არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან დიალოგის გამართვას ითხოვენ.
კამპანიის „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან ფარული მიყურადების პრობლემურ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრა გამართონ. ამის შესახებ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს რეგულირება პირად მონაცემთა დაცვის კუთხით და მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართული ორგანიზაციები, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. განცხადებას რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება. შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორები შემდეგი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო"; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; „ლიბერალური აკადემია თბილისი"; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 6 მარტს განაცხადა, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის.