ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდის (FPOS) მხარდაჭერით, აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის უფასო სასერტიფიკატო პროგრამაზე.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს.
ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?
პროგრამა განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
პროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა
კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა არის საერთაშორისო პროგრამის ნაწილი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე 2019-2021 წლების განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ,,კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის’’ პირველი და მეორე ეტაპი. პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი გაიარეს მკაცრი კონკურენციის საფუძველზე შერჩეულმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, და საჯარო და კერძო უწყებების წარმომადგენელმა პრაქტიკოსებმა.
ამჟამად, გამოცხადებულია განაცხადების მიღება კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მესამე ეტაპის ფარგლებში, რომელიც შედგება საბაკალავრო და სამაგისტრო საგნებისგან.
საბაკალავრო საფეხურის საგნებია:
- კარგი მმართველობა და კორუფცია (შემოდგომის სემესტრი)
- კორუფცია და პოლიტიკა (გაზაფხულის სემესტრი)
საბაკალავრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
სამაგისტრო საფეხურის საგნებია:
- ანტიკორუფციული პოლიტიკის მართვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში (შემოდგომის სემესტრი)
- კორუფციასთან ბრძოლა, საერთაშორისო აქტორები, ანტიკორუფციული პლატფორმები (გაზაფხულის სემესტრი)
სამაგისტრო საგნები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში ავტორიზებული სხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის.
სწავლის ხანგრძლივობა: თითოეული საგნის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ აკადემიურ სემესტრს (16 კვირა). სრული კურსის ხანგრძლივობაა 2021-2022 წლების ორი აკადემიური სემესტრი.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სწავლების ენა: ქართული (სავალდებულო ლიტერატურა წარმოდგენილია ქართულ ენაზე, ხოლო დამატებითი-ქართულ და ინგლისურ ენებზე).
სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექცია-სემინარის ფორმატში, და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს.
ტრენერები
სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტები.
სერტიფიკატი
პროგრამის მონაწილე, რომელიც გაივლის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ორივე საგანს მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი საფეხურის სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასერტიფიკატო პროგრამის საგნებს, სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სასწავლო კრედიტს (6 ECTS), რომელიც ჩაეთვლებათ შესაბამისი პროგრამის ნაწილად.
სტაჟირება
პროგრამის 2 საუკეთესო მონაწილე, კურსის დასრულების შემდგომ და შესაბამისი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში.
კურსდამთავრებულების ქსელი
პროგრამის დასასრულს, წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გაერთიანდნენ კურსდამთავრებულთა ქსელში (ე.წ. Alumni Network), რომელიც აერთიანებს პროგრამის მონაწილეებს, და აკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებს. კურსდამთავრებულთა ქსელი გეგმავს საერთო კვლევებს, გაცვლით პროგრამებს და სხვა შესაბამის აქტივობებს.
პროგრამაში რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები; საჯარო სამსახურის, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ „სასერტიფიკატო პროგრამა“.
პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები.
შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
● მოტივაცია;
● კომუნიკაბელურობა;
● გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი;
● სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები სასერტიფიკატო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს ირჩევენ სემესტრული სასწავლო ბადის დაგეგმარების შესაბამისად, ფაკულტეტზე არსებული პირობების დაცვით.
ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების მხარდაჭერის ფონდი (OSF).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: დავით მაისურაძე, კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი
ტელ: 577 11 45 22
ელ-ფოსტა: contest@idfi.ge