პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსის მიმოხილვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | ანალიზი 3 მაისი 2022

საერთაშორისო ორგანიზაცია Reporters Without Borders (შემდგომ “RSF”) ყოველწლიურად აქვეყნებს პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსის მაჩვენებელს 180 ქვეყნის მიხედვით. საზოგადოებისთვის დღეს გახდა ხელმისაწვდომი გლობალური ინდექსის 2022 წლის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაუარესდა. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს ინდექსი შეადგენდა 71.36-ს და 180 ქვეყანას შორის ის იკავებდა მე-60 ადგილს, 2022 წლის შეფასებით კი სახეზეა ინდექსის მკვეთრი ვარდნა, კერძოდ 59.30, რითაც საქართველომ გადაინაცვლა 89-ე ადგილზე. (შედარებისთვის, 2017 წელს საქართველო იკავებდა 64-ე ადგილს, 2018 წელს 61-ეს, ხოლო 2019 და 2020 წლებში  მე-60-ს). ამგვარად, 2017 წლიდან 2021 წლამდე შეიმჩნეოდა მედიის თავისუფლების გაუმჯობესების ტენდენციები, 2022 წელს კი სახეზეა სიტუაციის მკვეთრი გაურესება. თუკი ქვეყანამ 2017 წლიდან 2021 წლამდე 4 ადგილით გაიუმჯობესა მდგომარეობა, 2022 წელს ერთბაშად 29 ადგილით უკან დაიხია (მე-60-დან 89-ზე). შედარებისთვის, 2021 წლის მონაცემებით, მეზობელი სომხეთი იკავებდა 63-ე ადგილს, ხოლო 2022 წელს მან საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა და დაიკავა 51-ე ადგილი.

RSF საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რამ გამოიწვიო საქართველოში მედია თავისუფლების მდგომარეობის ამგვარი გაუარესება. “ხელისუფლების ჩარევა ძირს უთხრის მედიის თავისუფლების გაუმჯობესების მიზნით გაწეულ ძალისხმევას. 2021 წელს ქვეყანაში განხორციელდა ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების უპრეცედენტო რაოდენობა.” ამგვარად იწყება RSF-ს შეფასება.

 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა შეინიშნება ჟურნალისტების უსაფრთხოების მიმართულებით. კერძოდ, უსაფრთხოების ინდიკატორით საქართველო 180 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს, რაც უმეტესწილად განპირობებულია 2021 წლის ივლისში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმით. უსაფრთხოების  მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა და ის  41.34 ქულას შეადგენს, რაც RFS-ს შკალით რთულ კატეგორიაშია და მხოლოდ 1.34 ქულა აშორებს “ძალიან სერიოზულ” მდგომარეობას. 

 

რაც შეეხება ზოგადი მედია ლანდშაფტის ანალიზს, RSF-ს შეხედულებით, საქართველოში მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და ამავდროულად ძალიან პოლარიზებულია. ტელევიზია წარმოადგენს ახალი ამბების მთავარ წყაროს. მედია მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო პოლიტიკას. ამგვარად, ოპოზიციურმა ტელეარხმა, რუსთავი 2-მა რადიკალურად შეცვალა თავისი სარედაქციო ხაზი მას შემდგომ, რაც კომპანია დაუბრუნდა ყოფილ მფლობელს. რეგიონული და სათემო რადიომაუწყებლობა ძლიერდება, ბეჭდური მედია უკანა პლანზე გადადის მკითხველთა რაოდენობის კლების გამო, ხოლო ონლაინ მედიის აუდიტორია იზრდება.

 

მედია თავისუფლების ინდექსის დასადგენად RSF აფასებს ხუთ კრიტერიუმს და ხუთივეს ინდივიდუალურ  ქულას ანიჭებს. ესენია: პოლიტიკური ინდიკატორი, სამართლებრივი ინდიკატორი, ეკონომიკური ინდიკატორი, სოციოკულტურული ინდიკატორი და უსაფრთხოების ინდიკატორი.

