(ლევან ავალიშვილი)
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ უკვე რამდენიმე წელია (2009 წლიდან) ახორციელებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხის მონიტორინგს. 2010 წლის კვლევის შედეგები, შეფასების პარამეტრები და მეთოდოლოგია განთავსებულია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის კვლევა საკმაოდ ნოვაციურია და ეხმიანება 21-ე საუკუნის ტრენდს - ელ-დემოკრატიის და ელ-გამჭვირვალობის ინსტიტუციონალურ დამკვიდრებას; მითუმეტეს, რომ ინტერნეტი გლობალურად გადაიქცა ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მიღებულ ფორმად. იგივე ტენდენცია იკვეთება საქართველოშიც, სადაც ყოველწლიურად იზრდება ინტერნეტ-მომხმარებელთა რიცხვი (მსოფლიო ბანკის მონაცემებით მილიონ სამასი ათასი მომხმარებელი (მოსახლეობის 30%) მხოლოდ 2009 წელს).
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარებისთვის. სახელმწიფო ორგანოები მნიშვნელოვან საჯარო ინფორმაციას ფლობენ სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ ფინანსური საკითხების შესახებ. ამავე დროს, ხშირად პრობლემატური ხდება ამ საჯარო ინფორმაციის გაცემა, პირველ რიგში არასწორი ადმინისტრირების ან შეზღუდული რესურსების გამო. ამიტომაც წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები პრაქტიკაში აქტიურად ნერგავენ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. მაგალითად, აშშ-ში ელ-გამჭვირვალობის უმთავრეს პროექტად საჯარო მონაცემების ელ-ბაზაა მიჩნეული (www.data.gov), ასეთივე ელექტრონული ბაზა ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში (www.data.gov.uk). სამწუხაროდ, ღია მონაცემების (open data) პროაქტიულად გამოქვეყნების პოლიტიკა ჯერჯერობით არატარებს საქართველოში ინსტიტუციურად ერთიან საკანონმდებლო ხასიათს.
მდგომარეობას ერთობ ამძიმებს არა მარტო ის გარემოება, რომ საქართველოში არ არსებობს საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის ელექტრონული სახით გამოქვეყნების მარეგულირებელი ერთიანი სტანდარტი ან პოლიტიკა, არამედ, აგრეთვე ის გარემოებაც, რომ აღნიშნული საკითხი, ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია თვით კონკრეტულ საჯარო დაწესებულებათა ნებაზე (უმეტესწილად დაწესებულების ხელმძღვანელის დამოკიდებულებაზე), თუ რა შინარსობრივ და სტრუქტურულ სახეს მისცემენ თავიანთ ვებ-გვერდს და რა საჯარო ინფორმაცია გამოქვეყნდება მათ ვებ-გვერდებზე. მეტიც, კონკრეტული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თვით საჯარო დაწესებულებათა კეთილ ნებას წარმოადგენს მათი ოფიციალური ვებ-გვერდის ინტერნეტ სივრცეში არსებობის საკითხის გადაწყვეტა. მაგ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს დომენი უკვე წლებია გვამცნობს, რომ: NSC website under construction!
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში შეინიშნება რიგი დადებითი ტენდენციებისა საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნების საკითხებთან დაკავშირებით. პირველ რიგში აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა, რაც 2010 წლის ბოლოს განხორციელდა, როგორც საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის გეგმის ნაწილი. ვებ-პორტალზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის. ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მიღებას და გამჭვირვალეს ხდის მიმდინარე ტენდერების პროცესს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მიმართული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება. საჯარო სამსახურის ბიურომ ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომი გახადა თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები (www.csb.gov.ge). საკმაოდ მნიშვნელოვანი საჯარო მონაცემთა ბაზებია განთავსებული ფინანსთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზეც. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ოფიციალური ინტერნეტ სივრცის ზოგადი ფონი საკმაოდ გაუმჯობესდა 2009 წელთან შედარებით და საჯარო დაწესებულებები მეტად გულდასმით ეკიდებიან საკუთარი „ინტერნეტ წარმომადგენლობების“ განვითარებას.
თუმცა, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული დადებითი ტენდენციებისა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ჯერ-ჯერობით არ არის ინსტიტუციურად დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, რასაც მოწმობს 2011 წლის მიმდინარე მონიტორინგის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც ინფორმაციულად გამჭვირვალე საუკეთესო ვებ-გვერდის მაჩვენებელი 27.10 % არ აჭარბებს.
პრაქტიკული მაგალითის სახით ასევე მინდა მოვიყვანო ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის - www.opendata.ge“ მიმდინარეობის პროცესში. კერძოდ, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რიგი საჯარო დაწესებულებები ინფორმაციის გაცემის ნაცვლად ხშირად თავიანთ პასუხებში გვამისამართებენ სხვადასხვა ელ.რესურსებზე და აღნიშნავენ, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოვიძიოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე. მაგალითისთვის, შეიძლება მოვიყვანოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხი დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ, თუმცა, ეს კონკრეტულ კითხვებზე თავის არიდებას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ პასუხს.
საინტერესოა აგრეთვე აღნიშნულთან დაკავშირებული არსებული სასამართლო პრაქტიკაც: 2011 წლის 20 ოქტომბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის (#3/3646-11) განხილვისას (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ) სამინისტროს წარმომადგენელმა საჯარო ინფორმაციის არ გაცემის არგუმენტად მოიყვანა მოთხოვნილი ინფორმაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებობა. რომ არ ვისაუბროთ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მოქალაქეს თავად აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თავად არსებული არგუმენტიც არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად, რადგან მონიტორინგის შედეგად ჩვენ დანამდვილებით ვიცოდით, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ იყო განთავსებული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და პირიქით, სარეკომენდაციო ფურცელში შევთავაზეთ სამინისტროს ამ ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსება.
ვფიქრობ, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ რეჟიმში გამოქვეყნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისათვის. ამავე დროს, ელ.გამჭვირვალობა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ინიციირებული Open Government Partnership (www.opengovpartnership.org) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც საქართველოს მთავრობაც შეუერთდა. თუმცა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ინსტიტუციურად დამკვიდრებისათვის პირველ რიგში აუცილებელია შესაბამისი საკონონმდებლო ბაზის შემუშავება რადგან, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს მიერ შემოღებული ელექტრონული გამჭვირვალობის მარეგულირებელი ნორმები წარმოადგენს მხოლოდ ერთმანეთთან დაუკავშირებელ, არასტანდარტიზებული სამართლებრივი რეგულირები სმაგალითებს, რომლებიც ტოვებენ უფრო კონკრეტული საჭიროებით განპირობებული ოფიციალური ვებ-გვერდების არსებობისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაგალითების, ვიდრე ელექტრონული გამჭვირვალობის პოლიტიკის სახელმწიფოს მხრიდან დანერგვის მცდელობების შთაბჭდილებებს.
IDFI-ი აქტიურად თანამშრომლობს ამ მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან, რომელთაც ერთობლივი კოალიციური საქმიანობის ფარგლებში IDFI-იმ უკვე მიაწოდა ის კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლებიც ჩვენი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ახალ საკანონმდებლო რეგულაციას საჯარო სექტორის ინტერნეტ სივრცის ერთიანი სისტემის (E-Governance) შესახებ და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის შემუშვებას. ვფიქრობ, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, საქართველოში დემოკრატიის ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯი შეიძლება გახდეს.