საჯარო მმართველობის რეფორმა ევროკავშირში გაწევრების კონტექსტში

სიახლეები | ვიზუალიზაცია | პუბლიკაციები | სტატია 7 ოქტომბერი 2024

ავტორი: ჯაბა დევდარიანი, კონსულტანტი, შეფასება და საჯარო მმართველობის რეფორმა

 

ევროკავშირს საჯარო მმართველობის სფეროში პირდაპირი სახელშეკრულებო კომპეტენცია არ გააჩნია. ამისდა მიუხედავად, ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა კანდიდატი წევრ ქვეყნებში საჯარო მმართველობის რეფორმის დაჩქარებასა და წახალისებაზე.

 

ეს იმიტომ ხდება, რომ ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე საკვანძო მნიშვნელობისაა დემოკრატიის მდგრადობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად. ამდენად, ის პირდაპირ კავშირშია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებასთან, რაც ევროკავშირში წევრობისათვის მზადყოფნის მთავარი საზომია.

 

ევროკავშირის პოლიტიკის ჩარჩო ასევე აღიარებს საჯარო მმართველობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას გაწევრების პროცესისათვის, რამდენადაც სწორედ გამართულ საჯარო მმართველობაზეა დამოკიდებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის წარმატება, კანონის უზენაესობის პრინციპების განხორციელება, ანტი-კორუფციული ზომები, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები და კარგი მმართველობის პრინციპების განხორციელება. ეს ყველაფერი კი ევროკავშირის საზიარო საკანონმდებლო და რეგულაციური ჩარჩოს (aquis) გაზიარებისთვის აუცილებელია. ხოლო ამ ჩარჩოს გაზიარება, მასზე ადგილობრივი საკანონმდებლო სივრცის მორგება გაწევრების პროცესის არსს წარმოადგენს.

 

საჯარო მმართველობის გაძლიერებას მარტო თავად კანდიდატი ქვეყნისთვის არაა მნიშვნელოვანი, მას არაპირდაპირი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოთა გაერთიანების მდგრადობისთვის, რადგან სწორედ საერთო პრინციპებზე აგებული საჯარო მმართველობა და ერთიანი საკანონმდებლო სივრცე უზრუნველყოფს ამ ქვეყნების პოლიტიკურ თავსებადობას და სტაბილურობას, რაც თანამედროვე საერთაშორისო-პოლიტიკურ ვითარებაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

 

საჯარო მმართველობის ხარისხს ასევე პირდაპირი გავლენა აქვს მოსახლეობის მომსახურების ხარისხზე, სახელმწიფო ფინანსების, მათ შორის ევროკავშირიდან მომავალი ფონდების მართვაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ამდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც ცალკეული ქვეყნების, ისევე მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ბაზარზე.

 

რა პრიორიტეტებს სახავს ევროკავშირი საჯარო მმართველობის რეფორმების კუთხით?

 

ევროკავშირის გადმოსახედიდან, საჯარო მმართველობის რეფორმის მთავარი ამოცანებია:

 - დემოკრატიული და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერება;

 - ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ჩამოყალიბება;

 - პროფესიული, დეპოლიტიზებული და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის არსებობა;

 - ელექტრონული მმართველობის განვითარება;

 - ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წახალისება;

 - პოლიტიკის შემუშავებაში, სერვისების მიწოდებასა და საჯარო ფინანსების განკარგვაში საჯარო მმართველობის უნარების გაუმჯობესება;

 - ეროვნული პარლამენტების ადეკვატური მხარდაჭერა პოლიტიკის შემუშავებისა და საკანონმდებლო პროცესებში.

 

ცალკეა აღსანიშნავი საჯარო ფინანსების მართვის (PFM) სისტემების გამართულობის მნიშვნელობა ევროკავშირისათვის. ევროკავშირი ფინანსური სოლიდარობისა და რეგიონული განვითარების მექანიზმია, ამდენად მის ფარგლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ფინანსური ნაკადები მოძრაობს. ევროკომისიამ უნდა უზრუნველყოფს, რომ მომავალი წევრების ფინანსური მართვის სისტემა საკმარისად გამართულია იმისათვის, რომ უზრუნველყოს ევროკავშირიდან მომავალი დაფინანსების ათვისება, მათი მართვის ხარისხი და გამჭვირვალობა; შეამციროს კორუფცია სახელმწიფო ტენდერებში და უზრუნველყოს მათი გახსნილობა ევროპული კომპანიებისათვის; დაიცვას ევროკავშირის საერთო ეკონომიკური ინტერესები ეკონომიკური დანაშაულისაგან, ორგანიზებული დანაშაულისაგან და მესამე ქვეყნების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციისა და სხვაგვარი უკანონო ჩარევისაგან და, ბოლოს, უზრუნველყოს ქვეყნის საბიუჯეტო და ფინანსური სტაბილურობა ევროკავშირის საერთო ფინანსური სტანდარტებისა და მოთხოვების შესაბამისად.

