სამეთვალყურეო საბჭო

დავით მაისურაძე

საბჭოს თავმჯდომარე

დავით მაისურაძე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი. დავით მაისურაძეს 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws), ხოლო 2015 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი.

 

დავით მაისურაძე არის ა(ა)იპ „ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი. დავით მაისურაძეს აქვს ლექციების წაკითხვის 15 წლიანი გამოცდილება, კერძოდ, კითხულობს შემდეგ საგნებს: საკორპორაციო სამართალი, საწარმოთა რეორგანიზაციები, კორპორაციული მართვა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალი. დავით მაისურაძე არის პრაქტიკოსი იურისტი. დავითი 2010-2013 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. დავითი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

 

დავით მაისურაძეს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

 

ნათია კუპრაშვილი

საბჭოს წევრი

ნათია კუპრაშვილი - 2017 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობს ჟურნალისტიკის რესურსცენტრს - JRC. ამავდროულად არის ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ” აღმასრულებელი დირექტორი, სადაც არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

 

ნათია ასევე კოორდინირებდა მედიის ადვოკატირების კოალიციის საქმიანობას. პროფესიით ჟურნალისტს აქვს 25 წლიანი მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროის იყო რეგიონული მედიასაშუალებების რედაქტორი.

 

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში” იგი ხელმძღვანელობდა ქართულ-აფხაზური გაზეთის “პანორამას” გამოცემას. არის სამი სახელმძღვანელოსა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იგი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორია. არის საქართველოს წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველ კომიტეტში.

ნინო ჩიქოვანი

საბჭოს წევრი

ნინო ჩიქოვანი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი. ხელმძღვანელობს სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამას კულტურის კვლევებში. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კოლექტიური მეხსიერების, ისტორიის აღქმისა და რეპრეზენტაციის, მეხსიერების პოლიტიკის, იდენტობისა და მისი დინამიკის, კულტურათა შორის ურთიერთობის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი სტუდენტებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებისათვის.

მონაწილეობს არაერთ სამეცნიერო პროექტში, მათ შორის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, იუნესკოს, ტემპუსის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), კობერმის (COBERM), ფოლკსვაგენის ფონდის, ფარნკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში ევროპული თანამშრომლობის (COST) მხარდაჭერით განხორციელებულ სასწავლო და კვლევით პროექტებში.

არის საერთაშორისო სამეცნიერო წელიწდეულის „ცივილიზაციური ძიებანი“ (თსუ გამომცემლობა) სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის “Culture and Dialogue” (ბრილის გამომცემლობა) სარედაქციო საბჭოს წევრი, ინტერკულტურული კომუნიკაციის სერტიფიცირებული ტრენერი.

 

ნინო ვასაძე

საბჭოს წევრი

ნინო ვასაძეს, პროფესიით ბიოლოგს, სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი სამუშაო გამოცდილება და ინტერესთა სფერო უკავშირდება ისეთ თემებს როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების და სათემო განვითარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება და ფილანტროპიის ხელშეწყობა.

 

იგი სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თემის განვითარების კომპონენტის ლიდერია და ამავდროულად, გახლავთ საერთაშორისოო ჟურნალის Community Development Journal, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი (International Advisory Board),  სათემო ფონდების ევროპული ინიციატივის ქსელის (European Community Foundation Initiative) და დაფინანსების საერთაშორისო ქსელის (The Funding Network) წარმომადგენელი საქართველოში.  

 

ნინო გახლავთ თანაავტორი სახელმძვანელოსი თემთან მუშაობა და სათემო განვითარება, ასევე კონსულტანტი კვლევების და პუბლიკაციების: სათემო ორგანიზაციების  აღწერა 2019-2020; ცოცხალი ქრაუდფანდინგის ღონისძიების გზამკვლევი; სათემო ჯგუფების და პროექტების სოციალურ გავლენა; ინიციატივა ცვლილებისათვის - სათემო და სამოქალაქო თვითორგანიზების მაგალითები თანამედროვე საქართველოში /მეოთხე გამოცემა.  

