პოლიტიკური შემოწირულებები - 2021

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 3 ნოემბერი 2021

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 30 ოქტომბერს კი მეორე ტური გაიმართა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს შემოწირულებები წარმოადგენს. როგორც წესი, საარჩევნო წლები გამოირჩევა შემოწირულებების დიდი რაოდენობით. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, შემოწირულებების დიდი წილი მიემართება მმართველი პარტიისკენ.

 

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან კი - 120,000 ლარს.  პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას აფინანსებენ, შესაძლოა იგებდნენ დიდი რაოდენობის ტენდერებს და ამ გზით ფაქტობრივად უკან იბრუნებდნენ გაცემულ თანხებს, ან სარგებლობდნენ სხვა სახის შეღავათებითა თუ პრივილეგიებით. ამასთან, კომპანიები ხშირად სხვადასხვა გზებით გვერდს უვლიან კანონით დადგენილ ლიმიტებს და მმართველ პარტიას იმაზე ბევრად მეტით აფინანსებენ, ვიდრე ეს დაშვებულია. 

 

პოლიტიკური პარტიების შემოწირულებების სტატისტიკა

 

2021 წლის იანვრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით 1638 შემოწირულება განხორციელდა, რის შედეგადაც პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამურად 21 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულებები მიიღეს.[1]

 

 

თანხების ყველაზე დიდი წილი - 15 მლნ ლარზე მეტი მმართველმა პარტიამ მიიღო, რომლის შემდეგაც შემოწირულებების ჯამური თანხით პარტია “ლელო საქართველოსთვის” მოდის, 2 მლნ ლარზე მეტით. “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პარტიამ “საქართველოსთვის”, შესაბამისად 1.9 და 1.3 მლნ ლარი მიიღეს. მმართველი პარტიის შემოწირულებები 2021 წლის არჩევნებშ მონაწილე 6 ძირითადი ოპოზიციური პარტიის ჯამურ შემოწირულებებზე 3-ჯერ მეტია.

 

გამოვლენილი ტენდენციები

 

2020 წლის 24 ივნისს IDFI-მ გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით “პოლიტიკური შემოწირულებები: თავისუფალი ნება თუ ბიზნეს ინვესტიცია”.  კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა ტენდენცია,  რომ ხშირად ერთი კომპანიის თანამფლობელები და დირექტორები მმართველ პარტიას ერთსა და იმავე პერიოდში სწირავდნენ თანხებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, შემომწირველები ერთი კომპანიის ისეთი თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც ორგანიზაციაში მმართველ თანამდებობებს არ იკავებდნენ, რის გამოც რთულდებოდა მათი კომპანიასთან დაკავშირება.  დოკუმენტში მოყვანილია ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებული არაერთი ფიზიკური პირი, რომლებიც სავარაუდოდ კავშირში არიან შპს RMG Gold-თან, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი კომპანიის თანამშრომლებად იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია. შემომწირველების კავშირების დასადგენად გამოვიყენეთ RMG Gold-ის ვებგვერდზე განთავსებული მათივე ბეჭდური გამოცემის მასალები,  ონლაინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სოციალური ქსელი “Facebook” და საჯაროდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო ონლაინ რესურსები.

 

კვლევის შედეგებით ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შედარებით მაღალი რანგის თანამშრომლები დიდ თანხებს სწირავდნენ, ხოლო საშუალო მენეჯმენტში დასაქმებულები - 15,10,7 ათას ლარს. იმ ფაქტმა, რომ ერთი კომპანიის დიდი რაოდენობით თანამშრომელი ერთდროულად სწირავდა მმართველ პარტიას თანხას, გააჩინა ეჭვები, რომ აღნიშნული თანხები მობილიზებული იყო კომპანიის მიერ და შესაძლოა კომპანიის ტოპ მენეჯმენტს საკუთარი თანამშრომლები გამოეყენებინა შემოწირულების კანონის დარღვევით განსახორციელებლად. “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ “შემოწირულების სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, გამოიწვევს შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა”.

