2013.06.12 | 13:50
რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 67%-ს ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის 22,4% აცხადებს, რომ ინტერნეტი არ სჭირდება. 27,9%-ს ხელი არ მიუწვდება კომპიუტერზე, 10,9%-ს კი მოდემზე. 17,9%-ს არ აინტერესებს და არც უნდა ინტერნეტის გამოყენება. 11,1%-მა არ იცის როგორ გამოიყენოს ინტერნეტი. 1,6% ინტერნეტს იმიტომ არ იყენებს, რომ ძვირია. 0,9% ფიქრობს, რომ ინტერნეტის გამოყენება ხელს შეუშლის მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 0,6%-ს მიაჩნია, რომ ინტერნეტი უგემოვნო და ამორალურია.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის „კავკასიის ბარომეტრი 2012“-ის მიერ, ჩატარებული კვლევის შედეგებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.
IDFI-ს ინფორმაციით, ინტერნეტ მომხმარებლების მზარდი ტენდენციის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობას აღნიშნულ ქსელზე ხელი არ მიუწვდება. ამ მხრივ, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემებია საქართველოს რეგიონებში.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC) 2012 წლის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით, დედაქალაქსა და სოფლებში ინტერნეტის ყოველდღიურად მომხმარებლების რიცხვი გაზრდილია. თუ 2011 წელს, თბილისში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა, 2012 წელს ის 46%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იგივე მონაცემებს სოფლების შემთხვევაში, 2011 წლის 4%-იანმა მაჩვენებელმა 7%-მდე მოიმატა, ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი ორივე წელს 28% გახლდათ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC)-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა 2011 წლის ბოლოსთან შედარებით, 2012 წელს 27,4%-ით (103 900 ათასით) გაიზარდა და 483 300 აბონენტი შეადგინა. რაც შეეხება სადენიანი ფართოზოლოვანი (DSL და ოპტიკურ-ბოჭკოვანი) მომსახურების აბონენტთა რიცხვს, მათმა რაოდენობამ 2012 წლის ბოლოსთვის 392 000 შეადგინა. აბონენტების უდიდესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი – 64,1%, ქუთაისში – 6,5%, ბათუმში – 6,3%, რუსთავში – 6,0%, ფოთში – 1,5%, საქართველოს სხვა რეგიონებში კი სულ 15,6%.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ინფორმაციით, 2012 წელს, სადენიანი ინტერნეტის მოხმარების კუთხით, ყველაზე მეტი ინტერნეტმომხმარებელი შემდეგ ქალაქებში დაფიქსირდა: თბილისში - 251 788 ადამიანი, ქუთაისში - 25 530, ბათუმში - 24 838, რუსთავში - 23 446, გორში - 6 013, ფოთში - 5 834, ზუგდიდში - 4 677, ხაშურში - 4 452, თელავში - 3 698, ზესტაფონში კი 3 376 ადამიანი.
რეგიონების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ასე გამოიყურება: იმერეთი - 37 883, კახეთი - 9 332, მცხეთა-მთიანეთი - 1 702, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 257, სამეგრელო ზემო სვანეთი - 14 838, სამცხე-ჯავახეთი - 7 729, ქვემო ქართლი - 27 782, შიდა ქართლი - 12 873.
საერთო ჯამში, 2012 წელს, საქართველოში სადენიანი ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა 392 436, ხოლო უსადენო (Wifi) ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 17 872 ადამიანს შეადგენდა.
DSL-ის მომხმარებელი 211 440 აბონენტია, ოპტიკური ინტერნეტის კი 180 640. რაც შეეხება სადენიან ინტერნეტ აბონენტების რაოდენობას, ამ მხრივ „სილქნეტი“ ლიდერობს 199 736 აბონენტით, მას მოსდევს „კავკასუს ონლაინი“ 121 842 მომხმარებლით, მესამე ადგილზეა „ახალი ქსელები“ – 30 601 აბონენტით.
უსადენო ინტერნეტს, (Wi-fi) ყველაზე აქტიურად ქვემო ქართლში იყენებენ. რეგიონში მას 4 456 ადამიანი მოიხმარს. ყველაზე ნაკლებად კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სტატიის მიხედვით, აქ უსადენო ინტერნეტის 1 მომხმარებელი დაფიქსირდა. 731 ადამიანია მისი მომხმარებელი კახეთში, 1 560 კი მცხეთა-მთიანეთში.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ინტერნეტში შესასვლელად აქტიურად იყენებს მობილურ ტელეფონს (16%), სამსახურს (11%) და ინტერნეტ კაფეს (9%).
სტატისტიკური მონაცემებით, მობილური ოპერატორების აბონენტებიდან ყველაზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი „ჯეოსელს“ ჰყავს – 582 606 აბონენტი, მას მოსდევს „მაგთიკომი“ – 380 822-იანი მაჩვენებლით, „მობიტელის“ აბონენტთა მაჩვენებელი კი 378 124 მომხმარებლია.
„კავკასიის ბარომეტრი 2012“-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის და ინფორმაციის მისაღებად იყენებს.
იმავე გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტების უმრავლესობა (53,4%) მედია საშუალებებს უნდობლობას უცხადებს. დაბალია ტელეჟურნალისტებისადმი ნდობაც – მოქალაქეების მხოლოდ 29,1% ფიქრობს, რომ ისინი მაყურებელს კარგად ან საშუალოდ კარგად აწვდიან ინფორმაციას.