კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კოალიცია იმ ვალდებულებებს ეხმაურება, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2014 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებებით დაეკისრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
"2014 წლის 1 აპრილამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება. კონკურსის პირობების განსაზღვრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული გეგმის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების ამოქმედებიდან გასულია 1 თვეზე მეტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ აქვეყნებს იმ გადაწყვეტილების პროექტს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება და შესაბამისი კომპანიის შერჩევა. მიგვაჩნია, რომ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დახურულია, და მასში არ არიან ჩართული როგორც დაინტერესებული პირები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავებაში ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში.
სავარაუდოა, რომ 2014 წლის 1 აპრილამდე დარჩენილ ვადაში დანიშნულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილების პროექტი, რომელზეც დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იქნება არსებითი შენიშვნების და წინადადებების წარდგენა.
მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საკონკურსო გადაწყვეტილების და დასამტკიცებელი საკონკურსო პირობების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, რადგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები" ზოგადი შინაარსისაა, ხოლო საკონკურსო პირობების დადგენის ნაწილში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეცია ფართოა.
საქართველოს ახალი თაობის - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მიმართ დიდია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და პირველ რიგში მაუწყებლების ინტერესი და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად ღიად უნდა წარიმართოს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
* ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
* საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
* საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
* საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
* რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
* რეგიონული მედიის ასოციაცია;
* მედიაკლუბი;
* არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
* ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
* ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
* სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი