პოლიტიკური სუბიექტების საკომუნიკაციო სტრატეგია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 22 ნოემბერი 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

პოლიტიკოსების მიერ მოქალაქეებთან ნაყოფიერი კომუნიკაციის დამყარების მთავარი ინდიკატორი მათთვის მიწოდებული ინფორმაციის სიმარტივე, აქტუალობა და დეტალური აღწერაა. გარდა ამისა, მნიშვნელობა ენიჭება თავად გაცემული ცნობების სახეობასაც. Facebook ძირითადად ოთხი ტიპის ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას იძლევა – ფოტო, ბმული, სტატუსი და ჩანაწერი. გთავაზობთ, მონიტორინგის პერიოდში, დასახელებული სახეობების მიხედვით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ განთავსებული ინფორმაციის სტატისტიკურ მონაცემებს.

 

აღნიშნული გრაფიკებიდან შემდეგი დასკვნების გამოტანა შეიძლება: 

  • კვლევისთვის შერჩეული ოთხი პოლიტიკური სუბიექტის გარდა – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, ივანე მერაბიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“ – ყველა მათგანის Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შორის ჭარბობდა ვიზუალური მასალა (ფოტო ალბომები);
  • ჩანაწერების განთავსების კუთხით, გამოირჩეოდნენ ბიძინა ივანიშვილისა (ძირითადად თავსდებოდა საქართველოს შესახებ უცხოური სტატიები, პოლიტიკური ბლოკის განცხადებები, ლიდერების მიმართვები) და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ (პარტიის ლიდერების კომენტარები და განცხადებები) გვერდების ადმინისტრატორები;
  • ბმულებით, როგორც წესი, პოლიტიკური პარტიები მომხმარებლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის, შეხვედრების შესახებ. გარდა ამისა, ყურადღება ეთმობოდა არჩევნებთან დაკავშირებული ცნობების გავრცელებას. ამ კუთხით გამოირჩეოდნენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები და საჯარო პირები: გიორგი თარგამაძე, ბიძინა ივანიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“.
  • სტატუსების შემთხვევაში კი გამოირჩეოდნენ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის (შეხვედრების შესახებ დეტალები), ბიძინა ივანიშვილის (ბრიფინგებისა და აქციების ანონსები),  შალვა ნათელაშვილის (გადაცემის, დებატების ანონსი), „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატების“, „რესპუბლიკური პარტიის“ გვერდები. სხვა დანარჩენი პოლიტიკური ძალები ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ათავსებენ ამ ტიპის ინფორმაციას საკუთარ Facebook  გვერდებზე. 

 

 

 

რაოდენობრივ მონაცემებზე მეტად ყურადსაღებია თავად განთავსებული ინფორმაციის შინაარსი. ამ კუთხით გამოიკვეთა, რომ 1 ოქტომბრის კენჭისყრამდე თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი მსგავსი ტიპის ინფორმაციას აქვეყნებდა. კერძოდ, ფოტოების შემთხვევაში შეიძლება გამოიყოს შემდეგი სახეობის ვიზუალი: 

  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ფოტოები;
  • მოსახლეობასთან და განსაკუთრებით, სოფლებში, პარტიის ლიდერების შეხვედრის ფოტოები – რამდენიმე სუბიექტი უპირატესობას ანიჭებდა ისეთ ფოტოებს, სადაც ჩანდა თუ როგორ ეხმარებოდნენ ლიდერები ადგილობრივ მოქალაქეებს;
  • პარტიის ლოზუნგები და დაპირებების შემცველი ფოტოები;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ლიდერებთან სამუშაო შეხვედრების ამსახველი ფოტოები;
  • ლიდერების მიმართვები და კომენტარები მათი ფოტოებით;
  • აქციების ფოტოები;
  • მისალმება;
  • ინფორმაციული და შემეცნებითი ფოტოები;
  • პოლიტიკოსთა მიერ სტიქიით დაზარალებულთა მონახულების ფოტოები;
  • რელიგიური დღესასწაულების მილოცვა;
  • სხვადასხვა ნაგებობების და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ამსახველი ფოტოები;
  • ოლიმპიური ჩემპიონატის ქართველი მონაწილეების ფოტოები. 

