კონკურსი კვლევითი ორგანიზაციის შესარჩევად

პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ფარგლებში (რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფართო ინიციატივის ნაწილს), ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),  იწვევს საქართველოში მოქმედ კვლევით ორგანიზაციებს გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად:

 

კვლევა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ.

 

1. დავალების მიზანი 

 

კვლევითი ორგანიზაცია შეირჩევა შემდეგი დავალების შესასრულებლად:

 

საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებისა და მათი ეფექტურობის შესახებ კვლევა მიზნად ისახავს დაადგინოს საპარლამენტო საქმიანობაში საქართველოს მოსახლეობის აქტიურობის დონე და განსაზღვროს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დინამიკა. ამავდროულად, კვლევა შეისწავლის საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და გამოწვევებს, რომელთა გადაჭრის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მოქალაქეთა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერება. 

 

კვლევა გამოავლენს და გააანალიზებს: 

 

1. საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობას საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე; 

 

2. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების გამოყენების სტატისტიკას; 

 

3. შესაბამისი მექანიზმების გამოყენების ან/და გამოუყენებლობის მიზეზებს თითოეულ მექანიზმთან მიმართებაში; 

 

4. ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დამაბრკოლებელ გარემოებებსა და გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს; 

 

5. ჩართულობის მექანიზმების გამოყენების შედეგებსა და აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანობას.  

 

აღნიშნული საკითხების შესასწავლად გამოყენებული იქნება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები. მონაცემების შესწავლა მოხდება შემდეგი სამიზნე ჯგუფების შესაბამისად: 1. საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა (როგორც თბილისში, ისე რეგიონებში); 2. მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა; 3. ეთნიკური უმცირესობა; 4. ქალები; 5. სტუდენტები; 6. პარლამენტის წევრები; 7. პარლამენტის აპარატი; 8. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; 9 ჟურნალისტები.

 

კვლევა უნდა მოიცავდეს, თუმცა არ უნდა შემოიფარგლებოდეს, შემდეგი ინფორმაციით: სამიზნე ჯგუფებში ინფორმირებულობის დონე საპარლამენტო საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმებთან დაკავშირებით; რამდენად ხშირად სარგებლობენ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები ზემოხსენებული მექანიზმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); როგორია გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

კვლევის ანგარიში გამოყენებული იქნება 

 

- პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის მიზნების, ამოცანების,  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად და შესაბამისი საქმიანობის დასაგეგმად; 

 

- საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების განსავითარებლად; 

 

- პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის/ღიაობისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდასაჭერად. 

 

2. შესასრულებელი დავალება

 

კვლევითი ორგანიზაცია ვალდებულია, დამკვეთთან და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე, შეასრულოს შემდეგი დავალებები: 

 

• განსაზღვროს რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდები;

 

• შეიმუშავოს კვლევის ინსტრუმენტები, მათ შორის კითხვარი;

 

• ჩაატაროს სულ მცირე 15 ფოკუს ჯგუფი, აქედან სულ ცოტა, ერთი ფოკუს ჯგუფი დაკომპლექტებული საქართველოს პარლამენტის წევრებით; ერთი ფოკუს ჯგუფი დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების და პარლამენტში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით; ერთი ფოკუს ჯგუფი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მონაწილეობით; ერთი ფოკუს ჯგუფი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით, ერთი ფოკუს ჯგუფი ქალების მონაწილეობით;

 

• მოამზადოს ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების კვლევის მიმოხილვითი ანგარიში;

 

• შეისწავლოს სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების თაობაზე; ასევე დასახელებული მექანიზმების გამოყენების ან/და გამოუყენებლობის მიზეზები და ჩართულობის მექანიზმების გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; განსაზღვროს ჩართულობის მექანიზმების ეფექტიანობა; 

 

• წარმოადგინოს მოსახლეობის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებით სარგებლობის მაჩვენებლები (როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი);

 

• მოამზადოს კვლევის საბოლოო ანგარიში საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებით სარგებლობის შესახებ, მათ შორის, მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების, კერძოდ, დიაგრამებისა და ინფოგრაფიკების, ასევე სხვა საშუალებების გამოყენებით.

 

გამარჯვებულმა ორგანიზაციამ შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკი უნდა შეუთანხმოს დამკვეთს.  

 

3. კვლევის ანგარიში უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე; საბოლოო პროდუქტი ასევე უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე.

