ინტელექტუალური თამაში სტუდენტებისთვის - რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.

 

თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო საქმიანობაში. 

 

თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ მოყვარულთა გუნდებს (ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან „რა? სად? როდის?“ პროფესიონალ მოთამაშეთა სიაში).

 

თამაშის პირობები: 

 

1. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით.

 

2. შეკითხვები შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, პარლამენტარიზმის ისტორიას და გამოჩენილ პარლამენტარებს. 

 

3. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს 6 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ 1 გუნდი. გუნდების/მონაწილეთა სიის წარმოდგენა უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების პრეროგატივაა.

 

4. თამაში შედგება 2 ტურისა და 30 შეკითხვისგან [თითო ტურში 15 შეკითხვა]; 1 შეკითხვა – 1 ქულა. 

 

5. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს. 

 

თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი [I, II და  III ადგილები] და მათი წარმდგენი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თასით და ფასიანი საჩუქრებით. 

 

თამაშში რეგისტრაციისთვის:   

 

1. უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და მიუთითონ: 

 

- სასწავლებლის დასახელება; 

 

- გუნდის შემადგენლობა: მოთამაშის/სტუდენტის სახელი და გვარი (6 ადამიანი), მათი სწავლების საფეხური და ფაკულტეტი;

 

- საკონტაქტო პირის [სასწავლო დაწესებულების/აკადემიური პერსონალი] მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა.

 

2. შევსებული ფორმა, 2019 წლის 31 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: contest@idfi.ge 

 

3. გამოგზავნისას მეილის სათაურში [subject-ველი] მიუთითეთ – თამაში:  რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

 

თამაში ჩატარდება თბილისში [ღონისძიების ზუსტი ადგილის შესახებ მოგვიანებით ვაცნობებთ დარეგისტრირებულ/მონაწილე გუნდებს].

 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137