს ერთდროულად შეექმნა პრობლემები მის უმსხვილეს ბაზრებზე (მაგალითად, დსთ-ის სივრცე) და ასევე წამყვანი საექსპორტო პროდუქტების კუთხითაც. 2014 წლიდან საქართველოდან მკვეთრად შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი, ხოლო 2015 წელს პრობლემები შეექმნა ისეთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს როგორიცაა ფეროშენადნობი პროდუქტების ექსპორტი. ფაქტიურად, ამ მკვეთრი შემცირების პერიოდში წამყვანი საექსპორტო პროდუქციის მერყეობა უფრო მნიშვნელოვანი იყო და მათი წილი ექსპორტშიც შემცირდა. ეს აისახა ექსპორტის დივერსიფიცირებულობის ზრდაში საექსპორტო პროდუქციის კუთხით. სწორედ ექსპორტის მაღალი კონცენტრაციის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე საქონლის ბაზარზე პრობლემებმა დიდი რყევები გამოიწვია საქართველოს ექსპორტში.

 

 

2013 წლიდან მსხვილი საექსპორტო პროდუქტები ექსპორტისთვის შეფარდებითად მნიშვნელობას კარგავდა (ნახ. 1). შედეგად ექსპორტი გახდა უფრო დივერსიფიცირებული, თუმცა უფრო მცირე. აქედან გამომდინარეობს, რომ შემცირება უმეტესად შეეხო ძირითად საექსპორტო პროდუქტებს, მაგალითად, ავტომობილები, ფეროშენადნობი, ღვინო და აშ.


საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციის ხარისხის ზრდის პარალელურად უფრო დივერსიფიცირებული გახდა საექსპორტო ბაზრები, ეს ძირითადად გამოწვეული იყო დსთ-ის სივრცის ბაზრებზე ექსპორტის მკვეთრი შემცირებით და ასევე ევროკავშირის და სხვა მიმართულებით ექსპორტის გააქტიურებით.

 

 

 

 

 

წლიდან წლამდე ექსპორტის ცვლილება შეიძლება გამომდინარეობდეს სამი ფაქტორიდან: იმ პროდუქციის ექსპორტის ცვლილებით, რომელიც გაგვქონდა პერიოდის დასაწყისშიც და ახლაც, ან შეიძლება 2009 წლის შემდეგ ჩვენ გაგვაქ ახალი სასაქონლო კატეგორიები, ან საერთოდ პროდუქცია, რომელიც გადიოდა 2009 წელს, აღარ გადის დღეს.


2009 წლიდან დღემდე ექსპორტი მთლიანობაში დაახლოებით 1,070 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 99 მილიონი დოლარის დამატებითი შემოდინება იყო დაკავშირებული ახალი საექსპორტო პროდუქტების დამატებასთან. ამავე დროს, 2015 წელს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში აღარ შედიოდა გარკვეული კატეგორიები, რომელთა ექსპორტმა 2009 წელს 63 მილიონი დოლარი შეადგინა, მაგრამ 2015 წელს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში აღარ ფიგურირებს, ანუ ეს სასაქონლო კატეგორიები ექსპორტიდან გაქრა.


საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტის ინტენსიური ზრდა (ანუ იმავე კატეგორიის პროდუქციის ექსპორტის ზრდა) არის დომინანტური (მთლიან ექსპორტის ზრდაში მას მიუძღვის 97%-იანი წილი), ხოლო ექსტენსიური ზრდა (საექსპორტო პროდუქციის გამრავალფეროვნება, ახალის დამატება) არის სუსტი და მხოლოდ 9% უჭირავს ექსპორტის ნაზრდში. გარდა ამისა, ექსპორტის 6%-ით შემცირება დაკავშირებული იყო გარკვეული კატეგორიის პროდუქციის გაქრობასთან. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროდუქციის დივერსიფიკაციის ზრდა აიხსნება არა ახალი საექსპორტო პროდუქტების დამატებით, არამედ ძირითადი საექსპორტო პროდუქტების მიერ მკვეთრად დომინანტი პოზიციების დათმობით.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ექსპორტი კონცენტრირებული იყო მცირე ნომენკლატურის საქონელზე. ის ფაქტი, რომ საქართვლოს ექსპორტი დამოკიდებულია მცირე რაოდენობის საქონელზე, ზრდის ბოლოდროინდელი ეკონომიკური რყევების განმეორების რისკს. საქართველომ უნდა იზრუნოს დივერსიფიკაციის ზრდაზე სასაქონლო ნომენკლატურის გამრავალფეროვნების გზით. ანუ, ექსპორტი უნდა გაიზარდოს ე.წ. ექსტენსიური ზრდით, რათა საერთაშორისო ეკონომიკურმა რყევებმა უფრო ნაკლები გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკონომიკაზე.


