1921 წლის ოკუპაცია და „პერესტროიკის“ ხანის ქართული გაზეთები

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | ბლოგპოსტები 10 მარტი 2021

ანალიტიკური სტატიის ავტორია ლეილა ჩხეტიანი და ის დაიწერა კონკურსისთვის „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ლეილა ჩხეტიანი არის კონკურსის გამარჯვებული - II ადგილის მფლობელი.

 

 

“მეხსიერება იკვებება ისტორიით და, ამავედროს, ამარაგებს მას საწვავით. იგი ესწრაფვის წარსულის შენახვას, რათა ემსახუროს აწმყოსა და მომავალს” ამბობს ჟაკ ლე გოფი[1]. მართლაც,საზოგადოება ისტორიული წარსულის გააზრებით საკუთარ იდენტობას აყალიბებს, ხოლო თუ კონსტრუქტივიზმს[2] დავუჯერებთ, საზოგადოებების ქცევა მათი იდენტობიდან გამომდინარეობს. შესაბამისად ისტორიული და კოლექტიური მეხსიერება უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში. ჯორჯ ორუელის მიხედვით, “ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალსაც”[3]. ყველაზე გონიერი დამპყრობელი კი ისტორიას და წარსულს გართმევს, ვინაიდან ასეთ საზოგადოებას დასაყრდენი ეცლება და ვერ ახერხებს ბორკილებისგან გათავისუფლებას.

 

1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წითელმა არმიამ დაიპყრო და იგი მალე საბჭოთა კავშირის ნაწილად აქცია. ამას არ დასჯერდა ტოტალიტარი მმართველი და ყველა შესაძლო საშუალებით საქართველოს უახლესი ისტორიის გაუფერულებას შეეცადა. საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდით, შავი პიარით, საბჭოური მითებითა და ძალდატანებით შეცვლილი მოგონებებით ცდილობდა საზოგადოების მეხსიერებაში გაექრო  დამოუკიდებლობის 3 წელი და მისი სიდიადე. მალე დღესასწაულად არა 26 მაისი, არამედ 25 თებერვალი იქცა, როგორც მენშევიკური დიქტატურისგან გათავისუფლების დღე. თავად „მენშევიზმი“ კი სახელმწიფოს მტრობის ტოლფას ცნებად გამოცხადდა. ათწლეულების განმავლობაში კი თაობებს შეცვლილი, დამახინჯებული ისტორია მიეწოდებოდათ.

 

ყველა იმპერია ინგრევა და გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი ყოფილა. მონოლითურმა სისტემამ თანდათან რღვევა დაიწყო. 1975 წელს მიიღეს ჰელსინკის აქტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი შეთანხმება იყო სსრკ-ის წევრი სახელმწიფოებისათვის, ვინაიდან იგი დისიდენტურ და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს გზას უხსნიდა. ამ პერიოდიდან იწყება დაუმორჩილებლობის პირველი ტალღა.


1985 წელს სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი მიხეილ გორბაჩოვი გახდა. მისი ახალი პოლიტიკური კურსი საბჭოთა კავშირის გარდაქმნას ემსახურებოდა. მან დაიწყო ე.წ გარდაქმნის ხანა ანუ „პერესტროიკა“, რომლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი საჯაროობა ანუ “გლასნოსტი” იყო. საზოგადოება მანამდე ტაბუდადებულ თემებზე ალაპარაკდა, ინფორმაცია ბევრად ხელმისაწვდომი გახდა და, შესაბამისად, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გაცხადდა მანამდე უცნობი ფაქტები.

 

საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები გაძლიერდა და საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედიაც. ასეთ პირობებში კი, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო წარსულის გადააზრება, ისტორიის სააშკარაოზე გამოტანა და დაკარგული მეხსიერების აღდგენა. სწორედ ეს ეპოქა შეიძლება ჩაითვალოს გარდამტეხ ფაზად, როდესაც იწყება ქართული სახელმწიფოებრიობის გახსენება, წარსულის გადაფასება და, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს ოკუპაციის აღიარება. „პერესტროიკის“ ხანიდან იწყება იმ უზარმაზარი კედლის ნგრევა, რომელსაც  ბოლშევიკები წლების განმავლობაში აშენებდნენ.

