ჩვენი საქმიანობა

დაფუძნების დღიდან (2009 წელი) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) თავისი საქმიანობით ცდილობს, ხელი შეუწყოს ინფორმირებული  საზოგადოების ჩამოყალიბებას და  დემოკრატიული მმართველობის განვითარებას

 

2018 - 2023 წლებში, ორგანიზაცია NGOsource-მა შეამოწმა IDFI-ის ფინანსური და ორგანიზაციული გამართულობა და შედეგად IDFI-ს აშშ-ის საზოგადოებრივი ორგანიზაციის ეკვივალენტობის სერტიფიკატი მიანიჭა. შედეგად, IDFI შევიდა სპეციალურ სიაში, საიდანაც აშშ-ის გრანტის გამცემ ორგანიზაციებს შეუძლიათ გაეცნონ IDFI-ის ფინანსურ და ორგანიზაციულ გამართულობას და დამატებითი შემოწმების გარეშე გამარტივებული და სწრაფი პროცედურით გადასცენ ორგანიზაციას გრანტი.

 

IDFI-მ ორგანიზაციული განვითარების პროცესში განსაზღვრა ძირითადი სამოქმედო მიმართულებები:

 

 

ღია მმართველობა

 

ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია ღიამმართველობის პრინციპების დანერგვა, რაც მოიაზრებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ღია მონაცემების გამოყენების წახალისებას; პოლიტიკის შექმნაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობასა და საქართველოში არსებითი და ინოვაციური ღია მმართველობის რეფორმების მხარდაჭერას.  

  

საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის გასაზრდელად IDFI ეწევა მონიტორინგის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც აქვეყნებს ანგარიშებს, კვლევებს, მართავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს და შესაბამის დაწესებულებებსა და დაინტერესებულ მხარეებს აწვდის რეკომენდაციებს. ასევე, ღია მონაცემების გამოყენების წასახალისებლად ნერგავს ინოვაციურ პლატფორმებს, და აწყობს სხვადასხვა ტიპის კამპანიებსა და აქტივობებს.

  

ინსტიტუტი, ასევე, აქტიურად მუშაობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების სრულყოფის, კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის გაუმჯობესების, ბიუჯეტირებისა და კანონშემოქმედებით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაზე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე.

  

ასევე, IDFI არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივებისა და აქტივობების მხარდამჭერი და განმახორციელებელი ორგანიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. IDFI ხელს უწყობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვას სამთავრობო, საკანონმდებლო, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და თვითმმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით.

 

კორუფციასთან ბრძოლა

 

ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ მიზნით IDFI ჩართულია ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებაში, რომლის ფარგლებში, ორ წელიწადში ერთხელ, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგენს სიტუაციის ანალიზის შედეგად მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს და სტრატეგიულ დოკუმენტებში გასათვალისწინებელ ვალდებულებებს. ამავდროულად, IDFI თვალს ადევნებს ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების განხორციელებას და საკუთარ მოსაზრებებს წარუდგენს სამდივნოს უწყებების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისად, IDFI აქტიურად ზრუნავს ახალგაზრდების განათლებაზე კორუფციასთან მებრძოლთა სასერტიფიკატო პროგრამის მეშვეობით. ამავდროულად, ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეო-რგოლებს, საერთაშორისო ინდექსებისა და შეფასებების ანალიზებს და ა.შ.

 

IDFI აქტიურად თანამშრომლობს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD-ACN), ევროსაბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO), გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის კოალიციასთან (UNCAC), აღმოსავლეთის პარტნიორობასთან (EaP) და ა.შ.

 

ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა

 

IDFI იკვლევს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს და კანონმდებლობის, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის  საფუძველზე საქართველოს მთავრობას აწვდის რეკომენდაციებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

 

სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით IDFI-ის ძირითადი საქმიანობა  გულისხმობს ამ სფეროში საქართველოს განვითარების მაჩვენებლების ანალიზს და სახელმწიფოსთვის რეკომენდაციების გაცემას არსებული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.

 

გარდა ამისა, IDFI ხელს უწყობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და  სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად აქტიური საზოგადოების ფორმირებას.

 

IDFI აქტიურად ახორციელებს  განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური  პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგს  და აფასებს მათ ეფექტიანობას.

