OGP-ის კამპანია - სოციალური ნდობის ამაღლება ღიაობის პრინციპების დანერგვით

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 მაისი 2020

კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი ჩვენი დროის უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფოთა უმრავლესობა საგანგებო ვითარებისა და კარანტინის რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისა და კერძო ორგანიზაციებისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება შეძლებისდაგვარად ამცირებს  დაინფიცირების მაჩვენებლებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის დასრულებამდე და ვირუსის დამარცხებამდე მსოფლიოს ჯერ კიდევ შორი გზის გავლა მოუწევს.

 

დღეს, როდესაც მთელი საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსი მიემართება კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, მონაცემების ღიაობამ და სწორ ინფორმაციასთან მასიური წვდომის საშუალებებმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ხელისუფლებების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებისა და თანამდევი შეზღუდვების პირობებში, ღია მმართველობის პრინციპებისა და მიდგომების ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას, გაცილებით მეტ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. თუმცა, მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკა ცხადჰყოფს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სოციალური ნდობის ამაღლების კუთხით, გაცილებით ეფექტიანია მაქსიმალური ღიაობის უზრუნველყოფა.

 

პანდემიის გავრცელების მასშტაბების შემცირება მოითხოვს დიდი სახელმწიფო რესურსის მობილიზებას. ხელისუფლებას მინიჭებული აქვს გაცილებით მეტი ბერკეტი და უფლებამოსილება, რათა, ერთი მხრივ, ჰქონდეს კრიზისულ პერიოდში ჯანდაცვის მიმართულების გაძლიერებისა და სწრაფი რეაგირების მექანიზმების დანერგვის ფართო შესაძლებლობები, ხოლო მეორეს მხრივ, გაატაროს ღონისძიებები შექმნილი კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მიზნით.

 

შექმნილი კრიზისის ფონზე, სახელისუფლებლო ინსტიტუტების გაზრდილი უფლებამოსილებების პირობებში, უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული პრინციპების განმტკიცება და პოლიტიკური თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა საკუთარი მოსახლეობის წინაშე. მთავრობის მხრიდან მიღებული ზომების, შემოღებული რეგულაციებისა და განხორციელებული ქმედებების ღიაობა და გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ დემოკრატიის დაცვას, არამედ ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას ემსახურება. სწორედ ამიტომ, დღეს გვაქვს საჯარო მონაცემების გავრცელებისა და ღიაობის მნიშვნელობის აქამდე არსებულ ყველა შემთხვევაზე მნიშვნელოვანი მაგალითი.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისის საპასუხო კამპანიას იწყებს. კამპანია სახელწოდებით „ღია პასუხი, ღია რეაბილიტაცია” (Open Response, Open Recovery) მიმართულია მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ნდობის განმტკიცებისაკენ და კრიზისის ეფექტური დაძლევისათვის ერთობლივი, წარმატებული სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. კამპანიის წამოწყების თაობაზე ღია წერილი გაავრცელა  OGP-ის  მმართველმა კომიტეტმა. წერილი მიემართება წევრ სახელმწიფოებს, აღწერს პანდემიის ფარგლებში ღიაობის პრინციპების დაცვის პრაქტიკას და მოუწოდებს მათ, განამტკიცონ ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი პოსტ-კრიზისული ღონისძიებების გატარებისას.

 

კამპანიის ამოცანაა, ხელი შეუწყოს OGP-ის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ღია მმართველობის მიდგომების დანერგვას COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებსა და რეაგირების მექანიზმებში. ამავდროულად, OGP-ის მმართველი კომიტეტის წამოწყება მიემართება ღია მმართველობის ფარგლებში საზოგადოებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი ცვლილებების გეგმის შემუშავებას.