 

მონოლითური სისტემის ჩამოშლის შემდეგ, პოსტსოციალისტური სახელმწიფოების დღის წესრიგში ტოტალიტარული წარსულის გააზრების აუცილებლობა, მეხსიერების პოლიტიკის გატარება და ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნა დადგა, რომელიც სამომავლოდ აგვარიდებდა ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის განვითარებას ქვეყანაში. სახელმწიფოთა გარკვეულმა ნაწილმა წარმატებით გაატარა აღნიშნული პოლიტიკა, მაგალითად - ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომაც დაიწყო მეხსიერების პოლიტიკის გატარება, თუმცა აღნიშნული პროცესი დღემდე გარკვეული შეფერხებების თანხლებით ხორციელდება. საბჭოთა წარსულის ობიექტურად გადააზრების გარეშე კი პოსტსოციალისტური სახელმწიფოთა პროგრესი წარმოუდგენელია. როგორც მამარდაშვილი იტყოდა, სარკეში ჩახედვისა და საკუთარი შეცდომების დანახვის გარეშე თავისუფლების გზას ვერ მივაღწევთ[4].

 

ნაშრომის მიზანია „პერესტროიკის“ ხანის გაზეთების შესწავლა და იმის ანალიზი, თუ როგორ აღიქვამდნენ იმდროინდელ საქართველოში 1921 წლის ოკუპაციას და მიაჩნდათ თუ არა საერთოდ ეს მოვლენა ოკუპაციად. კვლევის ობიექტია მედია, ვინაიდან იგი არა მხოლოდ ყოველდღიურ სიახლეებსა და საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს აღწერს, არამედ, ჰეგელის ენაზე რომ ვთქვათ, ეპოქის სულს, Zeitgeist-ს გვიხატავს.

 

პერესტროიკის ხანის ქართული გაზეთები 1921 წლის ოკუპაციაზე

 

პერესტროიკის პირველ წლებში მცირე ტირაჟით იბეჭდებოდა არაპოლიტიკური თემატიკის გაზეთები. 1988-89 წლიდან კი პოლიტიკური შინაარსის გაზეთების რიცხვი ერთი ათად გაიზარდა. ამაზე, აღნიშნული ისტორიული მოვლენების გარდა, 9 აპრილის ტრაგედიამაც იმოქმედა, რამაც ქართული საზოგადოება დააახლოვა და უფრო მეტი სოლიდარობა შესძინა ერთმანეთისა და საერთო წარსულისადმი. 

 

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის მიერ იბეჭდებოდა გაზეთი “ჰოროლი”, რომლის 1989 წლის ერთ-ერთ სტატიაში გაკრიტიკებულია იმდროინდელი საბჭოური საარჩევნო სისტემა. იქვე ვკითხულობთ, რომ 1921 წელს ბოლშევიკური აგრესიით მოხდა საქართველოს ანექსია. ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრად უფრო მეტი შრომა მოუწევს, ვიდრე, მაგალითად, ბალტიისპირეთს, ვინაიდან ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულმა საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, საქართველოს ანექსია კი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურმა რესპუბლიკამ მოახდინა, რომელიც შემდგომში საბჭოთა კავშირად გადაიქცა, დასავლეთმა კი მის უფლებამოსილებაში აღიარა ყველა ის ტერიტორია, რაზეც მან პრეტენზია განაცხადა, მათ შორის - საქართველოც[5].

 

 

"ჰოროლი", 1989წლის 11 ნოემბრის ნომერი.

 

გაზეთი “ჰოროლი” ხშირად საუბრობდა საზოგადოების სახელით და იმდროინდელი საქართველოს მთავარ მიზნად დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენასა და იმპერიის კლანჭებისგან გათავისუფლებას ასახელებდა.

 

საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის შემწეობით იბეჭდებოდა გაზეთი “თავისუფლება”, რომელშიც ხშირად უსვამდნენ ხაზს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციას. 1989 წლის ერთ-ერთ ნომერში განხილულია 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც,რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა რამდენიმე თვეში თავადვე დაარღვია მის მიერვე დადებული შეთანხმება[6].