 

მიმდინარე მომენტი და ბალკანეთის გამოცდილება

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი კანონსა და პროცედურებში გაწერილ, ღირებულებებსა და სტანდარტებზე დაფუძნებულ პროცესს ეყრდნობა, კვლევითი ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ გაწევრების რეალური პროცესი უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე იცვლებოდა.

 

საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ყურადღების გამახვილება დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილებაზე, სადაც ორი ქვეყანა - სლოვენია (2004) და ხორვატია (2013)  - უკვე გახდა ევროკავშირის წევრი. მოლაპარაკებები გახსნილია სერბეთთან, ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და მონტენეგროსთან, კანდიდატია ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხოლო 2022 წლიდან გაწევრებაზე განაცხადი აქვს წარდგენილი კოსოვოსაც, მიუხედავად მისი პოლიტიკური სტატუსის ორაზროვნებისა. სასარგებლოა აგრეთვე ზოგადი ტენდენციების შედარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ესტონეთთან, ლიეტუვასა და ლატვიასთან, რომლებიც ჯერ კიდევ 2004 წელს გახდნენ ევროკავშირის წევრები.

 

ლიტერატურის ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ კანდიდატობის აღიარებისა და, განსაკუთრებით, მოლაპარაკებების გახსნის შემდეგ, ქვეყნები მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ და სტრუქტურულ რეფორმებს ატარებდნენ ქვეყნების ინსტიტუტების, კანონმდებლობისა და პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დასაახლოვებლად. ამ მხრივ, საჯარო ადმინისტრაციის მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

 

ევროკომისიამ სწორედ ბალკანეთთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება საჯარო მმართველობის რეფორმაზე. მისი მეთოდოლოგიურ საყრდენს წარმოადგენს OECD/SIGMA-ს საჯარო მმართველობის პრინციპების დოკუმენტი, რომელიც სულ ახლახანს განახლდა. სწორედ ამ დოკუმენტშია ასახული რეფორმების ექვსი საკვანძო სფეროს, ჩამოყალიბებულია რეფორმების კონკრეტული ამოცანები, დასახულია მათი განხორციელების გზები და რეფორმების მონიტორინგის ჩარჩო, რომელსაც ევროკომისიაც იყენებს რეფორმების შეფასებისაც.

 

საჯარო მმართველობის რეფორმის ფუნდამენტური მნიშვნელობა დასავლეთ ბალკანეთთან დაკავშირებულ დოკუმენტებში გაჩნდა და შემდეგ აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსთან დაკავშირებულ სარეგულაციო დოკუმენტებშიც ასახა.[1] სამივე ეს დოკუმენტი „ერთობლივი კომუნიკეს“ ანუ ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს სახელითაა გამოცემული და ამდენად ევროკავშირის უმაღლესი რანგის სარეგულაციო დოკუმენტებს განეკუთვნება.

 

ევროკავშირში გაწევრება: ზოგადი ტენდენციები საჯარო სამსახურების კუთხით

 

ლიტერატურის ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ წევრობის მსურველი ქვეყნების საჯარო სამსახურებში რეფორმები რამდენიმე საკვანძო მიმართულებით წარიმართა, რაც საერთოა როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევებში.

 

  1. ინსტიტუციური ადაპტაცია: როგორც წესი, დღის წესრიგში დადგა ახალი ადმინისტრაციული ინსტიტუტების შექმნის ანდა არსებულის გაფართოების საკითხი. ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საჯარო მმართველობაში ინსტიტუციური შესაძლებლობების მშენებლობა, რათა მათ შეძლონ ქვეყნის შიგნით, ევროპული ფონდების ადმინისტრირება და ევროპული პოლიტიკის შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, მიღება და განხორციელება ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ხოლო ქვეყნის გარეთ: ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში და პოლიტიკის დისკუსიებში ადეკვატურად მონაწილეობა.  კერძოდ, შემდეგი ტიპიური ნაბიჯები გადაიდგა:

 

