„საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა“
12.09.2013
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის" გაუმჯობესებისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია"-ში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
ინსტიტუტის მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით თავდაცვის სამინისტრომ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. გასულ წლებთან შედარებით, 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში, თავდაცვის უწყების გამჭვირვალობის პარამეტრი 0%-დან 86%-მდე გაიზარდა. როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„კარგი მაგალითია, რომ თავდაცვის სამინისტროში თამარ ქაროსანიძე მოვიდა, რომელმაც კარგად იცის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელიც სწორედ თავდაცვის უწყებაშია. მან კარგად იცის როგორ და რა ფორმით უნდა გიპასუხოთ. პრინციპული დამოკიდებულება არის ის, რომ ადრე თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციას საერთოდ არ გაწვდიდათ - გამჭვირვალობა 0% იყო, წელს კი ეს მაჩვენებელი 86%-ზე ავიდა. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე თვეში 100%-ზე უნდა იყოს" - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციებს რჩევაც მისცა, რომ დახვეწონ ტექნიკური საკითხები, რათა სამინისტროებისთვის კითხვები უფრო კორექტული და გასაგები იყოს, ხოლო პასუხის ფორმა - შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პროექტის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გამჭვირვალობის კუთხით, თავდაცვის უწყებაში ბოლო 9 თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესის დაფასებისთვის.
„სამწუხაროდ, ჩვენი უწყება შარშან ყველაზე ოროსნების კატეგორიაში იყო, როგორც ყველაზე გაუმჭვირვალე. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია. ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება, ზოგადად მთავრობის პოლიტიკის ხორცშესხმაა, რომ ჩვენ ვართ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თითოეული თეთრი, რომელიც თავდაცვის უწყებისათვის არის გამოყოფილი ხმარდება ჯარისკაცს, მეომარს".-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.