მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 11 თებერვალი 2022

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. ეს აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.[1] კანონის თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, და მის მოადგილეებს.[2] ლონდა თოლორაია აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წელს აირჩია 6 წლის ვადით.[3] აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონპროექტს.[4] ამ პროცესს შემაშფოთებელი და ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელ ინსტიტუტების დამაზიანებელი უწოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.[5]

 

ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 28 იანვარს დაარეგისტრირა.[6] მოსარჩელე ითხოვს მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქმის დაჩქარებულ განხილვას და გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერაბას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.[7]

 

კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“[8] ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“.[9] აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს.[10]

 

აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინიებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.

 

მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს ლონდა თოლორაიას კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. აღნიშნული აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნება და შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

ღია საზოგადოების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

 

 

___

[1] პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა - სამსახური მუშაობას 2022 წლის 1-ელი მარტიდან შეწყვეტს, ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/690675-parlamentma-saxelmcipo-inspektoris-samsaxuris-gaukmebis-shesaxeb-kanonproekti-mesame-mosmenit-daamtkica-samsaxuri-mushaobas-2022-clis-1-eli-martidan-shecqvets/, წვდომის თარიღი: 10.02.2022.

 

[2] იქვე.

 

[3] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ხელმისაწვდომია: https://personaldata.ge/ka/about-us, წვდომის თარიღი: 10.02.2022.

 

[4] ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/life/586449/, წვდომის თარიღი: 10.02.2022.

 

[5] United Nations concerned over the decision of Georgian authorities to abolish the State Inspector’s Service, available at: https://georgia.un.org/en/168152-united-nations-concerned-over-decision-georgian-authorities-abolish-state-inspectors-service, accessed on: 10.02.2022.

 

[6] ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13074, წვდომის თარიღი: 10.02.2022.

 

[7] იქვე.

 

[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

 

[9] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

 

[10] იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება. ამავე საქმეზე მიღებული საოქმო ჩანაწერით საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა იმ ნორმატიული აქტის მოქმედება, რომელიც იწვევდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024