ა) ჩამოყალიბდა ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო ანდა შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის პორტფელი: ევროკავშირთანმოლაპარაკებების წარმოება მოითხოვს მინისტრის დონის წარმომადგენლობას, ხოლო გაწევრების პროცესში მნიშვნელი ხდება ევროპულ acquis-თან მიერთების ცენტრალიზებული მართვა. ამისთვის, წევრობის მსურველ ქვეყნების უმრავლესობაში შეიქმნა სრული მინისტრის ან სახელმწიფო მინისტრის პორტფელი, ანდა, იშვიათ შემთხვევებში ჩამოყალიბდა „ორპორტფელიანი“ საგარეო სამინისტრო - ანუ ერთი სამინისტროს სტრუქტურაში ორი მინისტრი, რომელთაგანაც ერთ-ერთს აბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოება.

 

ბ) გაძლიერდა ევროკავშირის ფონდების ცენტრალური მართვის სტრუქტურები: კანდიდატობისა და მოლაპარაკებების პროცესის პარალელურად, როგორც წესი, იზრდებოდა სტრუქტურული ფონდების შემოდინება ევროკავშირიდან (მაგ.: გაწევრებამდელი ფინანსური დახმარების ინსტრუმენტის IPA-ს გზით) რომლის ათვისებაც მოითხოვდა საჯარო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტების გაძლიერებას და, ხშირ შემთხვევაში, კადრების რაოდენობის ზრდას. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ სექტორებს - ზოგადი კოორდინაცია ( ე.წ. „მთავრობის ცენტრალური სამინისტროები“ (center-of-government), სამართლიანი კონკურენციაზე პასუხისმგებელი სააგენტო, ფინანსური ზედამხედველობის, ანტიკორუფციული და აუდიტის სამსახურები, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები/სამსახურები. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ქვეყნები განსხვავებული წერტილიდან იწყებდნენ რეფორმებს და საჯარო მმართველობის ორგანიზაციის განსხვავებული სისტემები ჰქონდათ, რთულია მტკიცება, რომ საჯარო მოხელეების რაოდენობა ამ სექტორებში ყველგან გაიზარდა. თუმცა ფაქტია, რომ ამ სამსახურებს დაემატათ კომპეტენციები და გაჩნდა უფრო მაღალი მოთხოვნილებები მათი საქმიანობის პროფესიული დონის მიმართ.

 

გ) გადაიდგა ნაბიჯები დეცენტრალიზაციისა და რეგიონული პოლიტიკის განვითარებისაკენ: ევროკავშირის „კოჰეზიის“ პოლიტიკა ეფუძნება ძველი წევრი ქვეყნების გამოცდილებას, რომელმაც აჩვენა, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება განუყოფელია მისი სხვადასხვა რეგიონების სინქრონიზებული ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისაგან. დიდი დისბალანსი რეგიონებს შორის ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური არასტაბილურობისათვის და შეიძლება ევროკავშირის სხვა წევრებსაც შეუქმნას პრობლემები (მაგ. მეზობელ ქვეყნებში მიგრაციის ეკონომიკური ტალღის სახით). ამდენად, რეალური დეცენტრალიზაცია ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი საკვანძო ელემენტია. ფისკალური დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა, რეგიონულ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობის ქვედა დონეზე „ჩატანა“ დღის წესრიგში აყენებს ადგილობრივი საჯარო სამსახურების გაძლიერების, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ზრდის საკითხებს. დეცენტრალიზაციას გავლენა აქვს აგრეთვე ცენტრალური მთავრობის სტრუქტურაზე - აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის ბევრ ქვეყანაში დადგა დღის წესრიგში ზე-ცენტრალიზებული მმართველობის სტრუქტურების ახალ გამოწვევებთან ადაპტაციის პრობლემა.

 

საჯარო სამსახურის რეფორმა: დასავლეთ ბალკანეთის გამოცდილება

 

ევროკავშირთან ასოცირებისა და სტაბილიზაციის ხელშეკრულებების (SAA) ხელმოწერამ 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. დღემდე განხორციელებული რეფორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ არის წინსვლა, მაგრამ რეფორმებს სიღრმე აკლია. ევროკავშირთან დაახლოებისათვის აუცილებელირეფორმების დიდი ნაწილი ნაჩქარევად და „ზემოდან“ განხორციელდა, ხშირად ფორმალურად, რადგან ადგილობრივი პოლიტიკოსების მიერ იძულებით ნაბიჯად უფრო იყო აღქმული, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ აუცილებლობად. ამის გამო, უმეტეს ქვეყნებში რეფორმებს ევროპულ სარეგულაციო სფეროსთან საკანონმდებლო ადაპტაციის ხასიათი ჰქონდა, რის შედეგადაც ფორმალურ დონეზე ევროპულ პრინციპებთან საშუალოზე მაღალი თანხვედრა შეინიშნება.  ამ თვალსაზრისით დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (გაფართოების პირველი ტალღის) ყველა ქვეყანას უსწრებენ, ლიეტუვის გარდა.

