IDFI - კულტურის სამინისტრომ 2013 წლის პირველი აპრილიდან 8 ნოემბრამდე 2 689 992 ლარი დახარჯა
26/11/2013
IDFI - კულტურის სამინისტრომ 2013 წლის პირველი აპრილიდან 8 ნოემბრამდე 2 689 992 ლარი დახარჯა კულტურის სამინისტრომ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 8 ნოემბრამდე 92 ღონისძიების დასაფინანსებლად 2 689 992 ლარი დახარჯა.
სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შესაბამისი დოკუმენტაცია კულტურის სამინისტროდან გამოითხოვა. როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი თანხა, 327 420 ლარი გამოეყო სსიპ "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრს" თელავის მუსიკალური ფესტივალის დასაფინანსებლად.
ყველაზე მეტი, 24 ღონისძიება კი ოქტომბრის თვეში დაფინანსდა, რისთვისაც სამინისტრომ 719 191 ლარი და 13 111 ევრო გამოყო.
ამასთან, IDFI-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ "ზემოთ მოყვანილი 2013 წლის მონაცემები მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ წინა წლებთან შედარებით სამინისტროს მიერ კონკრეტული ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, 2010 წელს მხოლოდ შპს "ინტერნეიშენალ ივენთს" კრის დე ბურგის კონცერტის ორგანიზებისთვის გამოეყო 1 484 826 ლარი. 2011 წელს მხოლოდ შპს "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს" MTV GEORGIA LIVE-ის დაფინანსებისთვის გამოეყო 2 000 000 დოლარი. 2012 წელს მხოლოდ შპს "არტ ბათუმს" მიუზიკლის ვერის უბნის მელოდიების ორგანიზებისთვის გამოეყო 1 716 985 ლარი",-ნათქვამია სტატიაში.