უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ლიდერების, ბატონ გოგი თოფაძისა და ბატონ ზურაბ ტყემალაძის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას. აღნიშნული ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ფრაქციას საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმაში გაცხადებულ მიზნებს შორის დასახელებული აქვს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გაღრმავება, ფრაქციის ლიდერთა ბოლო დროინდელი საჯარო განცხადებები ამ კურსის მკვეთრად საპირისპირო ხასიათს ატარებს. მეტიც, ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარის, ბატონი გოგი თოფაძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უნდა შეიზღუდოს და აიკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, აგრეთვე მათი დადანაშაულება ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, პარალელების გავლება ერაყთან, იუგოსლავიასთან, არაბეთის ქვეყნებთან არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის იდენტური და შეიძლება ჩაითვალოს, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის ღია მუქარად საყოველთაოდ აღიარებული დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ამასთან ერთად, თავის საჯარო განცხადებებში ბატონი გოგი თოფაძე პირდაპირ ადანაშაულებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს - შეერთებულ შტატებს, არასამთავრობოების მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მხარდაჭერაში სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ასევე რუსეთის მოქმედი ხელისუფლების და კონტროლირებადი მედიის რიტორიკის იდენტურია. ვფიქრობთ, რომ „მრეწველების“, როგორც მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის აღნიშნული პოზიცია საფრთხის ქვეშ აყენებს ასევე საქართველოს და დასავლეთის პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიულ ურთიერთობის საკითხს.
გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული უფლებაა, საკუთარი პოზიცია ქვეყნის მოწყობისა თუ საგარეო ურთიერთობების შესახებ შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან შემდგარი კოალიციური ერთობა, თუმცა ვფიქრობთ, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანი თუ დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობის თავისუფლება თანაბარწილად გაზიარებული უნდა იყოს მასში შემავალი ყველა პარტიის მიერ. ყოველ შემთხვევაში, ამას ადასტურებს კოალიციის წინასაარჩევნო პლატფორმა. ყოვლად წარმოუდგენელია, მაღალი პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაში ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში შემავალ სუბიექტებს გააჩნდეთ განსხვავებული მიდგომები ისეთ სტრატეგიულ და ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორც არის ქვეყნის დემოკრატიული მოწყობა და საგარეო კურსი.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ჟამს, როდესაც საქართველო წარმატებით ცდილობს მოახდინოს ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებთან, როდესაც პირველად მიღწეულია შეთანხმება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთის ფედერაცია ახდენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიას, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ატარებს ქვეყნისთვის საგანგაშო და საზიანო ხასიათს, საზოგადოებაში აჩენს კითხვებს მმართველი პოლიტიკური ძალის საგარეო-პოლიტიკური და დემოკრატიული ორიენტირების შესახებ და იმსახურებს საზოგადოების მხრიდან შესაბამის რეაგირებას.
აქედან გამომდინარე, ქვევით ხელმომწერი ორგანიზაციები და მოქალაქეები, მოვუწოდებთ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრ პოლიტიკურ გაერთიანებებს საჯაროდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მათი კოლეგების ანტი-დასავლური შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით;
მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ კოალიციურ და პოლიტიკურ საბჭოებს იმსჯელონ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ "ქართული ოცნების" კოალიციური საბჭოს წევრების განცხადებებზე, რადგან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი არის საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე მხარდაჭერილი არჩევანი, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, “ქართული ოცნების" კოალიციის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს თითქოსდა ბატონების გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის პირადი მოსაზრებებია, ვერ იქნება გაზიარებული ქართული საზოგადოების იმ უმრავლესობის მიერ, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ დააფიქსირა დასავლური კურსისადმი საკუთარი მხარდაჭერა.
აღნიშნულ განცხადებას ხელი უკვე მოაწერეს:
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი (In-depth Reporting and Advocacy Center)
კონსტიტუტიციის 42-ე მუხლი
მწვანე ალტერნატივა
იდენტობა
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
სამოქალაქო აქტივობა - ბაღდათი
ახალი სიტყვა
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
განათლებისა და განვითარების ცენტრი "აკადემუსი"
საქართველოს ლიბერალ-დემოკრატიული ცენტრი
საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრი
ახალგაზრდული ალტერნატივა
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (csrdg)
ახალგაზრდა რესპუბლიკელები
ხმა საქართველოდან
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სამოქალაქო ფორუმი
საქართველოს სასოფლო დარბაზი
ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრი (EESRC)
იატა საქართველო (საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაცია)
სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
საუნჯე
ფილოსოფიისა და ლიტერატურის ახალგაზრდული ცენტრი
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
შემოგვიერთდით თქვენც! იხილეთ პეტიციის ბმული.