 

მსგავსად მოქმედებდნენ შპს ლილო მოლის დამფუძნებლებიც,  კერძოდ, კომპანიის 15-დან რვა მეწილემ და კომპანიის დირექტორმა 2020 წლის 15 მაისს მმართველ პარტიას ჯამურად 455,000 ათასი ლარი შესწირეს.  აღნიშნულ პირებს 2017 წლიდან დღემდე მართველი პარტია ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტით ჰყავთ დაფინანსებული. თუმცა, ლილო მოლის შემთხვევაში მხოლოდ მეწილეებისა და მმართველ თანამდებობაზე მყოფი პირების იდენტიფიცირება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, ასეთი შემთხვევები აჩენს ეჭვებს, რომ მსგავსი შემოწირულებები არ არის ფიზიკური პირების პოლიტიკური სიმპათიების გამომხატველი, არამედ ემსახურება ბიზნეს ინტერესებს და გვერდს უვლის კანონით დადგენილ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ლიმიტს.

 

მსგავსი ფაქტების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევებში შესაბამისი დასაბუთების მოთხოვნა საქართველოს აუდიტის სამსახურს ევალება. სწორედ ამიტომ, აუდიტის სამსახურს მივმართეთ რეკომენდაციით, შეესწავლათ კვლევაში მოყვანილი შემოწირულებების კანონიერება. სამსახურიდან 2020 წლის 26 ოქტომბერს მიღებული წერილის თანახმად დარღვევები არ დადგინდა.

 

IDFI-იმ RMG Gold-თან დაკავშირებული პირები 2021 წლის შემომწირველებშიც გადაამოწმა, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გასული წლის კვლევით იდენტიფიცირებული 21 პირიდან 12-მა მათგანმა წელსაც მმართველი პარტიის მიმართ განახორციელა ფულადი შემოწირულება.

 

RMG Gold-თან დაკავშირებული პირები, რომლებმაც 2021 წელსაც მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირეს:

 

- წარმოების დირექტორმა, კობა მენაბდიშვილმა; (02/09/2021)

 

- კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა; (08/09/2021)

 

ვლადიმერ კახეთელიძემ, რომელიც 2018 წლის ინფორმაციით,უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო; (06/09/2021)

 

- ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონდო შუბითიძემ, რომელიც RMG-სთან დაკავშირებული სხვა კომპანიის მფლობელია; (07/09/2021)

 

- ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ; (13/01/2021) 

 

- გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორმა, მიხეილ კვარაცხელიამ; (06/09/2021)

 

- RMG-ის რესურსების გეოლოგმა (2017 წლის ინფორმაცია), მალხაზ ნაცვლიშვილმა; (03/09/2021)

 

60,000 ლარზე ნაკლები შესწირეს:

 

- კახაბერ კეკელიძემ, რომელიც 2014 წლის ინფორმაციით RMG-ის გამამდიდრებელი ფაბრიკის დირექტორი იყო - 50,000 ლარი; (07/09/2021)

 

- კორპორაციული დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა - 30,000 ლარი; (07/09/2021)

 

- ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი შატაკიშვილმა - 15,000 ლარი; (06/09/2021)

 

- ზაზა ავალიშვილმა, რომელიც ონლაინ მედიაზე დაყრდნობით, 2014 წელს RMG-ის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი იყო - 30,000 ლარი; (10/09/2021)      

 

- 15,000 ლარის შემოწირულება განახორციელა ჯემალ გიორგაძემაც, რომელიც 2015 წლის ინფორმაციით ასევე RMG-ის ადმინისტრაციაში იყო დასაქმებული. (09/09/2021)

 

როგორც ჩამონათვალიდან ჩანს, შემოწირულებები დროის ერთ მონაკვეთში განხორციელდა. კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დავით ბალანჩივაძის გარდა, რომელმაც ქართულ ოცნებას თანხა წლის დასაწყისში შეწირა, დანარჩენი 11 შემოწირულება 2-10 სექტემბრის პერიოდში ფიქსირდება. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშანს შემოწირულებების მიზანთან და თავისუფალი ნების არსებობასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება შპს ლილო მოლს, 2021 წლის 5-19 მარტის პერიოდში მისი 17 მეწილიდან 11-მა ქართულ ოცნებას ჯამურად 585,000 ლარი შესწირა. ორი მეწილე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რის გამოც მათ შემოწირულების განხორციელება აკრძალული აქვთ. 

