კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაცია

სიახლეები 15 იანვარი 2016

15 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ მომზადებული კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში მომზადდა, რომელსაც IDFI შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა 2015 წლის 1 სექტემბრიდან.


შეხვედრა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში ინსტიტუტის საქმიანობა გააცნო. მისი სასაუბრო თემა პროექტის მიზნებსაც შეეხო. ძირითად მიზნებად, კლდიაშვილმა ღია მონაცემთა პორტალის განვითარების მხარდაჭერა, საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ღია მონაცემთა სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება დაასახელა.  მან ყურადღება გაამახვილა IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებზე და აღნიშნული საკითხის ანალიზისთვის მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა აუდიტორიას. როგორც კლდიაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად შეიძლება ჩაითვალოს იმ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა, რომლებიც გამოკითხვის მონაწილეებმა საკუთარი ინიციატივით დააფიქსირეს და მათ შორის არის შიდა ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების მონაცემთა ბაზა, ტვირთბრუნვის დეტალური მონაცემთა ბაზა, შშმ პირთა მონაცემების ბაზა, აფხაზეთიდან დევნილების მონაცემთა ბაზა და სხვ.


მომხსენებელთა შორის იყო მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე, რომელმაც საკუთარ პრეზენტაციაში ღია მონაცემთა პორტალზე - www.data.gov.ge გაამახვილა ყურადღება და მასზე განთავსებული ღია მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი გვენეტაძემ განმარტა, რომ პორტალი უზრუნველყოფს საჯარო სექტორის მონაცემების გამოქვეყნებას ღია, დამუშავებად და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, მათი გამოყენებით შექმნან აპლიკაციები თუ ელექტრონული სერვისები და მიიღონ სხვადასხვა სახის სარგებელი.


მონაცემთა გასაჯაროების პრინციპებზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლევან ჯულაყიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სისრულე, პირველადობა, დროულობა და გამარტივებული ფიზიკური და ელექტრონული წვდომა მონაცემთა გასაჯაროების პრინციპებს შორის უმთავრესია. მან საქართველოს ღია მონაცემების პორტალის - www.data.gov.ge მონიტორინგის შედეგებზეც ისაუბრა. სწორედ, მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პორტალზე, საჯარო დაწესებულებების მიერ გამოქვეყნებული ღია მონაცემთა ბაზების 9.4% ვერ აკმაყოფილებს მონაცემთა გასაჯაროების პირველ უმნიშვნელოვანეს პრინციპს - „სისრულეს“.

 

შეხვედრა IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა შეაჯამა. მან უშუალოდ კვლევაზე „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ ისაუბრა და მისი მიზნები განმარტა. ავალიშვილის თქმით, საჯარო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების იდენტიფიცირება და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი ყველაზე მნიშვნელოვან მიზნებს წარმოადგენდა. მან ისაუბრა კვლევის ობიექტებზე, რომელთაც 106 საჯარო დაწესებულება წარმოადგენდა. აქედან 19-ს სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი, 63-ს სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ და საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო 24-ს დამოუკიდებელი სსიპ, მარეგულირებელი კომისიები შეადგენდა. ლევან ავალიშვილმა დაასახელა ის საჯარო უწყებები, რომლებიც მონაცემთა ბაზებსა და რეესტრებს არ ფლობენ. ასევე, წარმოადგინა IDFI-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების უზრუნველყოფას ეხება, სადაც განსაზღვრული იქნება საჯარო სექტორის ღია მონაცემების (Open Data) მართვისა და სავალდებულო გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტები, ასევე სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ IDFI-ის კვლევის „ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოში“ შედეგად იდენტიფიცირებული მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების ღია მონაცემთა პორტალზე (www.data.gov.ge) განთავსების უზრუნველყოფას.


ღია მონაცემების პორტალი - data.gov.ge საქართველოში 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეიქმნა. აღნიშნულ პორტალზე ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, თავსდება საჯარო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზები. ღია მონაცემების პორტალი მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.

 

სრული კვლევა იხილეთ ბმულზე.

 

იხილეთ ფოტოალბომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024