 

ამავე გაზეთის დეკემბრის ნომერში ნათქვამია, რომ 9 აპრილი ქართველებისთვის უდიდესი ტკივილია, თუმცა მასზე ბევრად უფრო მწარე და მოუშუშებელი იარაა 1921 წლის 25 თებერვალი. სტატიის ავტორი მაშინდელ თბილისს ხაზარების, ჯალალედინისა და მურვან ყრუს შემოსევების დროინდელ პერიოდს ადარებს. ამავე ნომერში გამოქვეყნებულია სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ “ერთობის” 1921 წლის 23 თებერვლის დროინდელი მოგონებები, რომელშიც ოკუპაციის მოვლენებია აღწერილი.  მათ შორის ნახსენებია ანტიბოლშევიკური ადგილობრივი გამოსვლების ისტორიები. ამავე გაზეთში გააჟღერეს დამფუძნებელი კრების ნებისყოფა და პრინციპულობა, ასევე, გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას სიტყვაც[7], რაც მანამდე საბჭოთა პრესისთვის არათუ იშვიათობა, არამედ წარმოუდგენელიც კი იყო.

 

1989 წელს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების სახელით იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“, რომელშიც ეროვნული მოტივები იყო გაცხადებული. ბუნებრივია, გაზეთის რედაქცია მოურიდებლად წერდა საქართველოს დაკარგულ დამოუკიდებლობასა და ოკუპაციაზე. 1989 წლის 12 სექტემბრის ნომერი 1924 წლის აჯანყების გახსენებით იწყება. ავტორი მიმოიხილავს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც ქართველი ერი 1921-24 წლებში  აღმოჩნდა, როდესაც სასტიკად დევნიდნენ და ხოცავდნენ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს. 1921 წელს დაწყებულ ანექსიას ავტორი გენოციდს უწოდებს, ხოლო, პირველ რესპუბლიკას - პატიმარს, რომელიც ციხიდან გაქცევის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს. [8]

 

 

"ივერია", 1989 წლის 12 სექტემბრის ნომერი. 

 

დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს 1989 წელს ეროვნული ხსნის კომიტეტის თაოსნობით გამოსული გაზეთი “ქართვლის დედა”, რომლის 6 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია ისტორიული დეპეშები, რომელიც მანამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ლენინის მიერ დაწერილ დეპეშაში დასახელებულია ახლადშექმნილი სახელმწიფოს საზღვრები, სადაც საქართველო არა დამოუკიდებელ რეგიონად, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის გაერთიანებით შექმნილი ერთობის ნაწილადაა მოხსენიებული. მე-11 არმიის დეპეშაში კი ვკითხულობთ, რომ მათი დავალება საქართველოში მიმდინარე აჯანყებისათვის დახმარებაა. [9]აღნიშნული ისტორიული წყაროების გამჟღავნება ცხადყოფს ბოლშევიკების ინტერვენციონისტულ მიზნებს და არა მათ განმათავისუფლებელ მოტივებს, რომელსაც წლების განმავლობაში აჯერებდნენ ქართველ ხალხს.

 

 

 ქართვლის დედა, 1989 წლის 6 ნოემბრის ნომერი.

 

