სახალხო დამცველი IDFI-ის უფლების დარღვევის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სისტემას რეკომენდაციით მიმართავს

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 9 თებერვალი 2017

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ააიპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად აღნიშნულმა უწყებებმა არ შეასრულეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გაეცათ საჯარო ინფორმაცია.

 

2016 წლის მარტს IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალ 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ინსტიტუტის მოთხოვნას წარმოადგენდა უწყებათა მიერ ისეთი საჯარო ინფორმაციის გაცემა, როგორიც არის თანამდებობის პირებზე, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომელებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, პრემიები და დანამატები,  დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, უწყებათა საშტატო ნუსხები, მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ  სამწუხაროდ არც ერთმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ ჩვენი განცხადებები. 2016 წლის 6 ოქტომბერს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით IDFI-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს.

 

აღსანიშნავია, რომ საქმის ყოველმხრივი შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის სამინისტროსა და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ გასცეს თუ არა მათ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი მონაცემები. იუსტიციის სამინისტრომ, სსიპ სმართ ლოჯიქმა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ნაცვლად დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ჩვენს მიერ 2016 წლის მარტში მოთხოვნილი ინფორმაცია. ხოლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა დანარჩენმა შვიდმა დაწესებულებამ - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ,  სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ, სსიპ იუსტიციის სახლმა,  სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ,  სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ,  სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა და  სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა  კი უპასუხოდ დატოვა  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

 

საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან 2016 წლის მარტის თვეში გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას, ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულნი იყვნენ გაეცათ ის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო მოთხოვნილი.  საკუთარ რეკომენდაციაში სახალხო დამცველს ყურადღება აქვს გამახვილებული რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.

 

ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობა - რეკომენდაციაშია ხაზია გასმული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე გასცეს მის ხელთ არსებული ინფორმაცია თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას და აღნიშნულია, რომ ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს პირის თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. რეკომენდაცია მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიის უზრუნველყოფა;

 

- IDFI-ს როლი - სხვადასხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე დისკუსიის წარმართვის მნიშვნელობაზე საუბრისას რეკომენდაციაშია ხაზია გასმული IDFI-ის როლზე და აღნიშნულია, რომ  ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგია. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს, იმაზე რომ IDFI-ის მუშაობა ხელს უწყობს ცალკეულ საკითხებზე ინფორმირებული საჯარო დებატების წარმოებას;

 

- არაპირდაპირი ცენზურა და „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციებში ჩარევა - რეკომენდაცია ასევე განიხილავს არაპირდაპირი ცენზურის საკითხს და მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც სასამართლო დაცვის იმავე სტანდარტს სთავაზობს ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორსაც ანიჭებს პრესას და ამგვარი ორგანიზაციებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე რაიმე ბარიერის შექმნას არაპირდაპირი ცენზურის დაწესებასთან აიგივებს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა მათი „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციებში ჩარევასაც წარმოადგენს.

  

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხაზს უსვამს, რომ  მოცემული საჯარო უწყებების მიერ  დარღვეულია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც, თავის მხრივ, იწვევს ა(ა)იპ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალ 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გასცენ IDFI-ის მიერ 2016 წლის მარტის თვეში მოთხოვნილი ინფორმაცია.

  

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის მიერ მომზადებულ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის ანგარიშში სწორედ იუსტიციის სამინისტრო და მის მმართველობის სფეროში შემავალი უწყებები დასახელდნენ ყველაზე დახურულ სისტემად საქართველოში. ყველა ხსენებულმა დაწესებულებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი მოთხოვნები (სულ 346 მოთხოვნა). შედეგად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხმა 0% შეადგინა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ცხადია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სისტემურ ხარვეზთან. უდავოა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ღია მმართველობის დანერგვის მიზნებისთვის იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საჯარო დაწესებულებას. აღნიშნულის ფონზე განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც სწორედ მოცემული საჯარო დაწესებულება წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც უგულებელყოფს მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას გასცეს საჯარო ინფორმაცია და არასაკმარის მნიშვნელობას ანიჭებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის როლს ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო და მის მმართველობის სფეროში შემავალი 11 უწყება სრულად გაიაზრებს მათზე კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებას, გაიზიარებს საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციას და უახლოეს ვადებში გასცემს ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2016 წლის მარტის თვეში მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024