 

„ღია პასუხი, ღია რეაბილიტაცია“ კამპანია გამოყოფს იმ ძირითად საკითხებს, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის განმავლობაში წარმოადგენს სოციალური ნდობისა და ღია მმართველობის ნათელ მაგალითებს:

 

- სახელმწიფოების მხრიდან რეგულაციებისა და დირექტივების გამჭვირვალე და მკაფიო გამჟღავნება;

 

- საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება რეგულაციების შესახებ, რაც ეხმარება სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენას და ვირუსის გავრცელების პრევენციას;

 

- მოქალაქეთა მხრიდან ხელისუფლებისათვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, მასობრივი სამედიცინო მომსახურების მობილიზების, სხვა აუცილებელი და პროპორციული შეზღუდვების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭება;

 

- ხელისუფლების მზაობა, იმოქმედოს ერთობლივად, გაითვალისწინოს ღია მმართველობის პრინციპები სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიმართულებით და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და მისი თანამდევი განსაკუთრებული რეჟიმი პანდემიის დასრულების შემდგომ.

 

კამპანია გვთავაზობს კონკრეტულ და პრაქტიკულ გზებს, რომელიც გვიჩვენებს ღიაობის პრინციპების - მოქალაქეთა ჩართულობისა და სამოქალაქო ზედამხედველობის მნიშვნელობას პანდემიის წინააღმდეგ რეაგირების პოლიტიკის შემუშავებისას. ღია მმართველობის კომიტეტი გამოყოფს კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევის სამ მნიშვნელოვან ეტაპს - 1. სწრაფი რეაგირება პანდემიაზე, 2. სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა და 3. გრძელვადიანი რეფორმა და ხაზს უსვამს, რომ ღიაობა და მოქალაქეთა ჩართულობა ამაღლებს კრიზისთან ბრძოლის მეთოდების ეფექტიანობას.

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ღიაობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პრაქტიკა ფიქსირდება. ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ ჩატარებული კვლევა ნათლად ასახავს, რომ ხელისუფლებების მხრიდან ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების გათვალისწინებით გატარებულმა ქმედებებმა გაცილებით პოზიტიური შედეგები მოიტანა პანდემიასთან ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით.

 

 

 

სწრაფი რეაგირების ღიაობა (Open Response):

 

ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები: ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, ჩინეთსა და ირანში, ინფორმაციის გავრცელების კუთხით პოლიტიკური ნების ნაკლებობამ, ხელი შეუშალა კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას, რამაც ფაქტობრივად საფრთხე შეუქმნა მოსახლეობისათვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.  ზემოხსენებული სახელმწიფოებისაგან განსხვავებული მიდგომა აირჩია სამხრეთ კორეამ და ტაივანმა, მოქალაქეებისათვის ვირუსის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ პროაქტიული, გამჭვირვალე და სანდო ინფორმაციის მიწოდების გზით.

 

OGP-ის წევრი ქვეყნების კარგ მმართველობასა და მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულებას ასევე ხაზს უსვამს მოსახლეობისათვის მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაციის მიწოდების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ამის ნათელი მაგალითია საინფორმაციო დაფა, რომელიც ასახავს რეალურ დროში არსებულ მონაცემებს ინფექციის გავრცელების არეალის, დაღუპულთა და დაინფიცირებულთა შესახებ. ამავდროულად, ხელმისაწვდომია ინფორმაცია ყოველდღიურად ჩატარებული პრეს-კონფერენციებისა თუ ბრიფინგების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამოქმედებულია სპეციალური ვებგვერდი, www.stopcov.ge, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება ინფორმაციის განახლება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიებების შესახებ, ასევე ვრცელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ვირუსის პრევენციის მიმართულებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ონლაინ პლატფორმის შექმნა წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა და პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის დაძლევა დამატებითი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მონაცემების ღიაობისა და პროცესების გამჭვირვალობის კუთხით.

IDFI-მ შეიმუშავა და გამოაქვეყნა ახალი კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობის და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ცალკეული პასუხისმგებელი უწყებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. წარმოდგენილი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება ხელისუფლების მხრიდან ხელს შეუწყობს მოქალაქეებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას როგორც პანდემიის გავრცელების არეალისა და ხასიათის შესახებ, ისე სახელმწიფოს მხრიდან კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიღებული ზომებისა და თანამდევი პროცესების თაობაზე.