 

სამაგიეროდ, იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ევროპულ პრინციპებთან თანხვედრა საშუალოზე დაბალია: კანონები ფორმალურად კი სრულდება, თუმცა საჯარო სამსახურების შიდა კულტურა ნაკლებად შეიცვალა და მმართველობის არაფორმალური მეთოდები კვლავაც წამყვანი რჩება. შესაბამისად კანონმდებლობის ეფექტურობა დაბალია, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება უფროსი საჯარო მოხელეების საქმიანობის რეგულირებას, ეთიკისა და მოუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას.

 

აშკარაა ისიც, რომ რეფორმების დინამიკა უშუალოდ ებმის ევროპულ პერსპექტივას: მიუხედავად შიდა განსხვავებებისა, რეფორმების ტრაექტორია ასოცირების პირველ წლებში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მსგავსი იყო. რეფორმის ტემპზე გავლენას ახდენდა ადგილობრივი პოლიტიკური მოვლენები, მმართველი პარტიების/კოალიციების ცვლილება, თუმცა მისი შინაარსობრივი მხარე ძირითადად მდგრადი იყო. შედეგად, საჯარო სამსახურის სისტემები დასავლეთ ბალკანეთში ერთმანეთის მსგავსი მიმართულებით განვითარდა. მათ ინსტიტუციური სტრუქტურა, განხორციელებული სამუშაოს ხარისხი და საჯარო მოხელეების პირადი დამოკიდებულება ევროპული პრინციპებისადმი დიდწილად ერთმანეთის მსგავსია და თანაბარ დონეზეა განვითარებული. თუმცაღა, რეფორმების ტემპიც და შინაარსიც უშუალოდ იყო დამოკიდებული საგარეო მხარდაჭერის ხარისხზე და ევროპული პერსპექტივის რეალურობაზე. 2010-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრების რეალური პერსპექტივის შესახებ პესიმიზმმა („გაფართოებით გადაღლა“) ყველგან დააბრკოლა საჯარო მმართველობის რეფორმები, ხოლო სერბეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შემთხვევებში უკუსვლაც კი მოიტანა.

 

გაკვეთილები საქართველოსთვის

 

საქართველოს საჯარო სამსახური საკმაოდ კარგად იცნობს „ახალი საჯარო მმართველობის“ თემატურ მიმართულებებს, რაც საფუძვლად უდევს ევროკავშირის მიდგომებს საჯარო სამსახურის რეფორმის მხრივ. ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოს საგრძნობი უპირატესობაც გააჩნია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, მაგალითად ელექტრონული სერვისების, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირების საქმეში.

 

ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების გარკვეულ ეტაპზე მნიშვნელოვანი ხდება კვალიფიციური საჯარო მოხელეების შენარჩუნების, ახალი კადრების წვრთნისა და რეგიონულ/ადგილობრივ დონეებზე ამ კომპეტენციების გადატანა-დუბლირების საკითხი, რათა სერვისების ხარისხი შენარჩუნდეს და მუდმივად უმჯობესდებოდეს.

 

თუმცა როგორც ბალკანეთში, ისევე საქართველოში არსებობს საგრძნობი ჩამორჩენა საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ეთიკის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველყოფის, პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების მხრივ.

 

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრების გამოცდილებიდან ევროკავშირში დაისწავლეს გაკვეთილი, რომ წარმატებული რეფორმებიც კი, თუ მათ სიღრმე აკლიათ, მყიფეა. მთელ რიგ ქვეყნებში უკვე გაწევრების შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი უკუსვლა დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ. თუმცა, ამასთან ერთად, შეიქმნა იმის პოლიტიკური აღქმაც, რომ რეფორმების წასახალისებლად ძალიან მნიშვნელოვანია წევრობის რეალური პერსპექტივის არსებობა.