სხვა საეჭვო შემოწირულებები

 

ზაზა ჩარკვიანმა მმართველ პარტიას 9 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა. მას გასულ წლებში ქართული ოცნებისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამურად 55,000 ლარი აქვს შეწირული. ჩარკვიანი 2020 წლის დეკემბრამდე შპს კასლეთი 1-ის 45%-იანი წილი მფლობელი იყო. ამ ეტაპზე ის კომპანიის მეწილეებში აღარ ფიქსირდება, თუმცა 22,5%იან წილს ფლობს შპს თაბუნი, რომლის 100% წილის მფლობელი ზაზა ჩარკვიანია. შპს კასლეთი 1-ის მეწილეა გოჩა ენუქიძე, რომელიც ქართული ოცნების მაჟორიტარული კვოტით საქართველოს პარლამენტის წევრია. ენუქიძის სახელს უკავშირდება არაერთი ბიზნეს ინტერესი და სახელმწიფო შესყიდვებით მიღებული დიდი თანხები. რაც შეეხება შპს კასლეთი 1-ს, მის სახელს უკავშირდება საქართველოში ჰესების მშენებლობა. 2014 წელს, კახი კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს კომპანიამ ორ პარტინიორ კომპანიასთან ერთად სახელმწიფოსთან გააფორმა ხელშეკრულება ჰიდროელექტროსადგურ კასლეთი 1-ის მშენებლობის დასრულებაზე.  კომპანიის დირექტორი დავით მირცხულავაა, რომელიც 2003 წლამდე ენერგეტიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

 

ირაკლი კერვალიშვილმა მმართველ პარტიას 60,000 ლარი შესწირა. 2017 წლიდან დღემდე კი სალომე ზურაბიშვილისთვის და ქართული ოცნებისთვის ჯამურად 240,000 ლარი აქვს შეწირული. კერვალიშვილის ერთ-ერთ კომპანიას შპს ცოტნეს 2017-2021 წლებში 4,5 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 6 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, მათ შორის ორი ხელშეკრულება 2020 წელს გაუფორმდა, 4 მილიონ ლარამდე ჯამური ღირებულებით. ხელშეკრულებების უდიდესი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება. 2015 წლიდან დღემდე კომპანია გამარჯვებულია 8 ელექტრონულ ტენდერში, რომელთა ჯამური საწყისი ღირებულება 500,000 ლარამდეა. ამასთან, რვიდან 7 შემთხვევაში შემსყიდველი ონის მუნიციპალიტეტის მერიაა. კერვალიშვილი წარმოშობით რაჭიდანაა და სწორედ იქ მდებარეობს მისი ერთ-ერთი სხვა ბიზნესი - ბლაუენშტაინ საქართველოს ფერმები.

 

ლევან შერვაშიძემ მმართველ პარტიას 2021 წლის 6 სექტემბერს 60,000 ლარი შესწირა. აღნიშნულ პერიოდამდე შერვაშიძის სახელზე მხოლოდ ერთი შემოწირულება 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ფიქსირდება - 45,000 ლარის ოდენობით. ის 2017 წლამდე 65%იან წილს ფლობდა შპს თბილისი ლამში, რომელიც მოგვიანებით აჩუქა საკუთარ მამას, იაშა შერვაშიძეს. იაშა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის კვოტით გახდა, თუმცა პარტია იმავე წელს დატოვა. როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი გაერთიანდა ფრაქციაში გოჩა ენუქიძესთან და ანზორ ბოლქვაძესთან  ერთად. შპს თბილისი ლამს 2012-2021 წლებში 16,000 ლარამდე ღირებულების 36 გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, შპს ხახუტას კი, რომელსაც ასევე ლევან შერვაშიძე ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორი იაშა შერვაშიძეა, 2012-2019 წლებში 16,000 ლარზე მეტი ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს მიღებული, 2012 წლამდე კი 60,000 ლარამდე ღირებულების ტენდერებშია გამარჯვებული. იაშა შერვაშიძის კიდევ ერთ კომპანიას შპს ხელვაჩაურის პურ-პროდუქტებს მხოლოდ 2020-2021 წლებშ გამარტივებული შესყიდვის ორი ხელშეკრულება აქვს მიღებული, რომელთა ჯამური ღირებულება 142,000 ლარზე მეტია, ელექტრონული ტენდერებში კი 2014-2021 წლებში ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულება აქვს მოგებული. აქედან მხოლოდ 2020-2021 წლებში - 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი მოიგო.

