შსს-ს აკადემია ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დასახელდა
12.09.2013
დღეს სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე დაწესებულებებს შორის დაასახელა.
შსს-ს აკადემია ოცი ყველაზე გამჭვირვალე საჯარო დაწებულების ათეულში მოხვდა. ჩატარებული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა ამ უწყებამ მთელი წლის განმავლობაში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია დროულად და სრულყოფილად გასცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს ნომინაციაში "2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების - 30%-დან 11%-მდე შემცირდა.
გამჭვირვალე დაწესებულებების გამოვლენა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა.