სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

სიახლეები | ანგარიში 4 ნოემბერი 2024

 

სასამართლო აქტებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს როგორც ინფორმაციის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებას, ასევე თავად სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ზრდას.

 

სამწუხაროდ, წლებია, საქართველოში, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ არსებით გამოწვევას წარმოადგენს, რაც დასტურდება იმითაც, რომ ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხი ჯერ 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებამ” გაითვალისწინა, შემდგომ კი, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტების აღსრულების ერთ-ერთ ელემენტად განისაზღვრა.

 

როგორც საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტის მიღება, ასევე გამოქვეყნება საერთო ჯამში სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მიღწევის არსებითი ინსტრუმენტებია, თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის ეს ორი მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავდება - განსხვავებულად წესრიგდება ნორმატიულ დონეზე და ამ მოწესრიგებას საქართველოში მოვლენათა განსხვავებული ქრონოლოგია ახლდა წინ.

 

წინამდებარე დოკუმენტი შეეხება სასამართლო აქტების პროაქტიულ გამოქვეყნებას და ამ თვალსაზრისით აანალიზებს, როგორც საერთაშორისო გამოცდილებასა და მიდგომებს, ასევე ეროვნულ ნორმატიულ ჩარჩოსა და პრაქტიკას.

 

დოკუმენტის დასაწყისში ხელმისაწვდომია ინფორმაცია კვლევის მეთოდებისა და ფარგლების შესახებ, ამავდროულად გამოყოფილია დოკუმენტზე მუშაობის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები. ანგარიშის პირველი თავი ეთმობა სასამართლო აქტების პროაქტიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებასთან ურთიერთმიმართებისა და საერთაშორისო მიდგომების მიმოხილვას, ხოლო შემდგომი ნაწილები აანალიზებს საქართველოში არსებულ ნორმატიულ მოწესრიგებას და ავლენს პრაქტიკაში კანონმდებლობის აღუსრულებლობის თვალსაზრისით არსებულ სისტემურ გამოწვევებს. 

 

 

კვლევის მეთოდები და ფარგლები

 

შინაარსობრივი და დროითი ფარგლები: წინამდებარე დოკუმენტი შეეხება სასამართლო აქტების პროაქტიულ გამოქვეყნებასა და მასთან დაკავშირებულ თანმდევ საკითხებს, ის არ ფარავს საჯარო ინფორმაციის სახით სასამართლო აქტების გამოთხოვასთან დაკავშირებულ ასპექტებს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო აქტების გამოქვეყნება ერთიან საძიებო სისტემაში კვლავაც არ განახლებულა, IDFI-მ მაინც შეისწავლა www.ecd.court.ge-ზე არსებული საძიებო სისტემის ზოგიერთი ფუნქციონალური მახასიათებელი.

 

დოკუმენტში ასახული შეფასებები, მიგნებები და რეკომენდაციები ეყრდნობა 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ მდგომარეობას.

 

კვლევის მეთოდები: დოკუმენტზე მუშაობისას IDFI-მ ინფორმაციის მოძიების შემდეგი მეთოდები და წყაროები გამოიყენა:

 

1. საერთაშორისო რეკომენდაციების/სახელმძღვანელო პრინციპებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებების ანალიზი  - ამ მხრივ IDFI-მ მოიძია და გაანალიზა ევროკომისიის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის და  ვენეციის კომისიის ის დოკუმენტები, რომლებიც სასამართლო აქტების გამოქვეყნებას შეეხება და ამ დოკუმენტებში ასახული რეკომენდაციები/მიდგომები მათ შორის გამოიყენა ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასებისას;  ამავდროულად, IDFI-მ მოიძია და დაამუშავა ინფორმაცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში სასამართლო აქტების გამოქვეყნების თვალსაზრისით არსებული გამოცდილებების შესახებ

 

2. ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი - დოკუმენტში გაანალიზებულია სასამართლოს აქტების პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით 2017 წლიდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არსებული ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო;

 

3. კანონქვემდებარე აქტების ანალიზი - ანგარიში, მათ შორის, დაეყრდნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 7 მარტის  ბრძანების ანალიზს;

 

4. ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმების ანალიზი - დოკუმენტში გაანალიზებულია სხვადასხვა პერიოდში მიღებული ღია მმართველობა საქართველოს ის სამოქმედო გეგმები, რომლებიც მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებების/აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ითვალისწინებს; 

 

5. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და ანალიზი - დოკუმენტში ასახულია ინფორმაცია და შედეგები, სასამართლო აქტების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, IDFI-ს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შესახებ;

 

6. www.ecd.court.ge-ზე განთავსებული გადაწყვეტილების საძიებო სისტემის მონიტორინგი - დოკუმენტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პრაქტიკაში, სასამართლო აქტების გამოქვეყნების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ წყაროს ეს ვებ. გვერდი წარმოადგენდა; 

 

7. სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI-ს წინარე ანგარიშები და შეფასებები - სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის საკითხზე IDFI-ს 2015 წლიდან არაერთი ანგარიში და შეფასება აქვს მომზადებული და გამოქვეყნებული. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტის მომზადებისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სწორედ ეს დოკუმენტები და მათში ასახული შეფასებები წარმოადგენდა. 




მიგნებები

 

2023-2024 წლების საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების, არამედ ზოგადად სასამართლო აქტების გამოქვეყნების ვალდებულება;

 

2024 წლის 29 მაისის საკანონმდებლო ცვლილებებით სასამართლო აქტის გამოქვეყნების წინაპირობას აღარ წარმოადგენს შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რაც აუმჯობესებს ამ საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას;

 

პრაქტიკაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ აღასრულებს კანონმდებლობას და სასამართლო აქტების რეალური ხელმისაწვდომობა კვლავ სისტემურ გამოწვევად რჩება;

ახალი საკანონმდებლო რეგულირების ამოქმედების მიუხედავად, ვებგვერდზე (ecd.court.ge) სასამართლო აქტების გამოქვეყნება არ განახლებულა;

 

2020 წლის მაისამდე გამოქვეყნებულ აქტებსა და ecd.court.ge-ს საძიებო ფუნქციონალზე დაკვირვება მიუთითებს, რომ არსებული სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება;

 

ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია იმის შესახებ გადადგა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქმედითი ნაბიჯები კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველსაყოფად;

 

ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია, მოიყვანა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიულ გამოქვეყნებას აწესრიგებს, საკანონდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში;

 

საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს საკუთარი გადაწყვეტილებების დეპერსონალიზებული ტექსტების პროაქტიულ ხელმისაწვდომობას მისივე ელექტრონულ პლატფორმაზე.

 

/public/upload/02. gdavituri/EUNEAR/IDFI_Proactive Publication of Judicial Acts_GEO.pdf

 

ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად არის პასუხისმგებელი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024