ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მთავრობების სამოქმედო გეგმების შესრულების დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის (IRM-Independent Reporting Mechanism) ანგარიშები მეორე ჯგუფის ქვეყნებისთვის (ქვეყნები, რომლებიც შეურთდნენ ღია მმართველობის პარტნიორობას 2012 წლის აპრილში). მათ შორისაა ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მოამზადა დამოუკიდებელმა ექპერტმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლაშა გოგიძემ.
IRM-ის ანგარიშები უნდა ეყრდნობოდეს ორ დოკუმენტს: ქვეყნის სამოქმედო გეგმასა და საქართველოს მთავრობის თვით-შეფასების ანგარიშს. საქართველო ამ უკანასკნელის მზადების პროცესში იყო, შესაბამისად, ანგარიში დაეყრდნო მხოლოდ სამოქმედო გეგმასა და მის შეფასებებს. იმისთვის, რომ პროცესის სხვა დაინტერესებული მხარეების პოზიციების შეეფასებინა, ლაშა გოგიძემ მოაწყო ორი ფორუმი თბილისში, რომლებიც ჩატარდა ფოკუს-ჯგუფის ფორმატში.
ანგარიში მოიცავს საქართველოს სამოქმედო გეგმის განვითარებისა და განხორციელების პროცესს ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში 2012-2013 წლებში. ის შედგება ექვსი ნაწილისგან – არსებული სიტუაციის შეფასება, სამოქმედო გეგმის განვითარების პროცესის შეფასება, კონსულტაციები უშუალო განხორციელების პროცესში, შესრულებული ვალდებულებები, თვით-შეფასებისთვის განსახორციელებელი ქმედებების სია და სამომავლო პრიორიტეტები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვალებულება წარმატებით ან ნაწილობრივ შესრულდა, კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი.
წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სამოქმედო გეგმის განვითარების პროცესი არ ყოფილა განსაკუთრებულად ინტერაქტიული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა აწყობდა პირად კონსულტაციებსა და რეგულარულ ფორუმებს, მან ვერ მოახერხა წინასწარ მოემზადებინა დროში გაწერილი გრაფიკი და პროცესის აღწერა, აემაღლებინა ცნობიერება ღია მმართველობის პარტნიორობის შესახებ, მოეწყო ონლაინ კონსულტაციები და გამოექვეყნებინა კომენტარების შეჯამება. სამოქმედო გეგმა შემუშავდა არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ჯგუფთან ერთად. ანგარიში ამ პროცესს დეტალურად გვაცნობს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები ახალი არ ყოფილა (ანუ, დაგეგმილი არ ყოფილა სპეციალურად ღია მმართველობის პარტნიორობისთვის), არამედ იყო დაგეგმილი ანტი-კორუფციული რეფორმების ნაწილი. ანგარიშში მოცემულია საქართველოს მთავრობის მიერ პირველი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ყველა ვალდებულების სია. სულ 12 ვალდებულებიდან სამი სრულად იქნა შესრულებული. დოკუმენტი დეტალურად განიხილავს თითოეულ ვალდებულებას, აღწერას, მათი განხორციელებისთვის გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, მათ გავლენას, სტატუსს ღია მმართველობის პარტნიორობის 2012-2013 წლების ეტაპის დასასრულისთვის და სავარაუდო სამომავლო ნაბიჯებს.
კონსულტაციის პროცესი ძირითადად მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმს, რომლის წევრებიც იყვნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის, ახალი ხედვა საქართველო, ჯამპსტარტ საქართველო და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ლაშა გოგიძის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმმა უმეტესწილად ვერ მოახერხა განხორციელების პროცესის კოორდინაცია.
ანგარიშის ბოლო ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომდევნო სამოქმედო გეგმის სრული და წარმატებული განხორციელება. ახალი სამოქმედო გეგმა ახლა მუშავდება საქართველოს მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით.