საქართველოს OGP-ის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმისა და მიღების პროცესის მიმოხილვა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 18 იანვარი 2024

 

საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით (№555), ღია მმართველობა  საქართველოს 2024-2025 წლების, რიგით მეხუთე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ გეგმის მომზადებამდე ქვეყანა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S)[1] შემოწმებას ექვემდებარებოდა, რამდენადაც OGP-ის სამოქმედო გეგმების შემუშავების ორი ციკლის გამოტოვებით და განგრძობადი უმოქმედობით დაარღვია ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებული პრინციპები და არ წარუდგენია სამოქმედო გეგმა არც 2021 და არც 2022 წელს. კიდევ ერთი ციკლის გამოტოვებით კი ქვეყანა უმოქმედო-ს სტატუსის მინიჭების რისკის ქვეშ იდგა.[2]

 

 ღია მმართველობა საქართველოს ბოლო, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმამ ძალა 2019 წლის დეკემბერში დაკარგა და ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას არცერთი რეფორმა არ განუხორციელებია ამ მიმართულებით.  ფორუმის წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციის 2020 წლის თებერვლის  მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრულ ვადებში წარადგინეს ვალდებულებების პაკეტი ახალი სამოქმედო გეგმისთვის. 2021 წლის ივლისში კი წარადგინეს განახლებული პაკეტიც. თუმცა ამის შემდეგ სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები აღარ გადადგმულა. მათ შორის არ ჩატარებულა საბჭოს შეხვედრები, სადაც შესაძლებელი გახდებოდა რეფორმაზე ორიენტირებული ვალდებულებების განხილვა არასამთავრობო სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც 2019 წლიდან პროცესის მაკოორდინირებელი ორგანოა, OGP-ის მმართველი კომიტეტისათვის გაგზავნილ წერილში გეგმის შემუშავებაში ხელისშემშლელ ძირითად მიზეზებად COVID–19-ის პანდემიას, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და ევროკავშირის წევრობის აპლიკაციის პროცესს ასახელებდა. 

 

ქვეყნისთვის  „არააქტიური“ სტატუსის მინიჭების რისკის პირობებში 2023 წელს განახლდა გეგმის შემუშავების პროცესი, თუმცა ხელისუფლების მიერ ღია მმართველობის ღირებულებებისა და პრინციპების არაერთმა უხეშმა დარღვევამ პროცესი ჩიხში შეიყვანა. მთავრობა გვერდს უვლიდა ძირეულ გარდაქმნებზე ორიენტირებული, ამბიციური ვალდებულებების გათვალისწინებას. კრიზისი განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც უმრავლესობაში შემავალმა მოძრაობა “ხალხის ძალამ” პარლამენტში დააინიცირა ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტები  “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. კანონპროექტების მხარდაჭერა მმართველი გუნდის მხრიდან იყო სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისკენ მიმართული ღია და აშკარა ნაბიჯი, რაც უხეშად არღვევდა ღია მართველობის პარტნიორობის დეკლარაციით განსაზღვრულ ღირებულებებს. რუსეთში არსებული კანონპროექტის ანალოგის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იძულება, დარეგისტრირებულიყვნენ “უცხოეთის გავლენის აგენტთა რეესტრში”, რაც გამოიწვევდა მათ სტიგმატიზებას, კონტროლს, საბოლოო შედეგად კი მათი საქმიანობის შეზღუდვასა და გაუქმებასა. ქვეყნისთვის ამ მძიმე სიტუაციაში, მაშინ როდესაც საქართველო ელოდებოდა კანდიდატის სტატუსის მიღებას და მნიშვნელოვანი იყო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება, ქართველი ხალხის, რომელიც განუხრელად ისწრაფვის ევროკავშირისკენ, უწყვეტი პროტესტის შედეგად კანონპროექტი გაწვეული იქნა. თუმცა ეს არ ნიშნავდა კრიტიკული მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობების დასასრულს. ამ  ვითარების პარალელურად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა ორგანიზაციებს საბჭოს გამართვასთან დაკავშირებით, რაც მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე აზრს მოკლებული იყო და ორგანიზაციები არ დათანხმდნენ საბჭოს შეკრებას. ხელისუფლება ღიად ცდილობდა არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას, ამ ფონზე კი შეუძლებელი იყო შემდგარიყო ეფექტური თანამშრომლობა და საბჭოს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნებოდა. არსებული კრიზისიდან გამოსვლის მიზნით  საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა OGP-ის მმართველ კომიტეტს მიმართეს წერილით და მოითხოვეს „რეაგირების პოლიტიკის“ ამოქმედება.  წერილში დეტალურად იქნა განხილული მთავრობის მიერ OGP-ის ღირებულებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მხარდაჭერა, მედიის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია. ასევე ხაზგასმული იყო, რომ  მთავრობამ დაარღვია თანა-შექმნის (Co-creation process)  რეალური პროცესი და გეგმის შემუშავებისას არ ითვალისწინებდა  ფუნდამენტურ (ე.წ. ვარსკვლავური) ვალდებულებებს.   

 

ორგანიზაციების მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული რეკომენდაციათა პაკეტი მოიცავდა მათ შორის 6 ვარსკვლავურ  ვალდებულებას: 

 

1.დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბება (და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება); 

2.მოპოვების მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) სტანდარტებთან შეერთება;

3.სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის ზრდა; 

4.გამჭვირვალობისა და საჯარო მონაწილეობის უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსების განკარგვის პროცესში; 

5. საქართველოს კანონის მიღება “ინფორმაციის თავისუფლების შესახებ”; 

6.ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა.

 

საწყის ეტაპზე, ჩამოთვლილი ვალდებულებიდან მთავრობა ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაში არცერთ მათგანს არ ითვალისწინებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ  ევროკომისიის 12 რეკომენდაციის  ფარგლებში მოუწია ორი მათგანის გათვალისწინება: OGP გეგმის დამტკიცებამდე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, აგრეთვე, 2023 წლის ნოემბერში დამტკიცებულ “საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმაში"  გათვალისწინებული იქნა ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა.  რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის მიერ შეთავაზებულ დანარჩენ 4 ტრანსფორმაციულ ვალდებულებას, 2 მხოლოდ ფორმალურად, ნაწილობრივ იქნა გაზიარებული (მოპოვების მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) სტანდარტებთან შეერთება და გამჭვირვალობისა და საჯარო მონაწილეობის უზრუნველყოფა ბუნებრივი რესურსების განკარგვის პროცესში)  2 კი საერთოდ უგულებელყოფილია. 

 

მიუხედავად მთავრობის მხრიდან OGP-ის ღირებულებების არაერთი დარღვევისა და ე.წ აგენტების შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, იმისთვის, რომ  საქართველოს შენარჩუნებოდა OGP-ის წევრის სტატუსი  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დათანხმდნენ საბჭოს გამართვას და თუნდაც არაამბიციური გეგმის დამტკიცებას. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2023 წლის 20 დეკემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამდივნოს მხრიდან საბჭოს გამართვამდე არ გაზიარებულა გეგმის საბოლოო ვერსია  და წევრმა ორგანიზაციებმა სხდომის გამართვამდე არ იცოდნენ რა კონკრეტულ ვალდებულებებს ფარავდა ახალი გეგმის საბოლოო ვერსია, შედეგად კი მივიღეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 10 ვალდებულებას და მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა რეკომენდაციებს. 

 

ახალი სამოქმედო გეგმის მიმოხილვა

 

ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს „გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები.“ აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავრობა იღებს 10 ვალდებულებას: 

 

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესება (რეფორმის მეორე ტალღა);

 

ვალდებულების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილებაში „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“  ცვლილებების შეტანა და განახლებულ ნუსხაში შემდეგი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დამატება: 

 

- კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული კულტურული და შემოქმედებითი აქტივობების შესახებ;

- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შემოწმებების შესახებ;

- სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების შესახებ;

- სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ; 

- მთავრობის სხდომის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; 

- რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომისიის მიერ მიღებული გადაწვეტილებების შესახებ; 

- საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გაცემული დაფინასების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ;

- ერთიან სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული მონაცემთა ბაზების ჩამონათვალის შესახებ; 

- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე მშენებლობის ნებართვების გაცემის და არსებული მშენებლობის ნებართვების სახელმწიფო ზედამხედველობის თაობაზე;

- ენერგეტიკული პროექტების შესახებ;

- სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესახებ.