 

დიმიტრი ალექსიძე

საბჭოს წევრი

დიმიტრი ალექსიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართამლმცოდნეობის  და პარიზის - Paris 8 უნივერსიტეტის საერთაშორისო კერძო სამართლის ფაკულტეტების  დამთავრების შემდგომ, კარიერა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში, იურისტის რანგში დაიწყო.

 

2006 წლიდან სააქციო საზოგადება „საქტრანსგაზმრეწვის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 2008 წელს, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა იურიდიული კომპანია „ეი ჯი ლეგალ ქონსალთინგი“, რომლის პარტნიორიც ამჟამადაც არის. იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ექსპერტი.მისი სპეციალობიდან გამომდინარე, მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ საერთაშორისო, თუ ადგილობრივ პროექტში. 

 

იგი 2015 წლიდან მოყოლებული, აგრო ბიზნესის მიმართულებით მართავს კომპანიათა ჯგუფს თხილის ინდუსტრიის მიმართულებით; არის მეთხილე ფერმერთა კავშირის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

ქეთი გომელაური

საბჭოს წევრი

ქეთევან (ქეთი) გომელაური, ამჟამად ორგანიზაციაში BISC Partners  ქცევის მეცნიერების მიმართულებას ხელმძღვანელობს, რომელიც ქცევის მეცნიერებაზე სრულად ფოკუსირებული პირველი ქართული ორგანიზაციაა. ქეთი ბოლო 10 წელია მუშაობს ინოვაციური სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავებაზე, რომელიც ემსახურება ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის სრულფასოვან დანერგვას საჯარო პოლიტიკისა და სერვისების დიზაინსა და მიწოდებაში. მათ შორის, როგორც ქცევითი მეცნიერების სპეციალისტი, ის მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან მათი მომსახურების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ბოლო ხუთი წელია ქეთევანი გაერო-ს სააგენტოებთან თანამშრომლობს ქცევითი მეცნიერების სპეციალისტის რანგში, სხვადასხვა სფეროში ქცევითი კვლევებისა და ინტერვენციების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობა, აივ ინფექციის პრევენცია და თვითტესტირების ხელშეწყობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა, შშმ საკითხები, მუნიციპალური სერვისების გამოყენება, მედიაციის ხელშეწყობა და სხვა.

ქეთის გამოცდილება საჯარო ადმინისტრირებისა და დემოკრატიული მმართველობის მსხივლმასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების მართვის მიმართულებით 18 წელზე მეტს ითვლის. მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ევროკავშირი, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანაშრომლობის სააგენტო (SIDA), და ა.შ.

2015 წელს ქეთი ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის გუნდს შეუერთდა, სადაც ის საჯარო მმართველობის მიმართულებას და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას ხელმძღვანელობდა.

როგორც საჯარო მოხელე, ქეთი ჩართული იყო იმ რეფორმების ციკლში, რომელთა განხორციელებით (2004-2012 წწ-ში) საქართველომ კარგი მმართველობის მიმართულებით რეგიონში მოწინავე ადგილი დაიკავა. 2012-2015 წლებში ქეთი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (PSDA) თავმჯდომარის მოადგილედ. მან წვლილი შეიტანა იუსტიციის სახლების, საზოგადოებრივი ცენტრების, ადგილობრივი თვითმმართველობებში ელ.მმართველობის დანერგვის პროცესში.

ქეთი ფლობს საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს, საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. ქეთი ქცევის მეცინიერებაზე დაფუძნებული რამდენიმე კვლევის ავტორი და თანაავტორია: "COVID 19 და ვაქცინაცია: წამახალისებელი და შემაფერხებელი ფაქტორების ახალგაზრდებს შორის"; „კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევითი ფაქტორების კვლევა, რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას საქართველოში“; „მომხმარებელთა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები“; „ადგილობრივი მოსახლობის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ქცევის მამოძრავებელი ფაქტორები“.