ექსპორტის გეოგრაფიულ ორიენტაცია


ექსპორტის მეტი დივერსიფიკაციის მიღწევა შესაძლებელია მეტი საექსპორტო ბაზრის მოცვითაც. ამ მხრივ, მეტი მუშაობა შეიძლება ევროკავშირის ბაზარზე. აქვე მნიშვნელოვანია შევაფასოთ, თუ რამდენად სწორია საქართველოს გეოგრაფიული ორიენტაცია - რამდენად ვზრდით ჩვენს ექსპორტს იმ ბაზრებზე, სადაც მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებია (ე.წ. მზარდ ბაზრებზე). თუ საქართველოს ექსპორტში სხვადასხვა ქვეყნის ბოლო ხუთი წლის საშუალო წილებს გამოვსახავთ ამავე ქვეყნების ბოლო ხუთი წლის იმპორტის ზრდის საშუალო ტემპთან მიმართებით, შემდეგ სურათს მივიღებთ:

 

 

გეოგრაფიული ორიენტაციის თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტენდენცია არ გამოკვეთილა იმ ბაზრებზე ორიენტაციის კუთხით, სადაც იმპორტის და, შესაბამისად, ბაზრის ზრდის მეტი შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ კორელაცია ნახაზში გამოსახულ ორ ცვლადს შორის დადებითია, ის მაინც მცირეა საიმისოდ, რომ რაიმე ტენდენციაზე ვისაუბროთ. ასევე იკვეთება, რომ ის ბაზრები, სადაც ქართული პროდუქცია დიდწილად გაედინება, არ გამოირჩეოდა იმპორტის მკვეთრი ზრდით ბოლო წლებში. ამდენად, საქართველოს ექსპორტს სჭირდება უფრო მეტად მზარდ ბაზრებზე ორიენტაცია.


ექსპორტის სტიმულირების ღონისძიებები და მათი ეფექტურობა


განვითარებადი ქვეყნები განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად განიხილავენ ექსპორტის ზრდას. ეს მათ აძლევთ საშუალებას, დაძლიონ ადგილობრივი ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობები და აამაღლონ პროდუქტიულობა. ამის მისაღწევად, მრავალი მათგანი იყენებს ექსპორტის სტიმულირების სპეციალურ პროგრამებს. ამ პრაქტიკისას განვითარებული ქვეყნებიც იყენებენ.


ექსპორტის სტიმულირებისთვის მრავალი მექანიზმი არსებობს. ეკონომისტები განსხვავებულად განმარტავენ ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკას. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკა გულისხმობს მხოლოდ გაცვლითი კურსის ეფექტურ მართვას. ხოლო უფრო ფართო გაგებით აქ იგულისხმება ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც გავლენას ახდენს ექსპორტის შედეგებზე. ამ უკანასკნელს მხარდამჭერები ჰყავს როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში.


მაგალითად, დენი როდრიკი უფრო შორს მიდის და აღნიშნავს, რომ ექსპორტის სტიმულირების ღონისძიებები არის არა მხოლოდ ღონისძიებების კომპლექტი, არამედ პროცესი, რომლის მიმდინარეობიდანაც მთავრობა იღებს ცოდნას იმის შესახებ, თუ ინსტრუმენტების რა წყობა არის უფრო ეფექტური.


ექსპორტის სუბსიდირება


ექსპორტის წახალისების ნაწილია სუბსიდირების პოლიტიკა, რომლის ეფექტიანობაც პრაქტიკაში არ დასტურდება. ის ძირითადად მოიცავს ექსპორტისთვის საჭირო იმპორტული წარმოების ფაქტორებზე გადასახადების უკან დაბრუნებას, საექსპორტო პროდუქტებისთვის საგადასახდო სტიმულირებას და პირდაპირი ფინანსური დახმარებების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ეწევიან. ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკის მაგალითია ავსტრალიის საგრანტო პროგრამა ბაზრების განვითარებისთვის, რომელიც მოიცავს გრანტებს შემდეგი მიმართულებებისთვის: მარკეტინგული ვიზიტები, კომუნიკაციები და რეკლამები, სავაჭრო მისიები და ა.შ.