 

2. „ღია მონაცემების აქტის“ მიღება - როგორც გეგმაშია აღწერილი, აღნიშნული აქტის მიღებით საჯარო უწყებებს დაევალებათ მათ ხელთ არსებული ღია მონაცემების  პორტალ - data.gov.ge-ზე გამოქვეყნება. 

 

3. სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა - აღნიშნული ვალდებულება ითვალისწინებს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ კონსულტაციების დასრულებას, პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადებასა და საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენას.

 

4. მოპოვებითი მრეწველობის სექტორში გამჭვირვალობისა და ჩართულობის უზრუნველყოფა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იღებს EITI-ის სტანდარტის საქართველოში დანერგვის მიზნით, ინსტიტუციური და სამართლებრივი მზაობის შესახებ კვლევის განხორციელებისა და EITI- სთან მიერთების სამოქმედო გეგმის შემუშავების ვალდებულებას, აგრეთვე სამთო-მოპოვებითი კოდექსის განხილვის დაინტერესებულ მხარეებთან.

 

5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა - გეგმის მიხედვით აღნიშნული ვალდებულების შესრულება მოიცავს მხოლოდ ორ ეტაპს: სათემო სერვისების განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას.

 

6. საცხოვრისიდან გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკის მეთოდოლოგიის დახვეწა და მონაცემების გამოქვეყნება - იუსტიციის სამინისტროს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წლის ბოლომდე შეიმუშავებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც მოხდება გამოსახლების საქმეებზე სტატისტიკის წარმოება. 

 

7. საცხოვრისის პოლიტიკის ძირითადი საკითხების განსაზღვრა სოციალური დაცვის რეფორმის საკანონმდებლო ჩარჩოში - ვალდებულება ითვალისწინებს სოციალური დაცვის სფეროს რეფორმის ფარგლებში საცხოვრისის მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებასა და უსახლკარობისა და საცხოვრისის პოლიტიკის სფეროში მონაცემების შეგროვება-დამუშავებას.

 

8. ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ციფრული მმართველობის სამთავრობო კომისიასთან პარტნიორობით იღებს ვალდებულებას, რომ მომზადდება  ვებგვერდების  ერთიანი მისაწვდომობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და ევროდირექტივა (EU) 2016/2012 თან შესაბამისობით შეიცვლება ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობის შესახებ კანონმდებლობა. 

 

9. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ინკლუზიური მიდგომების გაძლიერება - აღნიშნული ვალდებულების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება ძირითადი საკანონმდებლო აქტების თარგმნა და ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის. ვალდებულება ასევე გულისხმობს არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანიების გამართვასა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი საკონსულტაციო მექანიზმის გაძლიერებას, რაც გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ გაზრდილი იქნება საბჭოს ქვეშ არსებული სამუშაო თემატური ჯგუფის შეხვედრები. 


10. გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში - ვალდებულება მოიცავს გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავებას ზესტაფონის, სამტრედიის, მცხეთის, ვანისა და ბაღდადის მუნიციპალიტეტების მიერ.

 

IDFI-ის მიერ წარდგენილი ვალდებულებების მიმოხილვა და გათვალისწინების მაჩვენებელი 


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად ინფორმაციის  თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში წარადგინა 8 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია გათვალისწინებული. წარდგენილი 1 ვალდებულების შემთხვევაში, რომლის შესრულებაზეც წლების განმავლობაში მთავრობა სხვადასხვა მიზეზით აცხადებდა უარს, იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში. შედეგად, საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა გათვალისწინებულია “საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმით”. ფაქტი, რომ მთავრობა იძულებული გახდა კანდიდატის სტატუსი მიღებისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში გაეთვალისწინებინა წლების განმავლობაში უგულვებელყოფილი საკითხი, ცხადყოფს ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვან პროცესებს უწევდნენ ადვოკატირებას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. IDFI-ის მიერ გაცემული 8 რეკომენდაციიდან 3 არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის 1 ვარსკვლავური ვალდებულება. 1 განხორციელდა  გეგმის დამტკიცებამდე სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, 1 ვალდებულება აისახა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიაში, 1 კი გათვალისწინებულია “საჯარო შესყიდვების შესახებ” ახალ კანონში, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება. პრაქტიკულად ახალ სამოქმედო გეგმაში მხოლოდ 1 რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, რომელიც 6 პუნქტისგან შედგებოდა და მათგანაც  მხოლოდ 4-ია გათვალისწინებული სრულყოფილად.

 

 

წარდგენილი ინიციატივების დეტალური აღწერა: 

 

1: “ინფორმაციის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მიღება -  რეკომენდაციის მიზანი იყო ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო ბაზის დახვეწა; პრაქტიკაში არსებული პრობლემების საკანონმდებლო გადაჭრის გზის მოძიება და ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე ნორმატიული ბაზის კონსოლიდირება. აღსანიშნავია, რომ  2014-2015 წლებისა და 2016-2017 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმები ითვალისწინებდა მთავრობის მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონის შექმნას, თუმცა ინიციატივა ამ დრომდე განუხორციელებელია და არ იქნა გათვალისწინებული არც ახალი, 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში. საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ყოველწლიურად უარესდება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. IDFI-ის  ყოველწლიური  კვლევის მიხედვით 2022 წელს უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის დაკმაყოფილების მაჩვენებელი - 58% იყო, რაც 2021 წელთან (82%) შედარებით მნიშვნელოვანი გაუარესებაა და ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2010 წლის შემდეგ. 

 

2: საქართველოს მიერ მოპოვებითი დარგების გამჭირვალობის ინიციატივის (Extractive Industries Transparency Initiative - EITI) გლობალურ სტანდარტთან მიერთება/გაწევრება და სტანდარტების განხორციელება/დანერგვა  -  შეთავაზებული ვალდებულების მიზანი იყო საქართველოს გაწევრება მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივასთან, რაც გააუმჯობესებს და გამჭვირვალეს გახდის მოპოვებითი ლიცენზირების პრაქტიკას, ტრანზაქციების აღრიცხვას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქვეყნას ამ მიმართულებაში ინვესტირებისათვის. ახალ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ არის  IDFI-ის მიერ შეთავაზებული ინიციატივა. კერძოდ, მთავრობამ არ აიღო EITI-სთან მიერთების ვალდებულება და გეგმის მოქმედების პერიოდში მხოლოდ  მომზადდება  EITI-ის სტანდარტის საქართველოში დანერგვის მიზნით, ინსტიტუციური და სამართლებრივი მზაობის შესახებ კვლევა და EITI-სთან მიერთების სამოქმედო გეგმა. 

 

3: საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა - ინიციატივის მიზანი იყო საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარ (საბოლოო) მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევაში, საზღვარგარეთ რეგისტრირებული კომპანიები საქართველოში ფლობენ მნიშვნელოვან აქტივებს  და მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საზოგადოებასა და საჯარო დაწესებულებებს კი არ გააჩნიათ ინფორმაცია, თუ ვინ დგას რეალურად ასეთი კომპანიების უკან, რაც ზრდის რისკებს ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და ინტერესთა შეუთავსებლობასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2016 წელს, ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე აიღო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნის ვალდებულება, თუმცა ის დღემდე განუხორციელებელია. IDFI წლების განმავლობაში უწევდა ადვოკატირებას აღნიშნულ საკითხს, თუმცა მთავრობა სხვადასხვა მიზეზებით თავს არიდებდა ვალდებულების განხორციელებას. ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პირობებში კი, საქართველოს მთავრობამ “საქართველოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმით"  გაითვალისწინა აღნიშნული რეკომენდაცია და აიღო ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის ვალდებულება. 

