ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), რომელიც ხელისუფლების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს მიზნად და 69 სახელმწიფოს აერთიანებს, მმართველ კომიტეტში (Steering Committee) სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს ირჩევს.
მმართველი კომიტეტი OGP-ის აღმასრულებელი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და მისი მთავარი მისიაა ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დაცვა და გავრცელება. მმართველი კომიტეტი პასუხისმგებელია ღია მმართველობის პარტნიორობის საქმიანობის მეთვალყურეობაზე, პოლიტიკისა და თანამშრომლობის წესების განსაზღვრაზე.
მმართველი კომიტეტი 22 წევრისგან შედგება - 11 მთავრობისა და 11 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. წევრები კომიტეტში სამი წლით აირჩევიან, ვადის 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
კომიტეტში სამოქალაქო საზოგადოების 6 ვაკანტური ადგილია და წევრობისთვის ნომინაციის გაკეთება OGP-ის მეილზე საჭირო დოკუმენტების გაგზავნით იყო შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი რომ გახდეს მმართველი კომიტეტის წევრი, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:
• საერთაშორისო არენაზე აქტიური ჩართულობა, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ეფექტიანი ურთიერთობა;
• საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებისა და ინტერესების წარმოდგენა;
• ღია მმართველობის პარტნიორობის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების პროაქტიულად და ცხადად წარმოჩენა.
ნომინირებული კანდიდატების არჩევა აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება 19-დან 29 თებერვლამდე. ხოლო ნახევარფინალში გასული კანდიდატების გადარჩევა განხორციელდება ინტერვიუს საფუძველზე. ახალი წევრები მმართველ კომიტეტში საქმიანობას 2016 წლიდან დაიწყებენ.
კონკურსში მონაწილეობას იღებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობასთან მიერთების დღიდან აქტიურად არის ჩართული OGP-სთან დაკავშირებულ სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონულ თუ ადგილობრივ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში და არის OGP-ის საქართველოს ფორუმის (Open Government Georgia Forum ) თავმჯდომარე და საქართველოს ღია და მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ორგანიზაციის - IDFI - დირექტორი. ამავდროულად, IDFI აღიარებულია, როგორც საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერი ორგანიზაცია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ოქტომბერში, მექსიკაში გამართულ ღია მმართველობის პარტნიორობის წლიურ გლობალურ სამიტზე, IDFI-მ საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი წარადგინა ნომინაციაზე - საუკეთესო საპარლამენტო გუნდი, რომელიც ყველაზე აქტიურად თანამშრომლობდა და ითვალისწინებდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ინიციატივების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. აღნიშნულ ნომინაციაში ინტერ-ფრაქციულმა ჯგუფმა გაიმარჯვა და მოიპოვა OGP-ის ჯილდო. IDFI-ს კოორდინაციით და გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით განხორციელდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2015-2016 შემუშავება.