სუბსიდირების პოლიტიკის შესახებ კვლევები ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არაეფექტურია, ხოლო იქ, სადაც ეს პოლიტიკა წარმატებით ხორციელდება, შედეგები დამოკიდებულია ისეთ კომპლიმენტარულ პოლიტიკაზე, როგორიცაა კარგად ორგანიზებული ბიუროკრატია, სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა და იმპორტის ლიბერალიზაცია. 90-იან წლებში ბრაზიალიაში, არგენტინასა და მექსიკაში განხორცილებული იმპორტის სუბსიდირების პოლიტიკა ცხადყოფს, რომ ეს პოლიტიკა არც აუცილებელია და არც საკმარისი ექსპორტის ზრდის მისაღწევად.

 


ექსპორტის დამუშავების ზონა (EPZ)


აზიის სწრაფად მზარდი ეკონომიკების შედეგების გათვალისწინებით, EPZ-ის პოლიტიკა პოპულარული გახდა მრავალ განვითარებად ქვეყნებში. თუმცა, პროგრესი მხოლოდ რამდენიმე მათგანში დაფიქსირდა - მეტწილად იქ, სადაც მთავრობამ მსგავს ზონაში მდებარე საწარმოებისთვის შექმნა ხელშემწყობი კომპლიმენტარული გარემო ფაქტორები, როგორიცაა კვალიფიციური სამუშაო ძალის მიწოდება. გარდა ამისა, სპეციალური ზონის შექმნას ეფექტი მოაქვს იმ შემთხვევაში, თუ მის გარეთ მყოფი კომპანიები ახერხებენ ტექნოლოგიის გადაღებას. როგორც ჩანს, სპეციალური ზონების შექმნა და მხოლოდ საგადასახადო სტიმულირების გაკეთება არ კმარა. აუცილებელია წარმოებისთვის აუცილებელი კომპლიმენტარული ფაქტორების არსებობაც (ამის გამოცდილება საქართველოსაც აქვს - შექმნილია რამდენიმე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თუმცა მათი ზეგავლენა ეკონომიკაზე უმნიშვნელოა).


ექსპორტის წამახალისებელი ორგანიზაციები


ასევე ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია ექსპორტის წამახალისებელი ორგანიზაციების შექმნა (ეწო, EPO). მსგავსი ტიპის ორგანიზაციების მთავარი მისიაა, აღმოფხვრას ინფორმაციის ვაკუუმის პრობლემა პოტენციური ექსპორტიორებისთვის, მაგალითად:


1) დახმარება მარკეტინგში, შეფუთვაში და ა.შ.
2) სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
3) იურიდიული დახმარება
4) დაფინანსების მოპოვებაში დახმარება
5) გამოფენებში, სავაჭრო მისიებში დახმარება და ა.შ.


კვლევები აჩვენებს, რომ ეწო-ებმა პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რაიმე კუთხით მაინც მოუტანა დადებითი შედეგი. მაგალითად, აშშ-ის შემთხვევაში კოტაბე3 აღნიშნავს, რომ ეწო-ებს, რომლებსაც ძირითადად შტატები აფინანსებენ, დადებითი ეფექტი აქვთ ფირმების მომგებიანობაზე, თუმცა გაყიდვების მაჩვენებელი დიდად არ იზრდება (რაც პირველ რიგში არის ექსპორტის წახალისების მიზანი). ასევე, მაგალითად, კანადის შესახებ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ეწო-ების მუშაობა უფრო სასარგებლო იყო არარეგულარული (sporadic) ექსპორტიორებისთვის, ვიდრე უფრო ნაკლებად მყარი ექსპორტის მქონე კომპანიებისთვის.


საერთო ჯამში, პროგრამის მონაწილეთა შედეგები კანადის შემთხვევაში 18%-ით უფრო მაღალი იყო ვიდრე მათთვის ვინც არ მონაწილეობდა პროგრამაში. თვალშისაცემია დანიის წარმატება. ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის შეფასების თანახმად (2004), ამ პროგრამაზე დახარჯულმა ყოველმა $1-მა ფირმების ბრუნვა $241-ით გააუმჯობესა. ასევე, განვითარებადი ქვეყნების შესახებ სხვა კვლევები, მაგალითად, მარტინკუსი (2010 წელი), აჩვენებს, რომ მსგავსი პოლიტიკის შედეგები ლათინური ამერიკის ქვეყნებისთვის მეტწილად გამოიხატა იმაში, რომ ფირმებმა გაზარდეს როგორც გეოგრაფია ისე საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. ასევე, შედეგები უფრო მცირე და მანამდე საექსპორტო საქმიანობაში ნაკლებად ჩართული კომპანიებისთვის იყო უფრო მეტი, და შედეგები არის უფრო მკვეთრი, თუ ეწო-ს მიერ მიწოდებული სერვისი არის მრავალფეროვანი და მას ახორციელებს ერთი ორგანიზაცია. როგორც ჩანს, ამ ტიპის ორგანიზაციებს ყველაზე მეტი სარგებელი მოაქვთ ექსპორტიორი კომპანიებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც განვითარების საწყის ეტაპზეა.