 

4: საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა -  აღნიშნული ინიციატივა უკავშირდებოდა საქართველოს მთავრობის #629 დადგენილების “პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის შესახებ” პრაქტიკაში შედეგიან განხორციელებას და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. დადგენილება ითვალისწინებს საჯარო კონსულტაციების ჩატარების ვალდებულებას, აგრეთვე შემუშავებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს შესაბამისი დანართი, თუმცა მასში გათვალისწინებულ მეთოდოლოგიურ საკითხებს არ აქვთ სავალდებულო ხასიათი და პრაქტიკაში არ ხდება მათი გათვალისწინება. ამ მიმართულებით გაუმჯობესებას საჭიროებს პოლიტიკის დოკუმენტების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტიც. მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუმენტი აფასებდეს თავად საჯარო კონსულტაციების ჩატარების პროცესს და არამხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტზე თანდართულ საჯარო კონსულტაციების ანგარიშს. აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიაში.

 

5: სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა - ინიციატივა გულისხმობდა  საქართველოს მთავრობისა და სსიპ-შესყიდვების სააგენტოს მხრიდან კანონპროექტის შემუშავებას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ქვე-კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია. გაუმჭვირვალობა ქვე-კონტრაქტორი კომპანიების შესახებ აჩენს კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი გარიგებების რისკებს.   აღნიშნული ვალდებულების გათვალისწინება მოხდა საქართველოს კანონში “საჯარო შესყიდვების შესახებ”, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

 

6: გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ინფორმაციის ღიაობის ხარისხის გაძლიერება - შეთავაზებული ვალდებულება მოიცავდა 6 პუნქტს, რომელთა დიდი ნაწილიც გათვალისწინებულია ახალ სამოქმედო გეგმაში: 

 

6.1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის სტანდარტისა და პრაქტიკის გაზრდა - რაც გულისხმობდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს დადგენილებაში არსებული სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი მონაცემების ნუსხის გაფართოებას. აგრეთვე უწყებებისთვის ნუსხაში ჩამოთვლილი მონაცემების ღია მონაცემთა პორტალზე -data.gov.ge გამოქვეყნების ვალდებულების გაჩენას. IDFI-ის ორივე ინიციატივა გათვალისიწინებულია 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში. 

 

6.2 სპორტის ფედერაციების სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობის გაუმჯობესება - რაც მოიაზრებდა ფედერაციებში გამჭვირვალობის ერთიანი სტანდარტის დანერგვას  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - ნაწილობრივ გათვალისწინებულია, რადგან  აღებულია სპორტული აქტივობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება, თუმცა ფედერაციებში გამჭვირვალობის ერთიანი სტანდარტის დანერგვა გათვალისწინებული არ არის. 

 

6.3 საჯარო დაწესებულებებში დაცული მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა - გათვალისწინებულია

 

6.4 რეფერალური და სხვა ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში (რომლებზეც დაფინანსების ოდენობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ) დარეგისტრირებული განაცხადების (პერსონალური მონაცემების გარდა) და გაცემული დაფინასების ოდენობის  პროაქტიული ხელმისაწვდომობა - გათვალისწინებულია 

 

6.5 დაგეგმილი და განხორციელებული  კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა  - ინიციატივის მთავარი მიზანი იყო რეესტრის შექმნა სატენდერო ღონისძიებებისათვის, რამდენადაც მნიშვნელოვანია ყოველი წლის დასაწყისში განისაზღვროს კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი, იმისათვის, რომ შემდეგ საჭირო არ გახდეს ამ ღონისძიებების ორგანიზების გადაუდებელი შესყიდვით უზრუნველყოფა. აგრეთვე ინიციატივა ითვალისწინებდა კულტურული ღონისძიებების შესახებ აქტივობის დასახელების, დაფინანსების მიმღების, დაფინანსების ოდენობისა და დაფინანსების გაცემის ფორმის შესახებ  ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას. ახალ სამოქმედო გეგმაში, ინიციატივა ნაწილობრივ არის გათვალისწინებული, რამდენადაც აღებული არ არის რეესტრის შექმნის ვალდებულება. პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხაში კი გათვალისწინებული არ არის  დაფინანსების ოდენობისა და  დაფინანსების გაცემის ფორმის შესახებ. აგრეთვე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის, საჭირო იქნება დროულად დასრულდეს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდის რეკონსტრუქცია, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლიდან მიმდინარეობს. 