ახალგაზრდულ-საზოგადოებრივი გაზეთის “ახალგაზრდა ივერიელის” 1990 წლის ნომრებში არათუ მოხსენიებულია 1921 წლის 25 თებერვალი, როგორც ოკუპაციის დღე, არამედ დამატებით ჩაწერილია ინტერვიუ ჟურნალისტ-ლიტერატორ ალექსანდრე მახარაძესთან, რომელიც პირველი რესპუბლიკის წლებს იხსენებს. აღნიშნული ქმედება უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან იმდროინდელ უახლოეს წარსულში მთლიანად მივიწყებული იყო რესპუბლიკის ყოფითი მოვლენები და ყოველდღიური ცხოვრება. ალექსანდრე მახარაძე ხაზს უსვამს იმდროინდელი საქართველოს დემოკრატიულობასა და პროგრესულობას, თუ რამდენად დადებითად შეხვდა დამოუკიდებლობის აღდგენას მთელი ქართული საზოგადოება და რამდენად ეთნიკურად მრავალფეროვანი იყო იმდროინდელი პოლიტიკური ელიტა და მთლიანად საზოგადოება. ასევე, განხილულია რესპუბლიკის ურბანული ცხოვრების დეტალებიც.[10] თუმცა, აღნიშნული ინტერვიუ არ არის ბოლომდე ნეიტრალური, რესპოდენტი აღიარებს კიდეც, რომ იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კრიტიკას ეთანხმება. მის პათოსში იგრძნობა საბჭოური პროპაგანდის გავლენა. ბუნებრივია, ამდენწლიანი „გაშავების კამპანია“ უკვალოდ ვერ ჩაივლიდა და რესპოდენტი ჟორდანიასა და სხვებზე საუბრისას ფრთხილობს. იგი ვერ უარყოფს ფაქტს, რომ სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური შეხედულებები საქართველოსთვის სასიკეთოდ შემობრუნდა, თუმცა მისი აზრით, ეს ცვლილება საკმარისი არ აღმოჩნდა, რისი დასტურიც ოკუპაციის შემდეგ საზღვარგარეთ მათი მოღვაწეობაა. ალექსანდრე მახარაძე დასტურია იმისა, თუ როგორი წარმოდგენა ჰქონდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებას არა ოკუპაციაზე (აქ ყველა თანხმდებოდა), არამედ პირველი რესპუბლიკის შემქმნელებზე - ისინი ვერ გაურბიან მათ დამსახურებას დამოუკიდებლობის მოპოვებისა და კონსტიტუციის შექმნის საქმეში და ამავე დროს უჭირთ საბჭოური მითებისგან თავის დაღწევა - იმ მითებისგან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის მთავრობა არაპატრიოტი და უძლური იყო, რომლის უმწეობამ იმსხვერპლა ქართველი ხალხის კეთილდღეობა.

 

 

ახალგაზრდა ივერიელი, 1990 წლის 26 მაისის ნომერი.

 

„ახალგაზრდა ივერიელის“ 1990 წლის რამდენიმე ნომერში, კერძოდ, პაატა სურგულაძის სტატიებში ობიექტურადაა გააზრებული და გადმოცემული პირველი რესპუბლიკის სოციალური პრობლემები და გამოწვევები, ასევე საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიღწევები[11]. დანახულია როგორც ხელისუფლების პოზიტიური ქმედებანი, ისე არსებული მძიმე საერთაშორისო მდგომარეობა. მსგავსი ტიპის სტატიები დიდი მიღწევაა იმდროინდელი პრესისათვის, რადგან იგი ცდილობს მაქსიმალურად ობიექტურად და ცივი გონებით შეაფასოს მაშინდელი მდგომარეობა.

 

ათწლეულობით დამკვიდრებული წესრიგის რღვევის გამოხატულებაა ისიც, რომ პოლიტიკურ თემატიკაზე ალაპარაკდა არაპოლიტიკური თემატიკის გაზეთებიც. “ლიტერატურული საქართველოს” 1990 წლის ნომერში დეტალურად და ქრონოლოგიურადაა აღწერილი საქართველოს ოკუპაცია და განდიდებულია დამოუკიდებლობის წლები - “26 მაისს ვერასოდეს დაჩრდილავს სუსხიანი 25 თებერვალი”[12]. ამავე ნომერში ავტორები იხსენებენ პირველი რესპუბლიკის გენერალს გიორგი მაზნიაშვილს და ახლებურად იაზრებენ მის მოღვაწეობას. [13]

 

ქართული საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების დასტურია ისიც, რომ კომკავშირული გაზეთი “ახალგაზრდა კომუნისტი” 1921 წლის ოკუპაციაზე იწყებს წერას. 1990 წლის თებერვლის ნომერში, მალხაზ მაცაბერიძის სტატიაში პირველი რესპუბლიკის დროინდელი პრესის დახმარებით აღწერილია ანექსიის დინამიკა[14], რაც მკითხველს მოვლენათა ობიექტურად შეფასების საშუალებას აძლევს. თებერვლის მოვლენებზე წერს საქართველოს მონარქისტული პარტიის მიერ გამოცემულ გაზეთ “ძლევაის” 1990 წლის ნომერიც, რომელშიც გიორგი მაზნიაშვილის ჩანაწერებია განხილული.[15]

 

სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფების შემწეობით, ჩნდება გაზეთები “სარანგი”, “ქარიშხალი” და სხვანი. მიუხედავად მათი განსხვავებული იდეოლოგიისა, გაზეთები თანხმდებოდნენ საერთო ისტორიულ წარსულზე.