 

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

 

კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა.ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემის მონიტორინგისა და რეფორმირების პროცესში.

 

IDFI ასევე მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების სრულყოფას და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ხელშეწყობას. ამ მიმართულების ფარგლებში, ორგანიზაცია ასევე ორიენტირებულია სამართალდამცავი სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაზე.

 

ადგილობრივი მმართველობა 

 

IDFI-ის ერთ-ერთი მიმართულებაა ადგილობრივი მმართველობა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობას შემდეგი გზებით:

 

 - ადგილობრივი თვითმმართველი საჯარო ინსტიტუტების უფლებამოსილებების გაზრდა ადგილობრივი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

 

 - მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტურობის გაზრდა.

 

 - მუნიციპალიტეტების ფინანსური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ შეძლონ თავიანთი ფუნქციების ადექვატურად შესრულება.

 

ამ მიზნით, IDFI ა) მონიტორინგს უწევს ადგილობრივი მმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებას; ბ) ხელს უწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას; გ) ადვოკატირებას უწევს მუნიციპალურ მონაცემებზე წვდომის და პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების გაუმჯობესებას; დ) ხელს უწყობს მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ახალი ტექნოლოგიების, საუკეთესო პრაქტიკის და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მეშვეობით და ე) ზრდის ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობებს.

 

მედია და გამოხატვის თავისუფლება

 

მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულების უმთავრესი მიზნებია მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეწყობა, გამოხატვისა თავისუფლების მარეგულირებელი და მომიჯნავე კანონმდებლობის მონიტორინგი,  სასამართლოს პრაქტიკის განვითარება.

 

მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს მედიის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ახორციელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას და მიზნობრივი სამართლებრივი დახმარების პროგრამას.

 

ინტერნეტი და ინოვაციები 

 

ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებით IDFI-ის რამდენიმე პრიორიტეტული მიზნები შეიძლება გამოიყოს: საქართველოში ეფექტური ელექტრონული მმართველობის ეკოსისტემის არსებობის ხელშეწყობა; ინოვაციური ტექნოლოგიების ეფექტური და ეთიკური გამოყენების ხელშეწყობა (ალგორითმები, ხელოვნური ინტელექტი); ციფრული და მედიაწიგნიერების ამაღლება; ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესება და ინტერნეტ თავისუფლების უზრუნველყოფა.

 

ამ მიზნით, IDFI პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის პუბლიკაციებსა და რეკომენდაციებს ინტერნეტისა და ციფრული უფლებების შესახებ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კვლევითი და პოლიტიკის შეფასებითი საქმიანობის გარდა IDFI მართავს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით.

  

მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევები  

 

IDFI მუშაობს საქართველოსსტრატეგიული მიზნების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამოაშკარავებასა და მისი ეფექტების განეიტრალებაზე. ამ მხრივ IDFI-ის გუნდი აქვეყნებს სტატიებს, ანალიტიკურ ნაშრომებსა და პოლიტიკის დოკუმენტებს, რომლის მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მთავრობისთვის რეკომენდაციების მიწოდება, თუ როგორ გაუმკლავდეს საინფორმაციო შეტევებს.

 

დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში IDFI ასევე თანამშრომლობს სამთავრობო სტრუქტურებთან, პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგანმანათლებლო და აკადემიურ დაწესებულებებთან. 

 

საარქივო დოკუმენტებზე დაფუძნებული აკადემიური და სამეცნიერო-პოპულარული კვლევებით IDFI ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს უახლესი ისტორიის, განსაკუთრებით კი საბჭოთა წარსულის შესწავლისა და ანალიზის პროცესში, რაც ქვეყანას დაეხმარება დემოკრატიული მომავლის განვითარებაში.აგრეთვე, IDFI მუშაობს საბჭოთა ეპოქის არქივების ღიაობასა და საარქივო დოკუმენტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობაზე.

IDFI აქტიურად მუშაობს საბჭოური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავყოფაზე, წარსულის შესახებ თანამედროვე მეხსიერების კვლევასა და მის შენარჩუნებაზე, მოსახლეობის ინფორმირებაზე წარსული რეჟიმის დანაშაულების შესახებ. ორგანიზაცია ეხმარება რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს ინფორმაციის მოძიებაში და სასამართლო დავებში, ადვოკატირებას უწევს რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდის საკითხს.