 

ზებურ დუმბაძემ ქართულ ოცნებას 25 აგვისტოს 60,000 ლარი შესწირა. იმავე ოდენობის შემოწირულება მმართველი პარტიის სასარგებლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც განახორციელა. დუმბაძე რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს, მათ შორის შპს გეოპროდუქტში, შპს გეოკონდიტერში და შპს ჰიგიენაში. სამივე მათგანში მისი ბიზნეს პარტნიორია ზურაბ გაბაიძე, რომელმაც 2021 წლის 9 სექტემბერს პირველად განახორციელა პოლიტიკური შემოწირულება და მმართველ პარტიას 25,000 ლარი გადაურიცხა. ზებურ დუმბაძე ასევე ფლობს წილს შპს ნოვა-2012-ში, სადაც გაბაიძესთან ერთად მეწილეები არიან ოთარ და რამინ შავაძეები და ნუგზარ ხოზრევანიძე. თითოეულმა მათგანმა 9 სექტემბერს ქართულ ოცნებას 30,000-30,000 ლარი შესწირეს. დუმბაძის პარტნიორმა სხვა კომპანიაში, ბიჭიკო მამულაძემ მმართველ პარტიას მიმდინარე წელს 60,000 ლარი შესწირა. ჯამურად, ზებურ დუმბაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2021 წელს ქართული ოცნება 235,000 ლარით დააფინანსეს. დუმბაძის ორმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზით 2012-2021 წლებში 35,000 ლარზე მეტი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება მიიღეს. ამასთან, მისი რამდენიმე კომპანია მშენებლობის ბიზნესშია ჩართული. მათგან ერთ-ერთი, შპს ბათთაუერსი ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებდა, რომლისთვისაც კოეფიციენტის გაზრდაზე აჭარის მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ზურაბ პატარაძემ უშუამდგომლა.

 

2021 წლის 27 სექტემბერს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა სერგო ხაბულიანმა. ის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატობით შევიდა პარლამენტში, თუმცა მოგვიანებით დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. 2018 წელს სერგო ხაბულიანმა სალომე ზურაბიშვილს, ხოლო 2020 წელს მმართველ პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირა. იდენტური რაოდენობის თანხები იმავე პერიოდში შესწირა მისმა შვილმა, ბექა ხაბულიანმაც, 2021 წლის 29 სექტემბერს კი მან ქართულ ოცნებას კვლავ 60,000 ლარი შესწირა. ბექა ხაბულიანი მამასთან ერთად ფლობს წილს კომპანია „ცეკურში”, რომლის დირექტორის პოზიციასაც თავად იკავებს. აღნიშნულ კომპანიას 2012 წლის მარტიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით გამარტივებული შესყიდვების გზით 16,5 მილიონ ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება აქვს მიღებული. რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, 2011 წლის თებერვლიდან დღემდე 156 მილიონ ლარზე მეტი სავარაუდო ღირებულების ტენდერშია გამარჯვებული, საიდანაც 2011-2012 წლებში 15,5 მილიონამდე ღირებულების ტენდერები მოიგო, ხოლო 2013-2021 წლებში - 141 მილიონ ლარამდე. შპს ცეკურის მიერ განხორციელებული როგორც გამარტივებული შესყიდვების ისე ელექტრონული ტენდერების უდიდესი ნაწილი მოდის სამშენებლო საქმიანობაზე და უმეტესად უკავშირდება გზებისა და მაგისტრალების მშენებლობასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

 

გარდა შპს ცეკურისა ბექა ხაბულიანი 50% წილს ფლობს შპს ხვამლში, სადაც მისი ბიზნესპარტნიორი ნიკოლოზ ჩაჩხიანია. ამასთან, ხაბულიანი და ჩაჩხიანი ფლობენ შპს ჯონოული 1-ს და შპს ჯონოული 2-ს, სადაც დირექტორის პოზიციას ზურაბ სამსონიძე იკავებს. ორივე კომპანიის 84%-იან წილს ფლობს შპს ჯეენ გეორგია, რომლის გენერალური დირექტორიც იგივე ზურაბ სამსონიძეა. თავის მხრივ, შპს ჯეენ გეორგიას 92%-იან წილს ჩეხური სააქციო საზოგადოება ფლობს, ხოლო დარჩენილი 8%-ანი წილის მესაკუთრე შპს სამშენებლო კონსტრუქციაა. შპს სამშენებლო კონსტრუქციის 100% წილს გიორგი მათიაშვილი ფლობს აღნიშნული წილი 2018 წელს დავით ვეშაპიძისგან 14,000 ლარად შეიძინა. დავით ვეშაპიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას ქმარია და თავად კომპანიის 100% წილი  ნიკოლოზ ჩაჩხიანისგან 2017 წელს შეიძინა, 2018 წლის 19 სექტემბერს კი, ნათელა თურნავას ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნიდან 2 დღეში, წილი გაასხვისა. 