 

1991 წელს საქართველომ საბოლოოდ აღიდგინა დამოუკიდებლობა. სუვერენულ სახელმწიფოში, რომლის სათავეში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოვიდა, იკლო იმ გაზეთების რიცხვმაც, რომელთა დღის წესრიგში ბოლშევიკური ტერორის გამართლება იყო. გაზეთები “ახალგაზრდა ივერიელი”, “საქართველოს რესპუბლიკა”, “ოქროს საწმისი” - დაუფარავად საუბრობდნენ 1921 წლის ოკუპაციაზე.

 

 

 

საქართველოს რესპუბლიკა,1991 წლის 23 თებერვალი, სტატია მარო მაყაშვილზე.

 

იმის ფონზე, რომ წლების განმავლობაში ქართულ გაზეთებში არც ერთი სიტყვა არ იბეჭდებოდა 1921 წლის ოკუპაციის მოსაგონებლად ან თუ იბეჭდებოდა, მისი მიზანი ფაქტების დამახინჯება და ანტიმენშევიკური პათოსის გაღვივება იყო, „პერესტროიკის“ წლებში დაარსებული გაზეთები შეიძლება გარდამტეხ მოვლენად ჩავთვალოთ, ვინაიდან წლობით დუმილის შემდეგ, ქართველი ხალხი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა 1921 წლის ოკუპაციაზე. აღნიშნული მოვლენა უთუოდ პოზიტიურად უნდა შევაფასოთ, თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს. საზოგადოების უმეტესობა ერთხმად აღიარებდა 1921 წლის ოკუპაციას, თუმცა ქართველი ერი ასეთი ერთსულოვნებით არ გამოირჩეოდა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების შეფასებისას. ბევრს ისევ სჯეროდა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეთხზული მითებისა (ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, საქართველოს მიყიდვა დასავლური კაპიტალისტებისთვის, ხელისუფლების არაეროვნული მსოფლმხედველობა და სხვა).


პერესტროიკის წლებში საზოგადოება დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციის აღდგენას მოითხოვდა, თუმცა არც თუ ისე ხშირად წერდნენ თავად ამ რესპუბლიკისა და კონსტიტუციის შემოქმედებზე. ალაგ-ალაგ თუ წავაწყდებით გაზეთებში დადებითად მოხსენიებულ ნოე ჟორდანიას, კარლო ჩხეიძეს, აკაკი ჩხენკელს, ევგენი გეგეჭკორსა და სხვებს. ჰელსინკის აქტისა და პერესტროიკის წლებში ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ისტორიული მეხსიერებისა და წარსულის აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს პროცესი სრულყოფილი არ იყო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საბჭოური მითები ჯერ კიდევ ცოცხლობდა საზოგადოებაში. "დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველო", "პირველი კონსტიტუცია" განყენებული ცნებები იყო, ქართველი ხალხი აღიარებდა მათ სიდიადეს, თუმცა სათანადოდ არ საუბრობდა მათ შემქმნელებზე.

 

ამ რიტორიკის მსხვერპლი იყო არა რიგითი ქართველი, არამედ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც კი. იგი 1990 წლის გამოსვლაში[16] აქებს პირველ რესპუბლიკას, დამოუკიდებლობის 3 წელიწადსა და საქართველოს პირველ კონსტიტუციას, თუმცა ყოველივე ამის შემქმნელს,სოციალ-დემოკრატიულ პარტიასდა მის ხედვასიგი "ბარაბას გზას"ადარებს.ქრისტეს გზიდან (იგულისხმება ილია ჭავჭავაძე) გადახვევის გამო კი ღმერთმა საბჭოთა 70 წლიანი პატიმრობა მოგვისაჯა[17].

