ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 თებერვალი 2020

2020 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდა საბჭოს დებულება და შემადგენლობა.

 

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფოს სამივე შტოს წარმომადგენლები - სამინისტროების წარმომადგენლები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე. ამავდროულად, სააკოორდინაციო საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც საკოორდინაციო საბჭოში გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს ხდის სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კუმულატიური უმრავლესობით. თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა მისაღები გადაწყვეტილების წინააღმდეგია, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

 

ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისგან განსხვავებით, საკოორდინაციო საბჭოში სავალდებულო წესით წარმოდგენილი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები, რამაც დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წინაშეაღებული ვალდებულებების განხორციელებაზე. ღია მმართველობის ფორუმში სამინისტროების მონაწილეობა დამყარებული იყო ნებაყოფლობით პრინციპზე, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას არ შეეძლო მისაღები გადაწყვეტილების დაბლოკვა. ღია მმართველობის საქართველოს ფორუმი შენარჩუნებული იქნება, თუმცა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფის სახით, რომელმაც მოსაზრებები, რეკომენდაციები და ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია უნდა წარუდგინოს საკოორდინაციო საბჭოს.

 

საკოორდინაციო საბჭოს მუდმივ წევრებად განსაზღვრული არიან სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. დებულებით საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

 

საკოორდინაციო საბჭოს შექმნამდე ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (სამდივნოსთან ერთად) არსებობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში როგორც საკონსულტაციო მექანიზმი და მიზნად ისახავდა ღია მმართველობის მიმართულებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. ძველი სტრუქტურის თანახმად, ფორუმი შედგებოდა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან და ჰყავდა ორი მომხსენებელი: ერთი მომხსენებელი წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებებს, ხოლო მეორე მომხსენებლი არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სამდივნო წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რაც გაამარტივებს სამდივნოს მხრიდან როგორც მუშაობის პროცესში ჩართული მონაწილეების, ასევე, აღებული ვალდებულებების განხორციელების კოორდინაციას. ახლად შექმნილ საკოორდინაციო საბჭოში  სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვათ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს -საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს, ფონდს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“.

 

საკუთრივ სათათბირო ხმის უფლების გარეშე საბჭოს მუშაობაში კიდევ უფრო მეტი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება ჩართული, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს უზენაესი სასამართლო, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მისი დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის სავაჭრო პალატა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

 

საკოორდინაციო საბჭოს დებულება ითვალისწინებს საბჭოს ფუნქციებსა და ამოცანებს, რომელთა შორის განსაკუთრებით ხაზგასასმელია სახელმწიფოში ღია მმართველობის ზოგადი პოლიტიკის კოორდინაცია, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის განხილვა, მხარდაჭერა და მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, ღია მმართველობის პრინციპებისა და სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებების განხილვა, ღია მმართველობის პოლიტიკის განხორციელების მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სხვა ისეთი ფუნქციების განხორციელება, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში ღია მმართველობის პრინციპის დანერგვას.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის პლატფორმა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ სათათბირო ხმის უფლებით, არ არის შექმნილი არც ერთ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრ სახელმწიფოში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024