OGP-ის დეკემბრის თვის რჩეული ვალდებულება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 დეკემბერი 2015

ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP) დეკემბრის საინფორმაციო ბიულეტენში ყველაზე პოპულარული OGP ვალდებულება გამოაქვეყნა და ეს ტიტული უკრაინის 2014-2015 წლების ეროვნულმა სამოქმედო გეგმის ვალდებულებამ მოიპოვა, რომელიც კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობის დარეგულირებას ისახავს მიზნად.


საბჭოთა დროინდელი საიდუმლო სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ მგრძნობიარე საკითხს წარმოადგენს და მრავალი არქივი დახურულია მკვლევარებისთვის ან რთულია მასალის მოპოვება. აღნიშნული დოკუმენტები სხვადასხვა ინსტიტუტებშია გაბნეული და მათი სათანადო ადმინისტრირება არ ხორციელდება, რადგან უკრაინის კანონმდებლობა არქივებზე ხელმისაწვდომობის შესახებ არ უზრუნველყოფს ეფექტიან მექანიზმებს.


2014 წელს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში მართვის ახალი სისტემა დაინერგა, რომელიც კომუნისტური ეპოქის არქივებზე მარტივი ხელმისაწვდომობის პოლიტიკას უჭერდა მხარს, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არსებული ლეგალური დაბრკოლებები მნიშვნელოვნად აფერხებს დოკუმენტებზე წვდომას.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკრაინაში კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობის გაადვილების მიზნით კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა არის სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ოფიციალური ნაბიჯი, რადგან სამოქმედო გეგმაში კომუნისტურ არქივებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.


არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უკრაინის „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას ისახავს მიზნად, უკრაინის რადას 2015 წლის აპრილის დასაწყისში წარედგინა და რამდენიმე დღეში (2015 წლის 9 აპრილს) რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი. თუმცა, მთავრობამ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულების განხორციელების ვადებს უკვე გადააცილა.


კანონი 1917-1991 წლების კომუნისტურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიული ორგანოების არქივებზე ხელმისაწვდომობის შესახებ კონკრეტულ პროცედურებს განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, სამართალდამცავმა ორგანოებმა მათ მფლობელობაში არსებული მნიშვნელოვანი არქივები სპეციალურ სახელმწიფო არქივს უნდა გადასცენ, რათა ეს დოკუმენტაცია უკრაინის „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა“ მართოს.


უკრაინა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა და ამჟამად, მე-2 ეროვნულ სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მუშაობს, რომელიც 2014-2015 წლებზეა გათვლილი.


აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავებული ვალდებულებების განხორციელებაში მონაწილეობის თვალსაზრისით გაიზარდა, რამდენადაც გაჩნდა კორუფციის აღმოფხვრის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მოლოდინი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაციები აძლიერებენ ადვოკატირების პოლიტიკას, რათა ძირეული ადმინისტრაციული და სტრუქტურული რეფორმები გატარებდეს და გაიზარდოს მთავრობის ღიაობა და ანგარიშვალდებულება.


2015 წლის მარტში, საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინამ ჩაატარა კვლევა, სადაც გამოჩნდა, რომ უკრაინაში ღია მმართველობის პრინციპების 68.4%-ია კანონმდებლობით დარეგულირებული, თუმცა პრაქტიკაში მხოლოდ 51.7% ხორციელდება. ამასთანავე, საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინამ, 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, საჯარო წერილი გაუგზავნა პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკს, სადაც გაცხადებული იყო მოთხოვნა, რომ ახალ მთავრობას გადაეხედა და მხარი დაეჭირა ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივების შესრულებისთვის. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პრემიერ მინისტრს სთხოვდნენ ღია მმართველობის საკოორდინაციო საბჭოს ძველი შემადგენლობის განახლებას, რადგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საბჭოს ძველი შემადგენლობა პასიურობით გამოირჩევა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ აღნიშნული საბჭოა პასუხისმგებელი ღია მმართველობის პრინციპების განხორციელებაზე და არსით ქმედით ორგანოს წარმოადგენს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომუნისტური ეპოქის არქივებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია. მეტიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 საქართველოს სამოქმედო გეგმით პასუხისმგებლობა აიღო მსგავსი დოკუმენტების დახარისხებასა და გამოქვეყნებაზე. სამოქმედო გეგმაში ,,ვალდებულება 24: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის შექმნა და გამოქვეყნება," რომლის ინიციატორია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), მითითებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც აერთიანებს ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებს, ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და ძნელად ხელმისაწვდომ ინსტიტუტს წარმოადგენდა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ისე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. არქივებისადმი მაღალი საზოგადოებრივი და სამეცნიერო ინტერესის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა აიღო ზემოთ ხსენებული ვალდებულება, რათა მოეხდინა ყოფილი უშიშროების კომიტეტში დაცული დოკუმენტების დახარისხება თანამედროვე კატალოგიზაციის სისტემით.


დღეისათვის შსს-ს არქივს მრავალი ინიციატივა აქვს ამ მიმართულებით განხორციელებული, მაგალითად, სპეციალური გამოცემა "საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია", რომელიც სტატიების კრებულია და 1921-1989 წლებს ასახავს. ასევე, შსს-ს არქივს ეკუთვნის ,,რეპრესირებულთა ისტორიები," ,,მძიმე არქივი," ,,იპოვე შენი წინაპარი" და სხვა.


არქივში დაცული მონაცემები ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა და მათი ნაწილის გაცნობა ციფრულ ფორმატშია შესაძლებელი, ხოლო დარჩენილი ნაწილის დიგიტალიზაცია მიმდინარეობს.


ასევე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2011-2012 წლებში განახორციელა პროექტი ,,სტალინის სიები საქართველოზე." პროექტი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოძიებულ იქნა 3,616 პირის შესახებ ფოტო და დოკუმენტური მასალა. სამომავლოდ იგეგმება მოძიებული მასალის წიგნად გამოცემა, სადაც ასახული იქნება 1937-1938 წლების ,,დიდი ტერორის" მსხვერპლთა შესახებ მონაცემები, რომლებიც უშუალოდ სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით გასამართლდნენ.


IDFI-ს არაერთხელ გაუმართავს დოკუმენტური და ფოტო მასალის გამოფენა საბჭოთა პერიოდის რეპრესიების შესახებ თბილისსა თუ რუსთავში, რომელიც ინსტიტუტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, შსს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოება ,,საქართველოს მემორიალის" არქივებში მოიძია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024