 

6.6 სარეზერვო ფონდებიდან გაცემული დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული  შესყიდვების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა - გათვალისწინებულია 

 

7: თანამდებობის პირების დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნება - ინიციატივა გულისხმობდა  www.declaration.gov.ge-ზე არსებული  მონაცემების ღია მონაცემების სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნებას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი ყოფილიყო დაინტერესებული მხარეებისთვის თანამდებობის პირების შესახებ სასურველი ინფორმაციის მოძებნა, დამუშავება და ანალიზი. ინიციატივა სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე გაითვალისწინა სსიპ-საჯარო სამსახურის ბიურომ და დეკლარაციები გარდა PDF -ისა, ხელმისაწვდომია დამუშავებადი ფორმატებითაც. 

 

8: სახელმწიფო არქივები ღიაობის რეფორმა (II ტალღა) - ინიციატივის მიზანი იყო ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა საზოგადოებას და განსაკუთრებით კი საკითხით დაინტერესებულ პირებს არ შეექმნათ დაბრკოლებები საარქივო მასალების გაცნობისას და მოხდეს წარსულის, განსაკუთრებით კი საბჭოთა პერიოდის ისტორიის სწორი გააზრება. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, საარქივო დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის მხრივ, საქართველოში დაწესებულია ერთ-ერთი ყველაზე შემზღუდველი რეგულაციები. მიუხედავად საკითხის მნიშვნელოვანებისა, ახალ სამოქმედო გეგმაში ის გათვალისწინებული არ არის. 

 

შეჯამება

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღია მმართველობის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებით თავიდან აიცილა „არააქტიური“ სტატუსის მინიჭების რისკი. თუმცა, როგორც გეგმის შემუშავების პროცესმა და ქვეყანაში განვითარებულმა თანმდევმა მოვლენებმა აჩვენეს, მნიშვნელოვნად  დაირღვა ღია მმართველობის დეკლარაციით გათვალისწინებული ღირებულებები და პრინციპები. რამაც გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტისთვის  „რეაგირების პოლიტიკის“ ამოქმედების მოთხოვნით წერილის გაგზავნა. მართალია სამოქმედო გეგმის მიღებამდე, მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების მიერ შეთავაზებული ვარსკვლავური ვალდებულებების მცირე  ნაწილი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში გაითვალისწინა, მაგრამ თავად ღია მმართველობის ახალ სამოქმედო გეგმაში არცერთი მათგანი მოხვდა. მნიშვნელოვანია, რომ გეგმის შემუშავების პროცესში მთავრობამ გვერდი აუარა ფორუმის წევრი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ყველა ვარსკვლავური ვალდებულებების აღებას, რომლებიც ორიენტირებული იყო რეფორმის ფარგლებში ძირეული გარდაქმნების განხორციელებაზე. 

IDFI მომავალში დააკვირდება საჯარო დაწესებულებების მიერ მიღებული გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

 

 

[1]OGP-ის მმართველ კომიტეტს 3 ქვეკომიტეტი ექვემდებარება, რომელთაგან ერთ-ერთია კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტი. მასში განაწილებული ქვეყნები მუშაობენ პარტნიორობასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და შეიმუშავებენ OGP-ის გაიდლაინებსა და წესებს.

[2]2023 წლის თებერვალში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, რომ ქვეყანამ არ დაიცვა  OGP- სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცედურები ორი ციკლის განმავლობაში და გადავიდა კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S) ის შემოწმების ქვეშ. მესამე ციკლის გამოტოვების შეთხვევაში კი მას არააქტიური -ს სტატუსი მიენიჭებოდა.

 

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024