 

პოლიტიკური კონტექსტი

 

პოლიტიკური კონტექსტის შეფასებისას RSF აღნიშნავს, რომ ქვეყანა იმყოფება ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რომლის შედეგებიც სადაო გახდა. აღნიშნული გარემო ხელს უწყობს სატელევიზიო ქსელებზე კონტროლისთვის კონკურენციის გაზრდას. ქართული კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ მედიის ფლობას, მაგრამ დიდი მაუწყებლობები იცავენ საკუთარი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც, ხშირად მჭიდრო კავშირი აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სახელმწიფო მედია აქტორებს შორის, რომლებიც განიცდიან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას, ეს უკანასკნელი კი მედიის მხრიდან კრიტიკას პასუხობს ცენზურით, თავდასხმითა და დაშინებით. პოლიტიკური ინდიკატორით 2022 წელს საქართველოს მაჩვენებელია, 52.42, რაც RFS-ს შემოთავაზებული შკალით  რთულ კატეგორიაში ხვდება და  102-ე ადგილს იკავებს.

 

სამართლებრივი ჩარჩო

 

RFS-ს შეფასებით, ხელისუფლებამ ცხადად გამოხატა თავისი მიზანი - კონტროლი დაამყაროს დამოუკიდებელ რადიო სადგურებზე და სატელევიზიო მაუწყებლობებზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის ცვლილების გზით. სასამართლოები ცდილობდნენ დაერღვიათ წყაროს კონფიდენციალურობა, მიუხედავად იმისა, რომ ის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით გარანტირებულია. 2022 წელს ყველაზე მაღალი შეფასება და რეიტინგის პოზიცია საქართველოს სამართლებრივი ინდიკატორით მიენიჭა, მაჩვენებელი 80.79 შეადგენს და ქვეყანა ამ კუთხით 32-ე პოზიციას იკავებს.

 

ეკონომიკური კონტექსტი

 

პრესის თავისუფლების გლობალური ინდექსის მიხედვით, სარეკლამო ბაზარი არასაკმარისად განვითარებულია ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, ის ძირითადად ფინანსდება დონორების მიერ, დონორთა უმრავლესობა კი უმეტესწილად დასავლეთიდანაა. ეკონომიკური ინდიკატორით 2022 წელს საქართველოს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და შეადგენს 46.63, ამ მიმართულებით ქვეყანა 74-ე ადგილს იკავებს.

 

სოციოკულტურული კონტექსტი

 

ქართული საზოგადოებას ახასიათებს ძლიერი სოციალური მღელვარება კონკრეტულ საკითხებზე, რაც მოქმედებს ჟურნალისტების საქმიანობაზე. ამგვარ საკითხებს მიეკუთვნება ლგბტ უფლებები და რუსული პროპაგანდა. სოციალურად გავლენიანი ფიგურები, როგორებიც არიან მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლები, იმყოფებიან ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უსაფრთხოების სამსახურების მიერ, ამგვარად ირღვევა წყაროს კონფიდენციალურობა. სოციოკულტურული ინდიკატორით 2022 წელს საქართველოს მაჩვენებელია 75.50, რაც RFS-ს შკალით დამაკმაყოფილებელია, ამ ქულით ქვეყანა 67-ე ადგილზეა.

 

უსაფრთხოება

 

RFS-ს შეფასებით, “სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. აგრესორები ხშირად არიან მაღალი თანამდებობის პირები, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის პერიოდში. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ძალების თვალწინ, 2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრ-აქციის დროს, ლინჩის ბრბოს მიერ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა იქცა უპრეცედენტო უკან გადადგმულ ნაბიჯად.” ზემოთ მოყვანილ ინდიკატორებს შორის, 2022 წელს ყველაზე დაბალი შეფასება საქართველომ სწორედ უსაფრთხოების მიმართულებით დაიმსახურა - უსაფრთხოების  მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა და ის  41.34 ქულას შეადგენს, რაც RFS-ს შკალით რთულ კატეგორიაშია და მხოლოდ 1.34 ქულა აშორებს “ძალიან სერიოზულ” მდგომარეობას. საქართველო 180 ქვეყანას შორის ამ მონაცემით 135-ე ადგილზეა.

  

 

_____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024