კამპანია “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დიალოგისთვის მზად არიან.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული კამპანიის მონაწილეებმა განაცხადეს, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის.
აღნიშნულ თემაზე დღეს პრესკონფერენცია გამართეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.
როგორც მათ განაცხადეს, კამპანიაში ჩართული ორგანიზაციები ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად არიან შეხვდნენ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებებზე. აღნიშნულ განცხადებას რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება. შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორები შემდეგი ორგანიზაციები არიან:
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია – თბილისი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის, საზოგადოებრივი დამცველი, იდენტობა და ადამიანის უფლებათა ცენტრი.
როგორც ეკა გიგაურმა განაცხადა, საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო და შესაბამისად, ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა იყოს აღნიშნული კონვენციის მერვე მუხლის შესაბამისი. მისივე თქმით, პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელსაც “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიის მონაწილეები უჭერენ მხარს. როგორც გიგაური განმარტავს, ეს კანონპროექტი ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს პასუხობს.
“მართალია ჩვენს კანონმდებლობაში წერია, რომ აუცილებლად მოსამართლის ბრძანებაა საჭირო მოსმენისთვის, თუმცა არსებულ ტექნიკაზე, რომლებიც არის მობილური ოპერატორების ოფისებში, მონიტორინგი არ ხდება, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატურად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ისე რომ მობილურმა ოპერატორმა არც იცოდეს ვის უსმენენ. დაშვება უნდა მოხდეს მობილური ოპერატორების მხრიდან იმ დოკუმენტაციის საფუძველზე და მოსამართლისთვის იმ ბრძანების საფუძველზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარუდგენს მათ. ასევე უნდა განისაზღვროს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მოსმენა, საერთაშორისო კანონმდებლობით მიყურადება და მოსმენა ხდება მხოლოდ განსკუთრებით მძიმე დანაშაულის დროს. ასევე უნდა დადგინდეს პირთა წრე, რომელსაც უნდა მოუსმინონ”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
ნინო ლომჯარიას თქმით კი, კამპანია “ეს შენ გეხება ისევ გვისმენენ” რამდენიმე აქციის განხორციელებას აპირებს. მისივე თქმით, ჩატარდება მოქალაქეების გამოკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ლომჯარია განმარტავს, ერთ-ერთი აქცია შეეხება იმას, რომ კამპანიის მონაწილეები მოუწოდებენ მოქალაქეებს, პროტესტის ნიშნად 2 საათის განმავლობაში მობილური ტელეფონები გათიშონ.
“მივესალმებით მინისტრის განცხადებას ჩვენ კამპანიასთან დაკავშირებით. მინისტრმა აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ჯამში, მოხდება შსს-სა და მოქალაქეების ინტერესების შეჯერება. დღესდღეობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება, რომელიც ეხება მოსმენებს და მიყურადებას, მხოლოდ შს სამინისტროს ინტერსებს ემსახურება, ასევე გავიხსენებ მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით გადავადებულ პროცედურებს, რაც საბოლოო ჯამში, გვაფიქრენიბებს, რომ შს სამინსიტრო კომფორტულ პირობებში გრძნობს თავს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ვახუშტი მენაბდის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ ერთი მხრივ, მოხდეს არსებული პრაქტიკის ცვლილება, ხოლო მეორე მხრივ, საკანონმდებლო სტანდარტების გაუმჯობესება.