 

ევროკავშირი აცნობიერებს, რომ საჯარო მმართველობის თვალსაზრისით ქვეყნები განსხვავებულ ვითარებაში არიან, განსხვავებული ტრადიციები და ინსტიტუციური მოწყობა აქვთ, რომელზეც გავლენას ახდენს ისტორიული და პოლიტიკური ფაქტორები. შესაბამისად, განსხვავებულია ის სპეციფიური გამოწვევებიც, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საჯარო სამსახურის წინაშე დგას. ამდენად, რეფორმები მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს მოცემული ქვეყნის კონტექსტს და ევროპული დახმარებაც მიზნობრივი უნდა იყოს. ისიც გაცნობიერებულია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმების ეფექტურობისთვის ისინი თანდათანობით უნდა განხორციელდეს და ახალი პრინციპების შეთვისება ღრმად მოხდეს შესაბამის უწყებებში.

 

დღეისათვის, საქართველოს მოძრაობა ევროკავშირისაკენ გაყინულია, რაც ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას უკავშირდება. თუმცა, თუკი დადებითი მიმართულებით მოძრაობა აღდგა, მთავარი ტექნიკური თემები იქნება: 

 

-          ევროკავშირთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მმართველობითი ფუნქციების კონცენტრაცია ერთ უწყებაში. ევროკავშირის გადმოსახედიდან, საჯარო სამსახურის რეფორმის რეფორმას კრიტიკულ მნიშვნელობას აქვს გაწევრების პროცესის წარმატებისათვის, ოღონდ ამ რეფორმის ძირითადი მამოძრავებელი ძალა გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ეროვნული ინსტიტუტები უნდა იყოს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს რეფორმაზე პასუხისმგებელი ერთი, ძლიერი ინსტიტუტის/უწყების ჩამოყალიბებას ან იდენტიფიცირებას, რომლებიც გაუძღვება რეფორმების პროცესს.

 

-          საჯარო ფინანსების მართვის სისტემების მდგრადობა, რასაც საქართველოში საკმაოდ კარგი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი აქვს შექმნილი, თუმცა ანტიკორუფციული სისტემების განმტკიცების აუცილებლობა კვლავაც არსებობს. რაც მთავარია, ევროკავშირის გადმოსახედიდან საქართველოს ჯერ კიდევ არა აქვს საკმარისი ადმინისტრაციული მდგრადობა, რათა აითვისოს და მართოს ევროკავშირის პროგრამები.

 

-          საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობა და კარიერული მდგრადობა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც უკანონო პარტიულ/პოლიტიკური პატრონაჟის შემცირებას კადრების აყვანასა და გათავისუფლებაზე, ისე კადრების გადინების შეკვეცა საკარიერო ზრდის გეზის მაქსიმალურად უნიფიცირებული და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული პრინციპების დანერგვის გზით.

დასკვნის სახით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საჯარო მმართველობის რეფორმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მრავალმხრივ უჭერს მხარს, ეს პროცესი რომ წარმატებული იყოს, მთავარი იმპულსი ქვეყნის შიგნიდან უნდა მოდიოდეს. ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება გვეუბნება, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული და საკანონმდებლო რეფორმა ვერ უზრუნველყოფს დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული საჯარო სამსახურის მდგრადობას. მის შესაქმნელად და გასაძლიერებლად დემოკრატიული კონსენსუსი, გამჭვირვალობა და დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და მედიისაგან ზედამხედველობაა საჭირო.

 

-          [1]  „გაფართოების პროცესის გაუმჯობესება - დამაჯერებელი ევროპერსპექტივა დასავლეთ ბალკანეთისათვის“ (Western Balkans and Turkey The revised enlargement methodology “Enhancing the accession process - A credible EU perspective for the Western Balkans”)

-          ჩანაწერი დოკუმენტში აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონთან დაკავშირებით გაჩნდა დოკუმენტში „ერთობლივი კომუნიკე აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე 2020 წლის შემდეგ: მდგრადობის წახალისება - აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასათვის“ - The Joint Communications Eastern Partnership policy beyond 2020: “Reinforcing Resilience - an Eastern Partnership that delivers for all”)  

-          სამხრეთ სამეზობლოსთან ურთიერთობაშიც, 2021 წელს გამოქვეყნდა შესაბამისი ერთობლივი კომუნიკე („განახლებული პარტნიორობა სამხრეთ სამეზობლოსთან: ახალი დღის წესრიგი ხმელთაშუაზღვისპირეთისათვის“ -Renewed partnership with the Southern Neighbourhood: A new Agenda for the Mediterranean).

 

------------- 

წინამდებარე ოპედი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
 
მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024