კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაცია: კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. გამოცვლა და აცილების შუამდგომლობები საკონსტიტუციო სასამართლოში

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 19 სექტემბერი 2016

ავტორი: გიორგი დავითური

 

უკანასკნელ პერიოდში, არაერთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთდა განცხადება კონსტიტუციური სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით და გაჟღერდა მოთხოვნა ამ საკითხზე გამოძიების დაწყების თაობაზე.


საქართველოს პარლამენტმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციური სარჩელების შესაძლო შეცვლის მოტივით მოითხოვა საკონსტიტუციო რამდენიმე მოსამართლის აცილება ე.წ. კაბელები-უგულავას და ე.წ. რუსთავი 2-ის საქმის განხილვიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებმა ასევე მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო განცხადებების გამო მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით.


საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ სამართლებრივ ანალიზს, რომელიც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოდან მიღებულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე საყოველთაოდ ხელმისაწვდომ წყაროებში გაცხადებულ გარემოებებს.

 

 

1. №764 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია (ე.წ. კაბელების საქმე)

 

საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 3 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაპატიმრებულთა წარმომადგენლებმა. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის პროცესში მათ მოითხოვეს სარჩელის დაზუსტება, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელის (ე.წ. კაბელების საქმე) რეგისტრაციის პროცესი შეჩერდა. თუმცა, დაურეგისტრირებელი კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ ინფორმაციის და არა რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სახით, იმავე დღეს გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებს. სხვაგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიეწოდა ორი დოკუმენტი: დაურეგისტრირებელი სარჩელი - ინფორმაციის სახით, ხოლო შემდგომ დარეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი.


საქართველოს კანონმდებლობით, დოკუმენტს შეიძლება კონსტიტუციური სარჩელი ეწოდოს მხოლოდ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, დარეგისტრირებამდე კონსტიტუციური სარჩელი სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს. ანუ, სარჩელის ე.წ გამოცვლა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ №764 კონსტიტუციური სარჩელის სარეგისტრაციო ჩანაწერი სრულად ემთხვევა ელექტრონულ ვერსიას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე საქმეზე მიღებულ საოქმო ჩანაწერს, ანუ რეგისტრაციის შემდგომ სარჩელის შინაარსი არ შეცვლილა.


ბუნებრივია, ჩვენ ვერ გვექნება ამომწურავი/დადასტურებული ინფორმაცია კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციამდე განვითარებული მოვლენების შესახებ, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციური სარჩელების ე.წ. „გამოცვლასა“ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრისას, აუცილებელია, ქმედების მიზნის, საჭიროების დასაბუთება. ამ საკითხებზე საჯარო პოზიციების დაფიქსირებისას, გამოითქვა ვარაუდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთ მოსამართლეს გააჩნდა პიროვნული ინტერესები ე.წ. კაბელების საქმის მიმართ და სასამართლო „დაეხმარა“ მოსარჩელეებს სარჩელის ფორმულირებაში.


ე.წ. კაბელების საქმე წარმოებაში იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. ამავე დავის საგანზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას უკვე ჰქონდა წარმოებაში მიღებული №740 კონსტიტუციური სარჩელი.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. კაბელების საქმის წარმოებაში მიღების გარეშეც შეეძლო იმავე პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაწყვეტა (№740 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში) და, შესაბამისად, ამ მიზნით, სარჩელების ე.წ. „გამოცვლის“ საჭიროება არ არსებობდა.

 

 

2. №681 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია (ე.წ. რუსთავის 2-ის საქმე)

  

№681 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა 2015 წლის 6 ნოემბერს, ხოლო 9 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და წარადგინა „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელი“. შუამდგომლობაზე დართული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება მოითხოვა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან მიმართებითაც.


კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაცია არის ადმინისტრაციული პროცესი. რეგისტრაციის შემდგომ, საქმესთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტები თუ შუამდგომლობები უნდა იყოს საქმის განმხილველი მოსამართლეების მსჯელობის საგანი.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ №681 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამრთლოს პირველ კოლეგიას გადაეცა შემოტანისთანავე, 6 ნოემბერს, ანუ „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელის“ შემოტანამდე.


სამართალწარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით შემოსულ დოკუმენტაციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის განმხილველმა სასამართლომ და არა საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ან/და სასამართლოს მდივანმა. განსახილველი საკითხის ჯეროვანი ანალიზისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „დაზუსტებული სარჩელის“ სამართლებრივი ბუნების ანალიზი.

 

 

2.1. „დაზუსტებული სარჩელის“ სამართლებრივი ბუნება

 

ტერმინს „სარჩელის დაზუსტება“ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ იცნობს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ამ ტერმინით გამოიხატება შემთხვევები, როდესაც მოსარჩელე აზუსტებს ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნას.


როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზუსტებულ სარჩელში დამატებული იყო კონსტიტუციის 24-ე მუხლი, რაც, თავისი არსით, წარმოადგენს ახალ მოთხოვნას, რაც, ჩვენი აზრით, სარჩელის დაზუსტებად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდად, მაგრამ არა მის დაზუსტებად.


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ იმსჯელა შინაარსობრივად გაზრდილ კონსტიტუციურ სარჩელზე იმ პირობებში, როდესაც მათთვის ხელმისაწვდომი იყო სარჩელის ორივე ვერსია. მოსამართლეთა ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება (საოქმო ჩანაწერი) დაზუსტებულ სარჩელზე მსჯელობის შესახებ შეიძლება იყოს შინაარსობრივი შეფასების საგანი, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება სარჩელის რეგისტრაციის პროცესის ხარვეზად ან/და სარჩელის შეცვლად.


შინაარსობრივი კრიტიკის თვალსაზრისით, რელევანტურია განვიხილოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N608/609 კონსტიტუციურ წარდგინებაზე. აღნიშნულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი ინიციატივით „გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა“ - სასარჩელო მოთხოვნას დაამატა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირის მიერ შეტანილ სარჩელსა და წარდგინებას შორის სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თვალსაზრისით სხვაობა არ არის.


საკონსტიტუციო სამართალწარმოება და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არის დინამიური და ცოცხალი პროცესი. სასამართლო თავისი აქტებით მუდმივად ამკვიდრებს გარკვეულ სტანდარტებს. ბუნებრივია, შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, მაგრამ, მნიშვნელოვანია, შინაარსობრივი შეუთანხმებლობა არ იქნეს გამოყენებული კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაციის ინსტრუმენტად.


კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული დაასაბუთოს საოქმო ჩანაწერი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამგვარ ვალდებულებას არ ითვალისწინებს, მეტი სიცხადისთვის და ამ საკითხის გარშემო გაჩენილი ეჭვების თავიდან ასაცილებლად, სასურველი იქნებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ე.წ. რუსთავის 2-ის საქმე წარმოებაში იქნა მიღებული, ემსჯელა „დაზუსტებული კონსტიტუციური სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო გაზრდის თაობაზე“, რაც მოხსნიდა დღის წესრიგიდან ყველა ბუნდოვანებას და საზოგადოების მხრიდან არსებულ კითხვებს და წარმოაჩენდა საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგად, საერთო მიდგომას აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

 

3. სარჩელების ე.წ. გამოცვლა, საჯარო განცხადებები და მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობები

 

საქმის განხილვის მონაწილე მხარეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობებით საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილების შესახებ. აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს პარლამენტი ასევე რუსთავი 2-ის წარმომადგენლები თავიანთ შუამდგომლობებს ამყარებენ საქმის განმხილველ მოსამართლეთა საჯარო განცხადებებით.


საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებული საქმეების განხილვის პარალელურად, მნიშვნელოვნად ამაღლდა ინტერესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რამაც, სამწუხაროდ, აღნიშნული ორგანოს საქმიანობის პოლიტიზაციის ზრდა გამოიწვია. მედია საშუალებების, პოლიტიკოსებისა თუ სხვათა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ე.წ. გაყოფის თაობაზე პოლიტიკური ინტერესების მიხედვით.


საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და სასამართლოსადმი ნდობას. ამ ფონზე, აცილების შუამდგომლობებში ცალკეულ მოსამართლეთა საჯარო განცხადებების არგუმენტებად მოშველიება ამ განცხადებებს აქცევს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ნაწილად და კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ ვითარებას.


მხარეებს აქვთ აცილების შუამდგომლობის დაყენების უფლება. მათ შეუძლიათ მოიშველიონ ნებისმიერი არგუმენტი, ფაქტი თუ გარემოება, რომლებიც, მათი აზრით, ამყარებს აცილების შუამდგომლობას. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ მხარეებმა, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტმა, რომელიც იმავდროულად უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, ჯეროვნად უნდა გაიაზრონ შუამდგომლობის არსი და მათ ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმების არ გამოიყენონ იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ კონსტიტუციური მართლმსაჯულების პოლიტიზაციის გაზრდას.

 

 

დასკვნა

 


ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. საქმის განმხილველი ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იყო თითოეული დოკუმენტი და მათ სრული ინფორმირებულობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილებები სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ.


საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო საქმის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო. ჩვენ არ ვფლობთ დადასტურებულ ინფორმაციას, რა გახდა ამ სხდომებზე მოსამართლეთა დაუსწრებლობის მიზეზი. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უუნაროა განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება.


კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი გარანტიაა. ჩვენ ვიზიარებთ, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საქმის პოლიტიკურმა ბუნებამ და ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გაკეთებულმა განცხადებებმა არ უნდა შეაფერხონ კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობა. მოსამართლეებმა უნდა შეასრულონ კონსტიტუციური ვალდებულება და მონაწილეობა მიიღონ საქმეების განხილვაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024