 

 

 

სურათების შინაარსთან ერთად, გასათვალისწინებელია მათი ატვირთვისა და მოქალაქეებისთვის მიწოდების ფორმაც. ამ კუთხით, ოთხი თვის მანძილზე რამდენიმე ტენდენცია დაფიქსირდა:

 

       1. ზოგიერთი გვერდის ადმინისტრატორი აქვეყნებდა ლოზუნგების შემცველ ფოტოებს, რაც პოტენციური ამომრჩეველის მობილიზების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს;

       2. ზოგიერთი პარტია საკუთარი ლიდერების განცხადებებს მათი ფოტოების დართვით ანთავსებდა;

       3. საკმაოდ ეფექტურად შეიძლება ჩაითვალოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ  სხვადასხვა რეგიონებში დასახელებული მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატების ფოტოების განთავსება, მათი სახელების მითითებით;

       4. პოლიტიკური პარტიების მცირე ნაწილი ფოტო ალბომებს უკეთებდა აღწერას და მომხმარებელს აწვდიდა ინფორმაციას მათზე გამოსახული აქტივობების შესახებ.

 

კვლევის პროცესში, დადებით ტენდენციებთან ერთად, საკმაოდ ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა:

 

     1. ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტისგან შეინიშნებოდა სოციალურ ქსელში გადაჭარბებული ფოტო მასალის ატვირთვა. მართალია სურათის დანიშნულება მნახველების ვიზუალური ინფორმირებაა, თუმცა ერთ ღონისძიებაზე საშუალოდ 50-ზე მეტი ფოტოს განთავსება საკმაოდ არაეფექტურ სტრატეგიად შეიძლება ჩაითვალოს

    2. პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტების უმეტესობა ყურადღებას არ ამახვილებდა ფოტო ალბომების აღწერაზე – ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას არ აწვდიდნენ ინფორმაციას ალბომზე ასახული ღონისძიების, აქციის თუ შეხვედრის დეტალების შესახებ. ყველაზე საგულისხმოა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ფოტო ალბომები. ზოგიერთი პარტიის შემთხვევაში  (განსაკუთრებით ეს ითქმის ბიძინა ივანიშვილის გვერდზე) მსგავს ალბომებზე პარტიის საარჩევნო კანდიდატების სახელები და გვარები მითითებული არ იყო. წინასაარჩევნო პერიოდში კი პოტენციური ამომრჩეველის ინფორმირების საქმეში ამას საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება;

     3. ნაკლებად ხდებოდა პარტიული იდეოლოგიის გადმოცემა ვიზუალური მასალით. მაშინ როცა, საერთაშორისო დონეზე სწორედ ამგვარი ინოვაციური მეთოდებით ცდილობენ საკუთარი ხედვებისა და პოლიტიკური გზავნილების მოქალაქეებამდე მიტანას. ქართული პოლიტიკური გაერთიანებები იდეოლოგიური მრწამსის ნაცვლად, მხოლოდ ზოგადი ლოზუნგების გადმოცემით შემოიფარგლებოდნენ;

      4. გამოჩნდა კიდევ ერთი ტენდენცია – თითქმის ყველა პარტიის შემთხვევაში, პირველი თვის განმავლობაში, შეხვედრების დროს ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებზე. გამონაკლისი იყო მხოლოდ კანდიდატთა წარდგენის ფოტო ალბომები. ამან გამოხატულება ჰპოვა სოციალური ქსელების მომხმარებელთა კომენტარებშიც. კერძოდ, ისინი საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას ძირითადად ლიდერებზე აკეთებდნენ აქცენტს.

Facebook-ზე ინფორმაციის გავრცელების კიდევ ერთ საშუალებას ბმულების გაზიარება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის ორივე ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და გარკვეულწილად, „ახალი მემარჯვენეებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ გვერდების ადმინისტრატორები სწორედ საკუთარ წყაროზე აკეთებდნენ აქცენტს. ამით გამოჩნდა, რომ ადმინისტრატორები ცდილობდნენ პოპულარიზაცია გაეწიათ საკუთარი საინფორმაციო საშუალებებისთვის. თანაც, ამ შემთხვევაში ისინი პირდაპირი წყაროები იყვნენ და ახალი ამბების შინაარსსაც თავად ქმნიდნენ. გარდა ამისა, ეს მიანიშნებს მათ ინტერესზე სოციალური ქსელების მიმართ. ისინი თავად ცდილობდნენ სხვადასხვა ტიპის აპლიკაციებისა თუ სერვისების ათვისებას და არ ეყრდნობოდნენ მედია საშუალების მიერ მათზე გავრცელებულ ინფორმაციას.

