IDFI ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს ასახელებს
12.09.2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს ასახელებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
აღნიშნულ დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
ორგანიზაციის მიხედვით, ინფორმაციის გაცემის მხრივ დახურულ დაწესებულებად დასახელდა მთავრობის კანცელარია, სემეკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ღონისძიება სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა.