აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი დრო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, რა ეტაპზეა პროცესი და რა სახის ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო 2015 წლამდე?
როგორც "რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი აცხადებს, სახელმწიფოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ჯერ არც გეგმა და არც სტრატეგია არ გააჩნია. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ტელეკომუნიკაციების ექსპერტ უჩა სეთურის თქმით კი, თუ სახელმწიფომ გეგმა წლის ბოლომდე არ შეიმუშავა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა დადგენილ დროში ვეღარ მოესწრება.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკუთარი სტრატეგია დღეს, 21 მაისს, “თბილისი მარიოტში” გამართულ შეხვედრაზე “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა”(IDFI) წარმოადგინა. IDFI ამ დოკუმენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაუგზავნის, ამ უკანასკნელს კი ქვეყნის საბოლოო სამოქმედო გეგმისა და სტრატეგის შემუშავება ევალება.
იმ საბჭოს შემადგენლობაში, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო გეგმასთან დაკავშირებით მუშაობს, რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის ხელმძღვანელიც შედის. ნათია კუპრაშვილის თქმით, საბჭოში რამდენიმე თვეა არც ერთი შეხვედრა არ შემდგარა:
“საბჭოში რამდენიმე თვეა შეხვედრა არ გვქონია, არ დაუწყია მუშაობა იურიდიულ ჯგუფს, არ მომხდარა არც ინფრასტრუქტურის შესწავლა. უბრალოდ ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის პრემიერ–მინისტრთან და ვიცით მხოლოდ სიტყვიერად რა სახის პოლიტიკა უნდა გავატაროთ. თუმცა ეს არის რამდენიმე სლაიდზე პრინციპებად გაწერილი ხედვა და ამას ვერ დავარქმევთ სტრატეგიას. ძალიან კარგია, რომ პროცესი არის გახსნილი, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წელიწადნახევარია დარჩენილი, ჩვენ არც სტრატეგია გვაქვს და არც სამოქმედო გეგმა”, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.
IDFI–ს ტელეკომუნიკაციების ექსპერტი უჩა სეთურის თქმით, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დარჩენილ დროში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა მოსწრებადია, თუმცა სტრატეგია მაქსიმუმ წლის ბოლომდე უნდა შემუშავდეს:
“ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა, რომ დიდი ხანი გადავდიოდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი დაახლოებით 8 თუ 9 წელი გადადიოდა ციფრულ მაუწყებლობაზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნდა აწარმოო მომხმარებლისთვის საინფორმაციო კამპანია, სუბსიდირებები და ა.შ. მაშინ, როცა თუკი ერთდროულად გადადის ქვეყანა, მართალია, ერთდროულად იხდის გარკვეულ ფულს, მაგრამ გარკვეულ თანხებსაც ზოგავს. ჯერჯერობით საქართველოსთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იმ ვადაში, რაც დაგვრჩა, მოსწრებადია, მაგრამ თუ სახელმწიფომ დაიწყო ამის გაჭიმვა ისე, რომ წლის ბოლომდე ვერაფერი ვერ დაიგეგმა, შემდეგ უკვე ცაიტნოტში ვიქნებით”, – აცხადებს უჩა სეთური.
მისივე თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს, რიგით მომხმარებლებზე კი რამდენიმე კუთხით აისახება.
“თუკი მომხმარებელს აქვს შავ–თეთრი ტელევიზორი, ასეთ ტელევიზორს ფიზიკურად ვერ დაუმაგრდება მიმღები, ე.წ. რისივერი, რომელიც ციფრულ სიგნალს ისევ ანალოგურად გარდაქმნის, ამიტომ ასეთი ტელევიზორი მომხმარებელს აღარ გამოადგება. თუმცა შავ–თეთრის გარდა, სხვა სახის ტელევიზორებს ან მიმღები დაუყენდება, ან ისედაც ექნება სიგნალის გარდაქმნის ფუნქცია”, - აცხადებს უჩა სეთური. მისი თქმით, მიმღების ფასი, რომელიც სახელმწიფომ წარმოადგინა, 35 ევროა, თუმცა IDFI-ს მიერ ჩინური ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიმღების ყიდვა 20-25 ამერიკული დოლარის ფარგლებშიც შესაძლებელია, ხოლო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე შესაძლოა ფასმა კიდევ დაიკლოს:
“რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ჩვენების ხარისხი თითქმის არ შეიცვლება, დროთა განმავლობაში კი გაუმჯობესდება, თუმცა ტელევიზორის ეკრანი უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი, რომ დავინახოთ ხარისხის ეს სხვაობა. საეთერო ქსელით მომხმარებლები იმ არხებს, რასაც ახლა იღებენ, ისევ უფასოდ მიიღებენ მანამდე, სანამ ფასიანი არხები არ გაჩნდება, თუმცა ეს ჯერ შორეული პერსპექტივაა”, - აცხადებს უჩა სეთური.
საქართველომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა მოახერხოს. ივლისის შემდეგ ქვეყანაში ანალოგური მაუწყებლობა მეზობელი ქვეყნების სადგურების გადაფარვისგან დაცული აღარ იქნება. აღნიშნული ვადა საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერაა დადგენილი.