 

დასკვნა

 

1921 წლის ოკუპაცია წლების განმავლობაში მივიწყებული და უკუგდებული იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ. არაფერი იბეჭდებოდა 26 მაისისა და პირველი რესპუბლიკის შესახებ. ამ ყოველივეს ფონზე პერესტროიკის ხანაში მიღწეული პროგრესი მართლაც რომ აღსანიშნავია და გარდამტეხ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. ჰელსინკის აქტის შემდეგ და უკვე გარდაქმნის ხანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებდა 1921 წელს, როგორც ოკუპაციას საბჭოთა რუსეთის მიერ, ამის დასტური იმ პერიოდის გაზეთის ფურცლებია, რომელშიც თამამად, ცენზურის შიშის გარეშე გაცხადებულია ტრაგიკული ისტორია. ეს ქართული ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბების გარდამტეხ ფაზად უნდა ჩავთვალოთ, ამ პერიოდში იწყებს ქართველი ხალხი ქართული სახელმწიფოებრიობის გახსენებას, თუმცა იმ ეპოქაში ქართველი ხალხი  ჯერ კიდევ არ იყო გადააზრების პროცესის იმ ეტაპზე, როცა დამოუკიდებლად იტყოდა უარს საბჭოურ მითებზე, ობიექტურად შეაფასებდა პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას და განყენებულად არ შეაქებდა დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.

 

თანამედროვე საქართველოში უსიტყვოდ აღიარებენ 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ანექსიას. რაც შეეხება პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას, ამ საკითხში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა საზოგადოებამ დიდი პროგრესი განიცადა და დააფასა პირველი რესპუბლიკის ღვაწლმოსილი მოღვაწეები. მიუხედავად ამისა, გარკვეული საბჭოური მითები, სტერეოტიპები და სუბიექტურად შენიღბული ისტორიული შეხედულებები დღევანდელ საზოგადოებაშიც არსებობს. ჩვენი მიზანი კი სწორედ საკუთარი ისტორიის მაქსიმალურად ობიექტურად დანახვა უნდა იყოს, ვინაიდან სწორად გააზრებული ისტორიული წარსული  საზოგადოების განვითარებისა და პროგრესის საწინდარია.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

 

[1] Jacques Le Goff, History and Memory (New York: Columbia University Press, 1992), 108.

[2]საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, რომლის მიხედვით აქტორის ქცევას მისი იდენტობა განსაზღვრავს. https://www.britannica.com/topic/constructivism-international-relations

[3] George Orwell, 1984 ( London: Secker & Warburg, 1949), 44.

[4]ზაალ ანდრონიკაშვილი, “არაოკუპაციას”, რადიოთავისუფლება, თებერვალი 24, 2013.

https://www.radiotavisupleba.ge/a/blog-zaal-andronikashvili-occupation/24911354.html

[5]ირაკლიშელია, “საბჭოთა არჩევნები - დაპყრობა უომრად”, ჰოროლი, ნოემბერი 11, 1989, 3.

[6] “საქართველოს თავისუფლების უკანასკნელი დღეები”, თავისუფლება, დეკემბერი, 1989, 1-3.  

[7]იქვე.

[8]კახა ბერკახაძე, “1924”, ივერია, სექტემბერი 12, 1989, 1.

[9] “როდის და ვინ ამზადებდა საქართველოს ოკუპაციას”, ქართვლი სდედა, ნოემბერი 6, 1989, 4.

[10]გვანჯი მანია, “ასე ვცხოვრობდით თავისუფალ საქართველოში”, ახალგა ზრდაივერიელი, მაისი 26, 1990, 2-3.

[11]პაატა სურგულაძე, “დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო პოლიტიკა”, ახალგაზრდა ივერიელი, ივნისი 2, 1990, 4.

[12]ნესტან კირთაძე, “26 მაისს ვერასოდეს დაჩრდილავს სუსხიანი 25 თებერვალი”,

[13]როსტომ ჩხეიძე და ელიზბარ მაისურაძე, “გიორგი მაზნიაშვილის გახსენება”, ლიტერატურული საქართველო, თებერვალი 23, 1990, 5.

[14]მალხაზ მაცაბერიძე, “1921 წლის თებერვალი”, ახალგაზრდა კომუნისტი, თებერვალი 20, 1990, 5.

[15]“შემოდიოდა სიკვდილი ცელით”, ძლევაი, თებერვალი 13-26, 1990, 3.

[16] “საბჭოური პროპაგანდა, როგორც - ტრადიცია”, საზოგადოებრივი არქივი, ბოლო ნახვა თებერვალი 17, 2021. http://archive.ge/ka/blog/105

[17] 1991 წლიდან ზვიად გამსახურდიას რიტორიკა იცვლება, იგი სათავეში მოდის და ობიეტურად მოიხსენიებს მათ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024