 

4. ვადები და ხანგრძლივობა

 

კვლევის შესრულების საბოლოო ვადაა: 2021 წლის 30 სექტემბერი.

 

5. დავალების შესრულება

 

დავალების შესრულების  მეთოდოლოგია და სამოქმედო გეგმა წინასწარ ეგზავნება დამკვეთს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას.

 

მათვე გადაეცემათ შესრულებული სამუშაოს ამსახველი მოკლე ანგარიში დავალების თითოეული ეტაპის დასრულების შემდგომ.

 

შესრულების ბოლოს, შესრულებული კვლევა განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეცემა დამკვეთს, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, ასევე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას.

 

6. დავალების შესრულების ინდიკატორები

 

კვლევითი ორგანიზაციის მიერ დავალების წარმატებით შესრულების ინდიკატორებად ითვლება:

 

• დამკვეთთან შეთანხმებული დავალებების გრაფიკის შესაბამისი და მაღალი ხარისხით შესრულება;

 

• სულ მცირე 15 ფოკუს-ჯგუფის ჩატარება;

 

• გამოკითხვის საშუალო ცდომილება მაქსიმუმ 5%-იანი ინტერვალით;

 

• კვლევის ანგარიშის მომზადება;

 

• კვლევის საბოლოო ანგარიშის წარდგენა დამკვეთის, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისა და ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის.

 

7. ინფორმაცია განმცხადებელი კვლევითი ორგანიზაციის შესახებ 

 

აუცილებელია, ორგანიზაციას ჰქონდეს  სულ მცირე ხუთწლიანი გამოცდილება მოსახლეობის აზრის კვლევებისა და გამოკითხვების ჩატარებაში.

 

კვლევითმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია განაცხადის გაკეთების ეტაპზე.

 

კანდიდატების მიერ წარსადგენი მასალები უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: 

 

- ორგანიზაციის გამოცდილება რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების წარმოების მიმართულებით; 

- მსგავსი განხორციელებული კვლევების  ჩამონათვალი;  

- კვლევის გუნდის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, შემდეგი გამოცდილების მქონე პირებით:

 

-მთავარი მკვლევარი / კვლევის კოორდინატორი: ა) კვლევითი ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 4 წლიანი გამოცდილება; ბ) კვლევის ან/და ანალიტიკური საქმიანობის ადმინისტრირების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;   

 

-მკვლევარი: ა) თვისებრივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; 

 

-უმცროსი მკვლევარი: თვისებრივი სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ან/და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.

 

-კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ წარმოადგინონ სხვა მასალები, რომლებსაც ისინი თვლიან საჭიროდ, მათი გამოცდილების დასადასტურებლად.

 

8. წარმოდგენილი განცხადების შეფასება და შეთავაზება დავალების შესასრულებლად

 

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

 

- განაცხადის შინაარსობრივი აღწერა, მენეჯმენტი, გამოცდილება (60%);

- ფინანსური შეთავაზება და გასაწევი ხარჯების გონივრულობა (40%).

 

9. ბიუჯეტის შეთავაზება

 

კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებული ფასების წარდგენა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში.

  

10. სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა

 

ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

 

1. ორგანიზაციის სახელწოდება;

 

2. კვლევის მიზნების შესაბამისი სრული ტექნიკური შეთავაზება, რომელიც მოიცავს განსახორციელებელი კვლევის მიზნებისთვის საპარლამენტო საქმიანობისა და ამ საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოკლე მიმოხილვას და ჩასატარებელი სამუშაოების სპეციფიკას;

 

3. ბიუჯეტის შეთავაზება;

 

4. კვლევის განსახორციელებელი აქტივობების გრაფიკი;

 

5. შეთავაზებული მეთოდოლოგიის აღწერა კვლევის კითხვების ჩათვლით;

 

6. COVID-19 პანდემიის შეზღუდვებთან დაკავშირებული უსაფრთხოების პროცედურებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლევის მიმდინარეობისას.

 

ტენდერის ვადები

კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნება

18 მაისი, 2021

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის  ბოლო ვადა

26 მაისი, 2021

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა

4 ივნისი , 2021, 18:00 სთ

განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების ვადა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების შეფასებისა და შედეგების გამოცხადების თარიღები შეიძლება შეიცვალოს)

11 ივნისი

 

 

კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ: საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ კვლევა.

 

განაცხადები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული სახით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის დასახელებაში მიუთითოთ: „საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ კვლევა“