რა კითხვებს პასუხობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
20.02.2013
ქალაქში მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, წყლისა და გზების პრობლემები, - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ონლაინ კონფერენციაზე ამ შინაარსის კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა
ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელს ბესიკ ხითარიშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს მეორედ მოუწია. რესპონდენტი მოქალაქეებმა თავად შეარჩიეს.
კითხვები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხებოდა. ბესიკ ხითარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ამზადებს შესაბამის პროექტებს, იმისთვის, რომ გარე განათებისა და შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყოს.
- ’შეკითხვები ძირითადად ქალაქში არსებული სასმელი წყლის სისტემას და მიმდინარე იფრასტრუქუტურულ პროექტებს ეხებოდა. ასევე, მოქალაქეები დაინტერესდნენ რატომ არის გათიშული 9 აპრილის ქუჩაზე შუქნიშანი, იგეგმება თუ არა ხელოვნური ტბის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა და დამატებით რაიმე ინფრასტრუქტურის განვითარება. ასევე, აინტერესებდათ იგეგმება თუ არა შიდა გზების რეაბილიტაცია და ქალაქისთვის წყალმომარაგების 24-საათიანი გრაფიკი. შეკითხვები ავარიულ ბინებთან დაკავშირებითაც იყო’, - განმარტავს პროექტ „გამჭვირვალე თვითმმართველობის“ მედია-კოორდინატორი ჯაბა ნათენაძე. შეგახსენებთ, ონლაინ-კონფერენციები სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება.
გარდა ამისა, მოსახლეობას აინტერესებდა, დაიწყო თუ არა ქალაქში მიმდინარე და დასრულებული მშენებლობების საკითხის შესწავლა აუდიტის სამსახურმა. (მათ შორის ახალციხის ციხის მშენებლობისაც). ხითარიშვილმა განაცხადა, რომ აუდიტს მას შემდეგ მოიწვევენ, როცა პროკურატურა გასული წლის დოკუმენტაციის შესწავლას დაასრულებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალური გვერდი პროექტ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” ფარგლებში გააქტიურდა. რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირი” ახორციელებს.
აღნიშნულ კონფერენციებს, დღეს ვებ-გვერდი ’ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი’ (IDFI) გამოეხმაურა:„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს – რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას – შექმნილი აქვთ ოფიციალური ვებ-გვერდი და გახსნილია მათი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ში. ეს მიანიშნებს მათ მზაობაზე ინოვაციური სერვისების დახმარებით პირდაპირი კავშირი დაამყარონ მოქალაქეებთან. აღსანიშნავია ახალციხის მუნიციპალიტეტის მაგალითი“, - ნათქვამია ვებ-გვერდზე.
[თამარ თოთაძე, ახალციხე]