 

განთავსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში – ივლისი-სექტემბრის განმავლობაში – პოლიტიკური სუბიექტები შემდეგი სახის ინფორმაციას დებდნენ:

 

1. პარტიების მიერ ოპონენტების კრიტიკის ან გარკვეული მოთხოვნების შემცველი ცნობები;

2. პოლიტიკური ლიდერების მიერ ჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუები ან რომელიმე ტელევიზიაში მათი გამოსვლის კადრები;

3. მოსახლეობასთან პარტიის ლიდერების შეხვედრების შესახებ ახალი ამბები;

4. არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია – მაგალითად, ინფორმაცია პარტიულ სიებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით;

5. პოლიტიკური პარტიების ბრიფინგები, ლიდერების განცხადებები, მიმართვები, პარტიის ყრილობის კადრები;

6. პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამისა და საარჩევნო სიების ბმულები;

7. პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კლიპი;

8. აქციის ანონსი კლიპის სახით;

9. სხვადასხვა რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის შესახებ ინფორმაცია;

10. პოლიტიკური პარტიის პროგრამის ვიზუალიზებული ვარიანტი – საარჩევნო სტრატეგიის ამგვარი სახით წარმოდგენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აშკარა ნოვაციას წარმოადგენს. იგი განთავსებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასზე ასახული იყო პარტიის ძირითადი სტრატეგია სხვადასხვა სფეროში – გრაფიკულად იყო ნაჩვენები რის გაკეთებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს. ეს საკუთარი სათქმელის მოსახლეობისთვის გამარტივებული სახით მიწოდების საკმაოდ კარგი მაგალითია;

11. ინფორმაცია პოლიტიკური პარტიის შემოწირულობებისა და საწევრო შენატანების შესახებ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააზიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი ხსენებული მონაცემები. პარტია ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებდა კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენ პოლიტიკურ ძალებსაც. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია ხსენებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები ატვირთულია ცესკოს ვებ-გვერდზე, მაგრამ პარტიის მხრიდან საკუთარ გვერდზე მათი გაზიარება კიდევ უფრო გაამარტივებდა მათზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას;

12. ინფორმაცია წინასაარჩევნო დებატებთან დაკავშირებით.

 

ამ კუთხით ვითარება შეიცვალა არჩევნების შედეგების გამოცხადებასთან ერთად. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აქტიურად აშუქებდა სოციალურ ქსელებში არჩევნების დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს:

 

  • პარტიების გვერდების ადმინისტრატორებმა განათავსეს ეგზიტპოლის შედეგები;
  • დაიდო პარტიის ლიდერების მიერ საკუთარ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ამსახველი ცნობები;
  • განთავსდა ინფორმაცია დარღვევების შესახებ.

გამონაკლისს წარმოადგენდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 1 ოქტომბერს არჩევნების შედეგების, ხმის მიცემის პროცესის ან ეგზიტპოლის შედეგების გაცხადების ნაცვლად, გამოაქვეყნა პრეზიდენტის წინასაარჩევნო მიმართვა.