 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მარაგების შესყიდვა:მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფოებისათვის რთულია მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მარაგების შესყიდვის ღია პროცედურების უზრუნველყოფა, გამჭვირვალეობის მაღალი სტანდარტი ამაღლებს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.მაგალითად, უკრაინაში გატარებული ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფოს მხრიდან გაფორმებული ხელშეკრულებების სავალდებულო პროაქტიული გამოქვეყნება ღია ფორმატში, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ, განახორციელონ სამედიცინო შესყიდვებისა და COVID-19-ის ტესტებისა და შესაბამისი მარაგების ფასთა სხვაობების მონიტორინგი.

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის განკარგულება №164-ით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

IDFI-მ შეისწავლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვები Covid 19-ისფარგლებში. IDFI-ის კვლევით დგინდება, რომ სამინისტროს მხრიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, 18 მარტიდან განხორციელდა 33 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ 520 ლარზე მეტს შეადგენს.

 

მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფა: ღია მმართველობის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის გამჭვირვალობა და ხელისუფლების ორგანოების ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბუნებრივია სახელმწიფოს წინაშე ჩნდება გაზრდილი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის, სუბსიდირების პროგრამების სტიმულირების და ა.შ საჭიროებები.

 

საგანგებო მდგომარეობის დროს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საგანგებო ბიუჯეტის შესაბამისად.

 

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებული საგანგებო ბიუჯეტი, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჯერჯერობით პარლამენტის წინაშე არ წარმოდგენილა.

 

მთავრობის მხრიდან ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა არ განხორციელებულა 2020 წლის 24 აპრილამდე. საგანგებო ბიუჯეტის არარსებობის პირობებში, რთულია ითქვას, რა რესურსი ნაწილდებოდა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისა და ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების პროდუქტებითა და ფინანსური დახმარების ფარგლებში.

 

საგულისხმოა, რომ OGP-ის წევრ სახელმწიფოებს აღებული აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ სოციალური დახმარებებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განკარგვის პროცედურების გამჭვირვალობა.

 

სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის პროცესის ღიაობა (Open Recovery)

 

სტიმულირების პაკეტები:  ღია მმართველობის პრინციპების ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სახელმწიფო რესურსების მიზნობრივი განკარგვის მიმართულებით. ხელშეკრულებების ღიაობა შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს, ზედამხედველობა განახორციელონ სახელმწიფო შესყიდვებზე და გამოამჟღავნონ დარღვევები, ასეთი შემთხვევების არსებობისას. მაგალითად, უკრაინაში, მსგავსი პრაქტიკის დანერგვამ ხელი შეუწყო 1 მილიარდი აშშ დოლარის დაზოგვას 2 წლის განმავლობაში და 82%-ით შეამცირა კორუფცია მეწარმეობის სექტორში.[1]

 

სახელმწიფო რესურსების მიზნობრივი განკარგვისა და ღიაობის სტანდარტს ამაღლებს კომპანიების მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობაც. მსგავსი პრაქტიკაა დანერგილი გაერთიანებულ სამეფოსა და სლოვაკეთში. ხოლო კერძო კომპანიების ლობირების შესახებ მონაცემების გამჭვირვალობა (ირლანდია, ჩილე) ამცირებს პოლიტიკურად მოტივირებული და სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული მეწარმე სუბიექტების სასარგებლოდ სახელმწიფო ფინანსების განკარგვისა და შესყიდვების განხორციელების რისკებს.

 

საერთაშორისო ფინანსური დახმარების განკარგვა: რამდენადაც პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისის დაძლევის მიზნით სახელმწიფოები იღებენ გაზრდილ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას, უმნიშვნელოვანესია დონორებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის მსგავსი სახსრების მიზნობრივი განკარგვის მონიტორინგის მექანიზმების არსებობა. მაგალითად, იტალიაში, ხელისუფლების ინიციატივით, შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც გამოქვეყნდა დეტალური ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლებიც დაფინანსდა ევროკავშირისაგან მიღებული 100 მილიარდი ევროს მეშვეობით. მსგავსი ტიპის ონლაინ პლატფორმები ერთი მხრივ, ხელს უწყობს მასობრივ საინფორმაციო კამპანიას და მეორეს მხრივ, საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს, განახორციელოს თითოეული საერთაშორისო დახმარებით განხორციელებული პროექტისა თუ ინიციატივის შესრულების მონიტორინგი.

