IDFI - ჯარიმებიდან და საპროცესო შეთანხმებიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხები 54,7 მილიონ ლარს აჭარბებს
08/11/2013
თბილისი (BPI) - 9 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანმა მოცულობამ 54 მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) იუწყება.
თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხელმიუწვდომელია. IDFI-იმ შესაბამისი თხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 25 სექტემბერს მიმართა,მაგრამ უწყებაში განუცხადეს, რომ მონაცემების აღრიცხვას განცალკევებით აღარ აწარმოებენ.
IDFI-ში აცხადებენ, რომ გასულ წლებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენდა. ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხებმა 2009 წელს 8 მილიონ 40 ათასი ლარი, 2010 წელს 42 მილიონ 360 ათასი ლარი, 2011 წელს 51 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს 38 მილიონ 628 ათასი ლარი შეადგინა.
”საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციაზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", - ნათქვამია სტატიაში.