 

რაც შეეხება ზურაბ სამსონიძეს, 2021 წლის 21 სექტემბერს მმართველ პარტიას მანაც 60,000 ლარი შესწირა. მანამდე მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს განახოციელა 15,000 ლარის ღირებულების შემოწირულება ქართული ოცნების სასარგებლოდ. ის 30%-იან წილს ფლობს შპს კავკასუს მენეჯმენტ გრუპში სადაც დარჩენილი 70%-იანი წილის მფლობელი ირაკლი ვეშაპიძე, ნათელა თურნავას შვილია. კომპანიის დაარსებისას თავად ნათელა თურნავა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, 2018 წლის მარტში კი კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭო გაუქმდა.

 

თავის მხრივ შპს ხვამლი, შპს ჯონოული 1 და ჯონოული 2 ბიზნესსაქმიანობა საქართველოში ჰესების მშენებლობას უკავშირდება. ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაციით შპს ხვამლთან ენერგეტიკის სამინისტრომ მემორანდუმი 2015 წელს გააფორმა, რომლის მიზანი ჰიდროელექტროსადგური “ჯონოული 3”-ის მშენებლობა იყო. 2016 წლის ივლისში აღნიშნული მემორანდუმი გაუქმდა და გაერთიანდა 2015 წელსვე გაფორმებული მემორანდუმით “ჯონოული 2”-ის მშენებლობასთან. ამავე პერიოდში გაფორმდა მემორანდუმი “ჯონოული 1”-ის მშენებლობაზე, რომელიც 2018 წლის ბოლოს დასრულდა, შპს ხვამლი და შპს ჯონოული 1 კი ვადაგადაცილების სანქციებისგან გათავისუფლდნენ.

 

დასკვნა

 

IDFI-ის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური დაფინანსების გამცემი პირები ხშირ შემთხვევაში თავს არიდებენ კანონით დადგენილ შემოწირულებების ლიმიტებს. კერძოდ, ერთ პირთან/კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე ფიზიკური პირი სწირავს თანხებს, ისე, რომ კანონის მოთხოვნილ მაქსიმალურ ოდენობას ბევრად აჭარბებს. ასეთი ქმედებით, კანონის ფორმალური მოთხოვნა დარღვეული არ არის, თუმცა კანონის მიზნებს შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები, რომლებთანაც შემომწირველები არიან დაკავშირებულნი დიდი რაოდენობით გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს უკონკურენტოდ იღებენ, ასევე ხშირად იმარჯვებენ ელექტრონულ ტენდერებში. მსგავსი პრაქტიკა შესაძლოა მიუთითებდეს პოლიტიკური შემოწირულებების სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიების დაფინანსებას.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ IDFI-ის 2020 წლის შემოწირულებების კვლევით დადგენილ ორ საეჭვო შემთხვევაში, სადაც ერთ კომპანიასთან დაკავშირებული ათეულობით პიროვნება მმართველ პარტიას დროის ერთ მონაკვეთში სწირავდა თანხებს, 2021 წელსაც განმეორდა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურის მოკვლევით არ დადგინდა დარღვევა, ვთვლით, რომ მსგავსი პრაქტიკა წარმოადგენს კანონის გვერდის ავლის ნათელ მაგალითს.

 

სწორედ ამიტომ, ვთვლით, რომ აუცილებელია აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს მონიტორინგის ფუნქცია, დროულად გამოავლინოს შესაძლო დარღვევების ფაქტები, მოითხოვოს შესაბამისი დასაბუთებები და დააკისროს ჯარიმა დამრღვევ სუბიექტებს.

 

____

[1] გრაფიკში მოცემულია პარტიები, რომლებმაც ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს

 

 

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში 3G“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ანალიზსი გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024