 

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდგომ მკვეთრად იკლო პოლიტიკური სუბიექტების აქტიურობამ სოციალურ ქსელებში. მაგ. 15 ოქტომბრის ჩათვლით „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა“ და ივანე მერაბიშვილის გვერდებზე არც ერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია. დავით ბაქრაძემ საკუთარ Facebook აუდიტორიას მხოლოდ სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. „ახალი მემარჯვენეების“ შემთხვევაში, გვერდის ადმინისტრატორის აქტიურობა დაფიქსირდა მხოლოდ 3 ოქტომბერს, როცა პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ გაავრცელა განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

 

წინა თვეებთან შედარებით ნაკლები აქტიურობა, შემდეგი პოლიტიკური ძალების შემთხვევაში დაფიქსირდა: 

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიის მიერ რამდენიმე რეგიონში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია, კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ მათ წევრებსა და აქტივისტებზე დაშინებისა და ფიზიკური ზეწოლის ბრალდების შემცველი განცხადებები, პარტიის ბრიფინგი, პრეზიდენტის განცხადება პარტიის ოპოზიციაში გადასვლის შესახებ;
  • შალვა ნათელაშვილი – ლიდერის მიერ ხმის მიცემის დაფიქსირება, არჩევნების დღის დარღვევები,  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეებისადმი მიმართული მოწოდებების შემცველი სტატუსები, პარტიის ლიდერის მიერ კენჭისყრის შედეგების შეფასება;
  • გიორგი თარგამაძე – სვეტიცხოვლობის მილოცვა, პარტიის ლიდერების მიერ ადგილობრივ და საერთაშორისო ლიდერებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია, ლიდერთა ინტერვიუები და სხვადასხვა გადაცემაში გაკეთებული კომენტარები;
  • ირაკლი ალასანია – ზუგდიდის აქციის ვიდეო და ფოტო მასალა, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალები, ამჟამინდელი პრემიერის მიერ სამთავრობო პოსტებზე წარდგენილი კანდიდატების დასახელება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, Facebook გვერდზე მთავარი აქცენტი კეთდება ირაკლი ალასანიას მიერ, მინისტრის სტატუსით გატარებული ღონისძიებებისა და გაკეთებული კომენტარების გაშუქებაზე. სასურველია, მომავალში მკვეთრად გაიმიჯნოს თავად პარტიისა და აღნიშნული ორგანიზაციის წევრების, რომლებმა არჩევნების შემდეგ გარკვეული სამთავრობო პოსტები დაიკავეს, საქმიანობის ასახვა სოციალურ ქსელებში;
  • ბიძინა ივანიშვილი – მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელება, პრეზიდენტისა და კოალიციის ლიდერის შეხვედრა, პარტიის განცხადებები და ბრიფინგების ანონსი, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების მიერ კოალიციისთვის გამარჯვების მილოცვის წერილები, შეხვედრა უცხოელ დიპლომატებსა და სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან;
  • მიხეილ სააკაშვილი – ბიძინა ივანიშვილთან და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა, პარტიის მდივნად ივანე მერაბიშვილის დასახელება;
  • „რესპუბლიკური პარტია“ – საარჩევნო დარღვევების, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პარტიის წევრების სახელი და გვარი, პარტიის წევრების მიერ სხვა საკანონმდებლო ან სამთავრობო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, პარტიის ლიდერების გამოსვლები და კომენტარები.                                                                                                                                                                                                                                                      აღნიშნული პარტია გამონაკლისია იმ კუთხით, რომ მართალია მის გვერდზეც დაეცა განთავსებული ინფორმაციის ოდენობა, თუმცა სხვა პოლიტიკურ აქტორებთან შედარებით კლების ტემპი შედარებით დაბალი გახლდათ. 

 

რაც შეეხება სტატუსების დაწერის ფუნქციის გამოყენებას, გრაფიკებიდან ჩანს, რომ მათ პოლიტიკური სუბიექტები იშვიათად იყენებდნენ. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქართველი პოლიტიკური სუბიექტები უშუალო მიმართვის ამ ფორმას თითქმის არასდროს იყენებდნენ. გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე პარტიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიერ მოსახლეობისთვის საეკლესიო დღესასწაულების მილოცვის სტატუსები. ასევე, მონიტორინგის მანძილზე მხოლოდ სამჯერ განთავსდა უშუალო მიმართვის ფორმის სტატუსი დავით ბაქრაძის, მიხეილ სააკაშვილისა და „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატების“ Facebook-ის გვერდებზე.

 

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ როგორც ცალ-ცალკე, საჯარო დაწესებულებებისპოლიტიკური სუბიექტებისა და მედიასაშუალებების შემთხვევაში, ასევე, ერთიანი სახით მოცემულ ბმულებზე.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023