IDFI “მეცხრე არხს” პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ტელეკომპანია “მეცხრე არხს” მოუწოდებს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარ ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით, შეცდომაში არ შეიყვანონ საკუთარი მაყურებელი.
IDFI -ის მიერ დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25 თებერვალს “მეცხრე არხის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს IDFI-ს მიერ მომზადებული სტატიის შინაარს.
IDFI- ს ცნობით, “მეცხრე არხის” სიუჟეტში, “ყოველთვიური პრემიები”, წამყვანი ამბობს შემდეგ ტექსტს: ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი-ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა." თავად სიუჟეტს ჰედლაინი კი იყო წარწერა: "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ".
IDFI- აცხადებს, რომ ინფორმაცია მიიღო და გამოაქვეყნა მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ჭაკუაზე. სიუჟეტში ჩამოთვლილი სხვა პირების შესახებ კი ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მას არ მიაწოდა, რაც IDFI- ის სტატიიდანაც ირკვევა.
“მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია media.ge- თან საუბრისას აცხადებს, რომ IDFI-ის ბრალდება უსაფუძვლოა. “არ ვეთანხმები რასაც ისინი ამბობენ. ერთმანეთს დააკავშირეს რაღაცეები და შექმნეს სხვა შინაარსი”- ამბობს დარსალია. მისივე განმარტებით, ის პრობლემას ხედავს მხოლოდ ტიტრში, სადაც მისი თქმით, მრავლობითში არ უნდა ყოფილიყო ნახსენები სიტყვა “პირები”. “ეს იყო ტექნიკური შეცდომა, კარგი იქნებოდა რომ ეს არ ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ. დანარჩენი ბრალდება უსაფუძვლოა. იმ პირების სახელები კი მათ სტატიაში იყო ნახსენები”- ამბობს დარსალია.