საქართველოს შემთხვევაში, ექსპორტის შესახებ ინფორმაციას იძლევა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პორტალი „ივაჭრე საქართველოში“ („Trade with Georgia“). თუმცა, ეს პორტალი ინფორმაციას საქართველოდან ექსპორტის შესაძლებლობებისა და კომპანიების შესახებ აწვდის მხოლოდ უცხოელ პარტნიორებს. უფრო სასარგებლო იქნებოდა უცხოური ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“-ის მიხედვით, საქართველოს მიერ ექსპორტის სტიმულირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებს შორის საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პრიორიტეტული საკითხია.


ფინანსური სტიმულირების მექანიზმები


ფინანსური სტიმულირების მექანიზმების მიზანია ექსპორტთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეების დაფინანსება: მაგალითად, ექსპორტის დაკრედიტება ან/და ექსპორტთან დაკავშირებული საქმიანობის დაზღვევა. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ფართოდ გავრცელებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც ხდება როგორც ძირითადი ისე საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.


ასევე ფართოდ გამოყენებული პრაქტიკაა ფაქტორინგის სერვისის შეთავაზება, ექსპორტიორებისთვის ლიკვიდობის პრობლემის შესამსუბუქებლად. სწორედ ამ მიდგომას იყენებს საქართველოში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია: „კერძო სექტორის განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა“. სააგენტო იყენებს ფინანსურ ინსტრუმენტებს ზოგადად მეწარმეობის ხელშესაწყობად.


სავაჭრო ბარიერების მოხსნა


ექსპორტის სტიმულირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა სავაჭრო ბარიერების მოხსნა. განვითარებადი, დაბალშემოსავლიანი ქვეყნები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ევროკავშირის პროტექციონისტული პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში ხელს უშლის მათი ექსპორტის ზრდას. თუმცა, სინამდვილეში, განვითარებადი ქვეყენებისთვის მთავარი ხელისშემშლელი არის არა სავაჭრო ბარიერები, არამედ მათი არასაკმარისი უნარი დაიცვან სტანდარტები და პროდუქციის ხარისხი.

 


დასკვნა

 


ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებასთან, რაც მიიღწევა ფინანსური სისტემის გაუმჯობესებითა (გრძელვადიანი დაფინანსების არხების გაჩენა) და საგადასახადო და საბაჟო საქმიანობის გამარტივებით. როგორც ჩანს, ექსპორტის სტიმულირების პოლიტიკა არ არის ერთი ან ორი ინსტრუმენტის წყობა, არამედ - ინსტრუმენტების კომპლექტი (როდრიკი).


ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკის გარდა საქართველო მეტ ნაკლები მასშტაბით უკვე იყენებს ექსპორტის ხელშეწყობის თითქმის ყველა სახის ინსტრუმენტს. ის ინსტრუმენტები, რომლებსაც შედარებით მეტი ეფექტიანობა ახასიათებს ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით „სტრატეგია 2020“-ის მიერ გამოცხადებულია პრიორიტეტად. ესენია: სავაჭრო ბარიერების მოხსნა, საერთო საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება (მაგალითად, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესება) და საექსპორტო ბაზრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


ბოლო წლებში ტექნიკური ბარიერების მოხსნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რაც გაამარტივებს საქონლის ექსპორტის შესაძლებლობებს ევროპულ ბაზრებზე. ჩინეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ „სტრატეგია 2020-ით“ განსაზღვრული ეს პრიორიტეტები არ შეიცვალოს და არ იქნეს წამოწყებული ისეთი ტიპის ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, ექსპორტის სუბსიდირების პოლიტიკა (ექსპორტის დაკრედიტება, საგადასახადო შეღავათები და ა.შ.). როგორც პრაქტიკა უჩვენებს, მსგავსი პოლიტიკა არაეფექტურია და დამოკიდებულია ბიუროკრატიული სიტემის გამართულობასა და პროგრამის განმახორციელებლების კვალიფიკაციაზე.

 


გამოყენებული ლიტერატურა:


1. Belloc, M. Di Maio, M. 2011. “Survey of the Literature on the successful strategies and practices for export promotion by developing countries ” International Growth Centre, Working Paper
2.„საქრთველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველო 2020“ 
3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ექსპორტი 2000-2016წწ. http://geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo
4. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მისია და ხედვები http://enterprisegeorgia.gov.ge/ge/aboutus/Mission--Vission

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024