 

 

 

პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გრძელვადიანი რეფორმის ღიაობა

 

OGP-ის მიერ დაწყებული კამპანიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია წევრი სახელმწიფოების მხრიდან პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევის გრძელვადიანი რეფორმების დასახვა და იმპლემენტაცია.

 

ბუნებრივია, პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდგომ, სოციალური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისათვის, აუცილებელია ხელისუფლებებმა უზრუნველყონ სამოქალაქო უფლებების აღდგენა და გაზრდილი კონტროლის მექანიზმების გაუქმება.

 

გრძელვადიანი რეფორმის ღია მმართველობის პრინციპებით გატარება სწორედ გაზრდილ სამოქალაქო ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და გატარების პროცესში.


ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომების ერთობლივი, ინტეგრირებული დანერგვის მიზნით, ღია მმართველობის პარტნიორობის კამპანიის ფარგლებში, განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: 4 მაისის იგეგმება ციფრული ფორუმი და კორონავირუსის წინააღმდეგ რეაგირებასა და აღდგენასთან დაკავშირებით განახლებული ღია მმართველობის სახელმძღვანელოს გაცნობა მონაწილე სახელმწიფოებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ ქვეყნებზე რომელთაც ამ საკითხის მიმართ გამოხატული აქვთ ინტერესი და არსებობს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა.

 

პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სახელმწიფო ორგანიზაციების ღიაობის უზრუნველყოფა, რეფორმების განხორციელება და მოქალაქეთა ინფორმირება და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

OGP-ის წევრი სახელმწიფოების მიერ პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით. ასეთი პრაქტიკის დანერგვა ხელს შეუწყობს OGP-ის Open Recovery და Open Response კამპანიის მეთოდების გაზიარებას და განამტკიცებს ნდობას მთავრობასა და მოქალაქეებს შორის. კერძოდ, IDFI-ს რეკომენდაციითა და OGP-ის საუკეთესო პრინციპებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს შემდეგი ქმედებები:

 

- მოხდეს ინფორმაციის გამოქვეყნება პანდემიის ფარგლებში გაწეული სოციალური დახმარების/შემწეობის/პროდუქტით უზრუნველყოფის შესახებ; გასაჯაროვდეს ინფორმაცია აღნიშნული ფინანსური დახმარებების წყაროების შესახებ;

 

- დროულად გასაჯაროვდეს ინფორმაცია სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის ფარგლებში გაფორმებული მომსახურების/საქონლის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესახებ, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მიეცეთ ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა;

 

- შეიქმნას პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების დაძლევის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის შემუშავების უწყებათაშორისი პლატფორმა, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგს და საფუძველს დაუდებს პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების ეფექტურ გადაჭრას;

 

- ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტი მოვიდეს შესაბამისობაში პანდემიის გამოწვევებსა და მასთან ბრძოლის საჭიროებებთან;

 

- საჯარო დაწესებულებების მხრიდან საკუთარ ვებგვერდებზემოხდეს IDFI-ს მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის მისია განსაკუთრებით აქტუალურია პანდემიის დროს. პარტნიორობის წინაშე მდგარი ამოცანები მოითხოვენ არსებულ პრობლემებზე მთავრობების ეფექტურ რეაგირებას, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს ახალ სამოქმედო გეგმებში. პანდემიამ გამოავლინა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები, არამედ განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩინა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაზეც OGP დაფუძნების დღიდან მუშაობს. სამოქმედო გეგმების წარდგენის ვადის გადაწევა არის შესაძლებლობა რომლითაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს, და არსებული დრო გამოიყენოს გამოწვევების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული ვალდებულებების ჩამოყალიბებისა და განხორცი

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024